ავტორი:

მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი

მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი

ორი წლის წინ საფრანგეთში შანელის ბრენდის საიუბილეო წიგნი დაიბეჭდა, სადაც ერთი დიდი თავი პოლონური წარმოშობის ქართველ მხატვარს - ილია ზდანევიჩს მიეძღვნა...

ამჯერად მზადდება გამოფენა და კატალოგი - ილიაზდი და პიკასო, რომელსაც ისევ "შანელის" სახლი უშვებს და აფინანსებს... ილია ზდანევიჩის პირველი მეუღლე ლეგენდარული დიზაინერის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული... როგორი მეგობრობა აკავშირებდა ილიაზდის შანელთან და პიკასოსთან - ამის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს ხელოვნებათმცოდნე ნანა შერვაშიძე უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

1921 წლის ოქტომბერში პარიზში ჩასვლისას ილია ზდანევიჩი მიხეილ ლარიონოვის ბინაში ცხოვრობდა, სენის ქუჩა #43-ში. იგი ლარიონოვის საშუალებით დაუკავშირდა პარიზში მყოფ რუს ხელოვანებს, ლიტერატორებსა და მხატვრებს. გაიცნო და დაუმეგობრდა პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, დადაისტებს. თუმცა, პარიზმა ილიას იმედები გაუცრუა. პარიზული არტისტული ცხოვრება დიდად განსხვავდებოდა მის წარმოდგენაში არსებულისგან, მაგრამ ბუნებით აქტიურმა ილიამ, პარიზში ჩასვლიდან მეთხუთმეტე დღეს მომღერალ მარია ოლენინა-დ’ალჰეიმის ბინაში მოაწყო კონფერენცია და ფრანგულ ენაზე წაიკითხა მოხსენება - "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში"...

ილიას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მალე რობერ დელონეს უკრაინელი მეუღლის, სონია ტერკ-დელონესგან შეკვეთა მიიღო და ქსოვილების ნახატის ესკიზებს ასრულებდა. ვერა სუდეიკინას მოსასხამისთვის რუსულსა და ფრანგულ ენებზე ზაუმური ლექსის გამოყენებით ესკიზიც შექმნა. 1925 წელს ილიაზდი პარიზში რუს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გახდა. ის იყო პარიზში რუსული საქველმოქმედო, კოსტიუმირებული მეჯლისების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხატვარი.

ილია ზდანევიჩის საფლავი ლევილში

1927 წელს ილიაზდი ქსოვილის მხატვრად დარეგისტრირდა პარიზის სამეწარმეო პალატის ოფიციალურ რეესტრში. სონია დელონეს რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო პიკასოს მუზის - მიზი სერტოს დისშვილის, მიმი ბლექ ბელერის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, რომელიც 1928 წლიდან მსოფლიოში ცნობილი შანელის ქსოვილების ფირმის Tissus Chanel-ის ნაწილი გახდა. ილიაზდი კოკო შანელის საწარმოს მთავარი ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა. მხატვარმა გამოიყენა აბსტრაქტული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გეომეტრიული "ორნამენტიკა" და შანელის ჯერსის ქსოვილის პრინტების ნახატის სრულყოფილება შეძლო.

ძალიან მალე ილია ზდანევიჩი შანელის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. კოკო შანელმა მონათლა ილიასა და აქსელ ბროკარის (მთავარ ფოტოზე ილია და აქსელი არიან ასახულნი) ქალიშვილი, მიშელი. 1928 წელს ილიაზდმა მიიღო პატენტი ახალი საქსოვი დაზგის გამოგონებაზე, რომელიც შანელის კომპანიამ შეიძინა და მის ყველა ფაბრიკაში ამ დაზგის სხვადასხვა მოდიფიკაცია იდგა. შანელთან მუშაობისას ილიაზდმა გაიცნო გრაფიკოსი მხატვარი პოლ ირიბო, კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი, რომელმაც მას 1932 წელს მიუძღვნა თავისი მუსიკალური ნაწარმოები. ილიას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვიქტორ ჰიუგოს შვილთაშვილთან, ფრანსუა ჰიუგოსთან, რომელიც შანელთან ღილების მხატვრად მუშაობდა.

1932 წელს ილიას დაავალეს ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ მერეცში შანელის ქარხნის წარმოების ორგანიზება და ახალი მოდელების ესკიზების შექმნა. მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთში შანელის ქსოვილების ფაბრიკის დაარსებაში, რის გამოც იმოგზაურა ლონდონსა და ბირმინგემში. ეკონომიკური კრიზისის გამო საწარმოს მალე პრობლემები შეექმნა. ილიაზდის უთანხმოება მოუვიდა საწარმოს ხელმძღვანელებთან მუშების ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად საწარმოს ხელმძღვანელებს საკუთარი ხელფასის 60%-მდე შემცირებასაც კი სთავაზობდა. 2 მარტს ილიამ პროტესტის წერილი გაუგზავნა კოკო შანელს. კონფლიქტი რთულად, მაგრამ მაინც მოგვარდა.

ილიაზდი პარიზში

1933 წელს ილიამ თავისი შვილები ესპანეთში, კარტახენაში, კოკო შანელის ერთ-ერთი მოსამსახურის სახლში გაუშვა. დეკემბერში ილიას უთანხმოება მოუვიდა ფაბრიკის ერთ-ერთ ადმინისტრატორთან, რომელიც მას მერეცის ფაბრიკაში მასალის ქურდობაში სდებდა ბრალს. ორთვიანი გამოძიების შემდეგ სასამართლომ ილიას უდანაშაულობა დაამტკიცა. ილია სამსახურიდან წავიდა, მორალური ზიანისთვის კი საკმაოდ დიდი კომპენსაცია და 1934 წლის აპრილამდე ანიერის ფაბრიკასთან მდებარე სახლში ცხოვრების უფლება მიიღო. მას არ განელებია მეგობრული გრძობები და პატივისცემა კოკო შანელისადმი. "დიდი გამბედაობა მჭირდება, რომ ამდენი წლის მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ თქვენთან განშორების აზრი გავაცნობიერო. ამ თანამშრომლობის განმავლობაში, თქვენი გენია დავაფასე და მადლობას გიხდით, რომ ჩემი შრომისა და თავდადების ფასის აღიარება ისურვეთ. მერწმუნეთ, ჩვენ თანამშრომლობაზე კარგი მოგონება ხანგრძლივი დროით გაგვყვება" - წერდა ილიაზდი კოკო შანელს.

1940 წელს ზდანევიჩმა Livre d'artiste (არტისტული წიგნი) ტიპის წიგნების გამოშვება დაიწყო და თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ტიპის 20-მდე წიგნი გამოსცა. ეს წიგნები გამოდიოდა მცირე ტირაჟით და იბეჭდებოდა ძველ ან იშვიათ ქაღალდზე. Livre d'artiste-ის პირველი გამოცემა იყო კლასიკური სონეტების კრებული რუსულ ენაზე Афат/აფატი, რომელიც ილიაზდმა მეგობარ ქალ - ჯოან სპენსერს მიუძღვნა. 76 სონეტისგან შემდგარი კრებული პიკასოს ექვსი გრავიურითაა ილუსტრირებული. ეს კრებული ილიაზდისა და პიკასოს მრვალწლიანი შემოქმედებითი კავშირის დასაწყისი იყო. კრებულის 64 ეგზემპლარიდან, ექვსი საავტორო სახელობითი გამოცემაა, რომელთაგან ერთ-ერთი კოკო შანელს ეძღვნებოდა.

პიკასო და ილიაზდი

"აფატის" ამ ეგზემპლარში დამატებული იყო კოკო შანელისადმი მიძღვნილი 77-ე სონეტი. კოკო შანელმა ამ კრებულს პარიზში, კამბრონის ქუჩა 31-ში, თავისი ბინის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა...

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ჰოლივუდი ოპერაში