როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა - ექიმი კომაროვსკი მშობლებს რჩევებს აძლევს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა - ექიმი კომაროვსკი მშობლებს რჩევებს აძლევს

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გადაყლაპავს რაიმე ნივთს, ყველაზე მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ. ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებისთვის განმარტავს, რომ თუ გადაყლაპული ნივთი კუჭში ჩავიდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ვიწრო ადგილი - საყლაპავი გადალახა. თუ ნივთი საყლაპავს ვერ გასცდა, ბავშვს გამოუვლინდება სერიოზული სიმპტომები - ღებინება, შეუჩერებელი ხველა, ჭამის დროს ტკივილი.

თუ არცერთი სიმპტომი ბავშვს არ აწუხებს, კომაროვსკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ნივთი უკვე კუჭშია - ექიმი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის უცხო სხეული, რომელიც გაივლის საყლაპავს, წინააღმდეგობის გარეშე აღწევს კუჭ-ნაწლავამდე.

უცხო სხეულს საფენში გადაყლაპვიდან 2-4 დღის შემდეგ იპოვით. თუ გადაყლაპული ნივთი ძალიან პატარაა, კომაროვსკის თქმით, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუმცა, თუ უცხო სხეული მოზრდილი ზომისაა, წახნაგოვანი, საფრთხის შემცველი - აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საფენები და დარწმუნდეთ, რომ ბავშვის სხეული დატოვა. თუ ნივთს მეოთხე დღესაც ვერ აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კომაროვსკის თქმით, მკურნალობა ამ დროს საჭირო არ არის და არავითარ შემთხვევაში ოყნის გაკეთება არ შეიძლება.

"ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ - დაელოდეთ მოთმინებით და შეამოწმეთ ბავშვის საფენები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ უცხო სხეული ბავშვის ორგანიზმში რჩება, მიმართეთ ექიმს" - წერს პედიატრი.⠀

ექიმთან კონსულტაცია საჭიროა იმ შემთხვევებშიც, თუ გადაყლაპული ნივთი მჭრელია (ნემსი, მაგალითად), სამ სანტიმეტრზე მეტი სიგრძისაა, ელემენტია, ორი ან მეტი მაგნიტია. სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ ბავშვი ექიმთან თუ მას მუცლის ძლიერი ტკივილი აქვს, ან - აღებინებს.