ვითარება ხაიშში - "გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ - არავის მიმართ არანაირი სანქცია არ გატარდება"

ვითარება ხაიშში - "გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ - არავის მიმართ არანაირი სანქცია არ გატარდება"

ხაიშის ცენტრში, სადაც ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი, მეორე მხრივ კი სპეცრაზმია მობილიზებული, ცოტა ხნის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი მივიდა.

ზესაშვილი ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ცდილობს, რათა მათ გადაკეტილი ცენტრალური გზა გახსნან.

„თუ უკანონო მასალა იქნება, გაიტანენ. ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ. არავის ვიჭერთ. არანაირი სანქცია არ გატარდება არავის მიმართ, არც არავის დაიჭერენ. თუ რამე უკანონო მასალა იქნება აღმოჩენილი, მარტო ამ მასალას გაიტანენ“, - მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ხაიშის ცენტრში შეკრებილ ხაიშის და ჭუბერის მოსახლეობას, რასაც თავის მხრივ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „ამას არ უნდოდა 200 კაცი. ჯერ სტიქიამ დაგვაქცია და ახლა აგერ, ფარიანები მოგვიყვანეს“.

ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. ადგილობრივები სპეცრაზმის სიახლოვეს ამ დრომდე რჩებიან. მათ ნაწილს ხელში ხელკეტები, ნაწილს კი ფიცრები უჭირავს.

„ჭუბერში - დაზარალებულ სოფელში შემოვიდნენ და იმის პასუხია ეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით კი, პასუხს ითხოვენ პრემიერის განცხადებაზე, რომ ჭუბერში სტიქია ხე-ტყის უკანონოდ მოჭრამ განაპირობა.

„პასუხი გაგვცენ პრემიერმა რომ თქვა იმაზე“, - აღნიშნა ჭუბერის მკვიდრმა.

ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება. როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.

LIVE: "360 გრადუსი" - ხატია დეკანოიძე, ლევან კობერიძე, ლადო კახაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობის მიზნით შესასვლელად, მიზნობრივი ვიზა აღარ დასჭირდებათ