ავტორი:

დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო სეზონია. ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ქართველები ევროპის ქვეყნებშიც მიემგზავრებიან შვებულების გასატარებლად. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში კომფორტული დასვენება საკმაოდ ძვირი ჯდება, ეს არც ისე ცუდი გადაწყვეტილებაა.

საბერძნეთი, თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი - ეს ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიმართულებებია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სტუმრობენ შვებულების გასატარებლად. დავინტერესდით, დაახლოებით რა დაგიჯდებათ ერთკვირიანი დასვენება ჩამოთვლილ ქვეყნებში. ფასები booking.com-ის და რამდენიმე ტურისტული კომპანიის მონაცემების მიხედვით გამოვთვალეთ.

AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ 1000-2 500 ლარამდე დაგჭირდებათ. ამ ფასში კი თითქმის ყველა სერვისია გათვალისწინებული. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ავიაბილეთების ფასები სეზონების მიხედვით იცვლება და უმჯობესია საზაფხულო თადარიგი ზამთარში დაიჭიროთ - ამ დროს შესაძლოა ბილეთის ყიდვა ნახევარ ფასშიც შეძლოთ.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ერთი კვირის გატარება, ორ პერსონაზე გათვლილ ნომერში ერთ ადამიანს 220 ევრო ანუ 630 ლარამდე დაუჯდება. ამ ფასში შედის საუზმეც. ქუთაისის აეროპორტიდან პრაღაში გაფრენისა და უკან დაბრუნების მინიმალური ფასი 310 ლარია.

თურქეთში, ალანიას 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება დაახლოებით 180 ლარი ღირს, შესაბამისად 1 კვირით დარჩენა 1260 ლარი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, აქ კვებაცაა გათვალისწინებული. ალანიაში საშუალო დონის სასტუმროს დაჯაშვნა დღე-ღამეში 100 ლარადაც არის შესაძლებელი. ანტალიაში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი კი ერთი ღამით 300-400 ლარამდე მერყეობს, ფასში კვებაც შედის. ანტალიაში გასამგზავრებელი ორმხრივი ბილეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 750 ლარი დაგიჯდებათ.

ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს კუნძულ კრეტაზე, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამე დაახლოებით 360 ლარი დაგიჯდებათ. 3-ვარსკვლავიანის ფასი 200 ლარამდეა. ავიაბილეთების მაქსიმალური ფასი ორი მიმართულებით 370 ევრო ანუ დაახლოებით 1000 ლარია.

ტურისტული კომპანიები კრეტაზე დასვენებას 6 ღამით საშუალო დონის სასტუმროში 2 300 ლარად სთავაზობენ. ფასში შედის სასტუმრო, ორჯერადი კვება, ავიბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი.

ბოლო წლების კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება საქართველოს მოქალაქეებში - ჰურგადაა. ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე დასვენების მსურველებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება 350-500 ლარის ფარგლებში დაუჯდებათ. 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამე დაახლოებით 120 ლარი ღირს. თუმცა, ძვირი დაგიჯდებათ ავიაბილეთის ყიდვა. მაგალითად, აგვისტოს თვეში ჰურგადას მიმართულებით თბილისიდან გაფრენა და დაბრუნება 2 000 ლარამდე დაგიჯდებათ, თუმცა ბევრად იაფად იყიდით ბილეთს არასეზონურ პერიოდში.

რაც შეეხება აჭარის სანაპიროზე დასვენებას. სასტუმროები საქართველოს შავიზღვისპირეთშიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ხშირად მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, აჭარაში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი კვირით დარჩენა 1 500 ლარი დაგიჯდებათ და ამაში არც კვებაა გათვალისწინებული, არც გზის ფული.

ბათუმში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი კვირით გაჩერება 1 700 ლარი ღირს და მასში დილის საუზმეა გათვალისწინებული.

კორონავირუსით საქართველოში მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია