ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში სავარაუდოდ გეოლოგიური წარმონაქმნები, კონკრეციები (მათ შორის სეპტარიები) აღმოაჩინეს.

წარმონაქმნები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა და აღნიშნულის ფოტომასალა მეცნიერებს გადაუგზავნა.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის ზურაბ ჯანელიძის პირველადი დასკვნის თანახმად, მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული. მისი თქმით, ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

ჯანელიძის ვარაუდით, არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.

"ამ ეტაპზე ერთადერთი დოკუმენტი, რაც გვაქვს, ეს არის ზურაბ ჯაფარიძის წინასწარი დასკვნა, რომელიც მან მხოლოდ ფოტოების დათვალიერების შედეგად გააკეთა. გვირჩია, რომ გვჭირდება პალეონთოლოგები და ლითოლოგები. არსებობს რამდენიმე ვარაუდი, რომ ეს არის ამონიტები. არის საუბარი, რომ ეს არის კირქვიანი კონკრეციები. ჯერჯერობით სანამ ამ საკითხის შესწავლა არ მოხდება, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით. უკვე ვთხოვეთ დახმარება შესაბამის უწყებებს“ - აცხადებს ხობის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია.

აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველ მეცნიერებში და მის შესახებ სასაუბროდ პროფესორ ვასო გაბუნიას დავუკავშირდით, რომელიც 30 წელია პალეონტოლოგიაში მოღვაწეობს...

- ეს არის ე.წ. დალექვის თავისებურებით გამორჩეული კონკრეცია-სეპტარიები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამონიტებთან და, საერთოდ, განამარხებულ ფაუნასთან. მსგავსი გეოლოგიური ფორმები ნაპოვნია მდინარე ხანის ხეობაში, ქალაქ ბაღდათთან. თავისთავად, სეპტარია ძალიან საინტერესო ლითოლოგიური მოვლენაა. მათი პოლირებული ანათლები ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ძვირფასი მოსაპირკეთებელი მასალა, რადგან შიგნით ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის და ფერის კვარციტები. ასეთი ადგილები, როგორც წესი, გეოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

რამდენადაა მიზანშეწონილი მათი წარმოშობის ადგილიდან გადატანა, ვერ გეტყვით. გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება. არაა გამორიცხული, რომ გარემოს შეცვლამ მათი დაზიანება გამოიწვიოს. თან მუზეუმში ან ქალაქის პარკში დადებული სეპტარია არ მგონია ისეთივე შთამბეჭდავი იყოს, როგორც ახლაა...

- მათ წლოვანებაზე რას გვეტყვით?

- მანდ მინერალოგის და ლითოლოგის გარეშე არაფერი გამოვა. შესწავლილი უნდა იქნას როგორც დალექვის სისწრაფე, ასევე თერმული წყლების ზემოქმედება (თუ ასეთიც იღებდა მის წარმოქმნაში მონაწილეობას). რაც შეეხება მათი წარმოქმნის სისწრაფეს - დიამეტრიდან გამომდინარე 2-3 მილიონი წელი მიმდინარეობდა. ამონიტებს რაც შეეხება, ისინი 65 მილიონი წლის წინ ამოწყდნენ დინოზავრებთან ერთად, კომეტის ვარდნის შემდეგ. თუმცა, მანამდე, ათეულობით მილიონი წელი არსებობდნენ...

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია