"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული

"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული

ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განუცხადა, რომელიც ამჟამად ჭუბერის თემის ცენტრში იმყოფება.

მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა მოსახლე გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

„10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ის კვლავ გზის სავალ ნაწილზე მიედინება და არა კალაპოტში.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა შამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.

იხილეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში

მესტიის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განაცხადა, რომ სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.

„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, - თქვა ვიბლიანმა.

ფოტო: ხატია მიქიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია