უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

გაერთიანებული საქართველო თითოეულ ოჯახში - სწორედ ეს არის ახალი, ინოვაციური პროექტის, „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ მთავარი იდეა. ეს არ იქნება რუკა მისი სტანდარტული გაგებით, რომელიც წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილს. მას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს. „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ, კედელზე მიამაგროთ ან მაგიდაზე მოათავსოთ. ის არის ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, ქალაქი, დაბა, სოფლები და კულტურული ძეგლები. პროექტი საქართველოს, ქართული კუთხეების, ტრადიციების და კუტურული ძეგლების მეტად დაფასებას და შეყვარებას ისახავს მიზანად. საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახები გაერთიანდებიან და ერთად ააწყობენ, გააერთიანებენ ქვეყანას.

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

საერთო ჯამში რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება.

ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. 11 ძირითადი და 5 პირობითი. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონის პაზლს ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატიურული ფიგურებით გააცოცხლებთ. ...და კიდევ იქვე ნახავთ 5 ზოგად ფიგურას, მაგ,. „დედა ენას“, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიუჩინოთ ადგილი, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა.

პაზლს თან ახლავს ბროშურაც, სადაც წაიკითხავთ კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვას და იმ ძეგლების ისტორიას, რომლებიც რუკაზე უნდა განალაგოთ. საერთო ჯამში თქვენ ააწყობთ საქართველოს სამგანზომილებიან რუკას და ამავდროულად მიიღებთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

საგამომცემლო ჯგუფი განსაკუთრებული ემოციით მუშაობდა ამ პროექტზე და ცდილობდა, სიმბოლურად სწორედ ამ გამოცემით მიელოცა ჩვენი მოსახლეობისათვის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. რუკაზე ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, კონსტრუქციის ავტორი კი ქაღალდის ინჟინერი და უამრავი კრეატიული პროექტის ავტორი კოტე იანტბელიძეა, ტექსტების ავტორია თეა ბარამაშვილი. პროექტში გამოყენებული ფოტომასალის ავტორები არიან ყველასთვის საყვარელი პროფესიონალი ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და მათთან ერთად სხვა გამოცდილი თუ დამწყები ფოტოგრაფები. ასევე შეხვდებით ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასაც.

„საქართველოს ინტერაქციული რუკის“ პირველი ნაწილის - „იმერეთის“ შეძენას 23 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებთ. რუკის სპეციალური ფასი 8.5 ლარია. გაზეთთან ერთად კი მას 10 ლარად შეიძენთ. თვეში 2 ნაწილის შეძენა იქნება შესაძლებელი და საბოლოოდ, ნახევარ წელიწადში თქვენ მთლიანი რუკის მფლობელი გახდებით.

რუკის ნაწილების გამოსვლის თანმიმდევრობა ასეთია :

1. იმერეთი

2. რაჭა-ლეჩხუმი

3. შიდა ქართლი

4. სამცხე-ჯავახეთი

5. სამეგრელო

6. სვანეთი

7. გურია

8. ქვემო ქართლი

9. მცხეთა-მთიანეთი

10. კახეთი

11. აჭარა

12. აფხაზეთი

ეს უნიკალური შანსია თითოეული ოჯახისათვის ინტერაქციით, ეტაპობრივად, ცოდნის გაღრმავებითა და, რაც მთავარია, სიყვარულით, ააწყოს და გააერთიანოს საქართველო!

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის