აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.

მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით, მავნებლის პოპულაციის შემცირება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და სისტემური მიდგომის შედეგია.

მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე:

„ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია საკოორდინაციო შტაბში ასეთი რანგის მეცნიერების სტუმრობა. ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, სამეცნიერო კვლევებთან. შესაბამისად, ჩვენ მეცნიერებათა აკადემიასთან მჭირდო ურთიერთობა გვაქვს. სტუმრებს შტაბის მუშაობა დეტალურად გავაცანით, სრული დემონსტრაცია მოვახდინეთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ფაროსანასთან ბრძოლაში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია. მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი.“

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე:

"ის, რაც ქართველმა მეცნიერებმა და სპეციალისტემა გააკეთეს, უდავოდ გასაკვირია. დღეს შესანიშნავად წარმოგვიდგინეს ყველაფერი, ყველა ის ქიმიური და სხვა ღონისძიება, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლისა და მათი რიცხობრიობის შესამცირებლად აუცილებელია. მათი სტრატეგია საკმაოდ კარგია და შედეგიც ცალსახაა. შედარებაც კი არაა იმასთან, რაც შარშან ამ დროს რაც აქ ხდებოდა.“

სოფლის მეურნეობის აკადემიის მდივანი ზურაბ ცქიტიშვილი:

"იშვიათად მინახავს ასეთი აწყობილი სისტემა, როგორც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და შემდეგ საკუთარი თვალით ვნახეთ. ამ საკითხზე განათლებული ხალხი მუშაობდა. წარმატება არის იქ, სადაც სისტემური მიდგომაა. ყველა ის მოქმედება, რაც ამ მავნე მწერის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული, დეტალურადაა გათვლილი, ორგანიზებული და ბუნებრივია, რომ ის შედეგის მომტანიც იქნება.“

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიზო ურუშაძე:

„სანამ ჩვენ მოვიძიებთ და მოვნახავთ ფაროსანას ბუნებრივ მტერს, სახელმწიფომ ტექნიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს. ჩემზე ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსმენილიდან და ნანახიდან გამომდინარე არ მიკვირს, რომ ფაროსანას რაოდენობა მცირდება“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებული ლევან შონია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს( USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი