ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას, როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია უნდობლობას გიცხადებთ? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.

ოთარ კახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანს არ ენდობიან იმ ჩავარდნების გამო, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უწყებამ განიცადა.

„ჩვენ შევქმენით ღია მმართველობის ფორუმი, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის ამ ფორუმის თავმჯდომარე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“ დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშე და სახელმწიფოს პარტნიორი ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორიდან სრულ უნდობლობას გიცხადებთ, ქალბატონო თეა. ისინი ითხოვენ თქვენს გადადგომას, ეს ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სხვა. ამ ფონზე, როგორ აპირებთ გაგრძლებას მუშობის მაშინ როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი უნდობლობას გიცხადებთ?

როდესაც ამ ორგანიზაციებმა გამოგიცხადეს უნდობლობა იმ ჩავარდნების გამო, რომელიც გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში, იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა არის სულ უფრო გაუმჭვირვალე, მოსამართლეთა 2/3 ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე გამწესდა უვადოდ, მაშინ როდესაც თქვენი მონაწილეობით მთავარი პროკურორის შესარჩევი სხდომაც ჩატარდა დახურულად, ამ ფონზე, როგორ „შეძელით“, რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენი კანდიდატურის მიმართ და რა პასუხი გაქვთ გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნები არის ფსიქოზი“,- მიმართა ოთარ კახიძემ.

კახიძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის წარდგენა საზოგადოების დაცინვა და მასხრად აგდებაა. მისივე თქმით, წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისი კითხვის საპასუხოდ რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა.

"მე მას დავუსვი ერთი კითხვა, თუ როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, როცა არასამთავრობო სექტორი უცხადებს სრულ უნდობლობას. მან ამ კითხვას უწოდა არასერიოზული და რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა. თქვა, რომ ის ორი წელი ცდილობდა ლადო ჭანტურიას გაყვანას მოსამართლედ სტრასბურგის სასამართლოში, ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ევროსაბჭომ მას ორი კონკურსი ჩაუგდო და გამოაყოლა საშემოდგომო ორიანი. ამ ორ კონკურსში ლადო ჭანტურია საერთოდ არ მონაწილეობდა. მან კიდევ არაერთი ტყუილი თქვა. ეს ქალბატონი ივანიშვილის ფავორიტია და მართავს უმნიშვნელოვანეს სამინისტროს. მისი მმართველობის თითოეული დღე ამ სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა, თორემ მისი რემარკები მე არ მაინტერესებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს უპასუხა, რომ მის შეკითხვას სერიოზულად არ აღიქვამს.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. განხილვის თემა სამთავრობო ცვლილებებია.

იხილეთ ვიდეო: ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

LIVE "ნიუსრუმიდან" - დავით უსუფაშვილი

"360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია; რა ჩვენება მისცა "კაწრომ"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"