ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომერი #8(92), რომელშიც წაიკითხავთ:

ყველაზე ძველი ქართული წარწერა იერუსალიმშია

იერუსალიმის ძველ ქალაქში, მაცხოვრის განშოლტვის კათოლიკური მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმმა წლეულს ზაფხულში ოფიციალურად გახსნა განახლებული არქეოლოგიური სექცია, რომელსაც “ვია დოლოროსას” სახელი ეწოდა. მუზეუმს საფუძველი 1902 წელს ჩაეყარა, მისი კოლექცია მუდმივად ივსებოდა იერუსალიმში, ბეთლემში, ნაზარეთში, კაპერნაუმში, მაგდალაში, ნებოს მთასა და წმინდა მიწის სხვა ადგილებში მოპოვებული მასალით. განახლებულ ექსპოზიციაში ამიერიდან ორი უძველესი ქართული წარწერაც იქნება წარმოდგენილი. ისინი განთავსებულია ბირ ელ-ქუტის წმ. თეოდორეს სახელობის ქართული ნამონასტრალის არქეოლოგიური გათხრების ამსახველ სტენდზე.

თუკი აბა ანტონისა და იოსიას მოზაიკური წარწერა (VI ს.) მანამდეც იყო წარმოდგენილი მუზეუმის ექსპოზიციაში, ბაკურისა და გრი ორმიზდის მოზაიკური წარწერა, რომელიც, მთელი რიგი მონაცემებით, უძველესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებიდან, ხანგრძლივად ინახებოდა მნახველთა თვალთაგან მოშორებით, ლაპიდარიუმად წოდებულ ნახევრად სარდაფის ტიპის ნესტიან ოთახში, ხან კედელზე თავდაყირა დაკიდებული (2012 წ.), ხანაც წყლის გუბეებით დაფარულ იატაკზე დაწვენილი (2016 წ.).

მუზეუმის დირექტორმა პირობა შეასრულა და ბაკურისა და გრი ორმიზდის წარწერას, აბა ანტონის წარწერასთან ერთად, მთავარ საგამოფენო სივრცეში მიუჩინა ადგილი. მუზეუმის ვებგვერდზე იტალიელმა არქეოლოგებმა, გახსნის წინ ქართულ წარწერებს საგანგებო წერილი მიუძღვნეს: “ბირ ელ-ქუტის მოზაიკა, ქართული ენის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშთაგანი”. ავტორთა დასკვნით, ეს წარწერები წარმოადგენს ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობას საქართველოს, ქრისტიანობის საწყისებისა და მთლიანად წმინდა მიწის ისტორიისთვის.

ტურინის სუდარა - “მეხუთე სახარება”

ტურინის სუდარა წარმოადგენს 4,36 მეტრი სიგრძისა და 1,1 მეტრი სიგანის ზომის სელის ქსოვილს, რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები ადამიანის გამოსახულება. იგი ამჟამად ინახება იტალიის ქალაქ ტურინში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. სუდარა ტურინში გვიან შუა საუკუნეებში მოხვდა, მანამდე კი მრავალი ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

ბოლო დროის მეცნიერულმა აღმოჩენებმა არაერთხელ უარყვეს მანამდე მეცნიერულ ჭეშმარიტებად მიჩნეული დებულებები და, შეიძლება ითქვას, ბიბლიურ შეხედულებათა რეაბილიტაცია მოახდინეს. ამის ნათელი მაგალითია ტურინის სუდარა, რომელიც, მიუხედავად მისდამი გამოთქმული მრავალი ჰიპოთეზისა, თანამედროვე მეცნიერებამ სახარებისეულ ცნობათა რეალურობის დამადასტურებელ ფაქტად აღიარა.

საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარის შესახებ რამდენიმე ძირითადი კითხვა დაისვა: წარმოადგენს თუ არა იგი ნამდვილად იმ სუდარას, რომელშიც მაცხოვარი გაახვიეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ? შეესაბამება თუ არა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ბიბლიურ ცნობებს სუდარაზე ასახული წამების კვალი? სუდარაზე გამოსახულების გადასვლა გამოიწვია თუ არა უფლის აღდგომისას გამოსულმა მძლავრმა ზებუნებრივმა ენერგიამ? თანამედროვე მეცნიერებამ ამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა. კომპლექსური კვლევით დადგინდა, რომ სუდარიდან მიღებული ინფორმაცია სრულ თანხმობაშია ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ თხრობასთან. მეტიც, სუდარაზე არსებული გამოსახულების შესწავლამ შესაძლებელი გახადა უფრო დაწვრილებით შეგვეტყო უფლის ვნებების შესახებ, ვიდრე ეს ბიბლიაშია მოთხრობილი.

საგანძური. ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგში

სანქტ-პეტერბურგის საცავებში თავმოყრილია მრავალი ქართული ხელნაწერი. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში მათი რიცხვი 558 ერთეულს აღწევს, ხოლო ქრონოლოგიური ჩარჩოები XI-XIX საუკუნეებით განისაზღვრება.

მჭადიჯვარის მთავარანგელოზის ეკლესია

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია. ის გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ამ პერიოდის ერთ-ერთი გრანდიოზული ნიმუშია... ხუროთმოძღვარს გამოყენებული აქვს სვეტიცხოვლის მოტივებიც.

აგურის შენობა 23 მეტრის სიმაღლისაა, შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1668 წელს, XVII საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, კათალიკოს დომენტი III მიერ (მუხრანბატონთა საგვარეულოდან, 1660-1678 წლებში იყო ქართლის კათალიკოსი).

მჭადიჯვარი ისტორიული სოფელია. წყაროებში იგი ცნობილია, როგორც ლეკებთან ერთ-ერთი მასშტაბური შეტაკების ადგილი.

ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაგები, მაგრამ საბჯენი თაღები, სვეტის თავები და შესასვლელის თაღები, მეტი კონსტრუქციული სიმდგრადისთვის, თლილი ქვებით არის შეკრული. გრემის მსგავსად, თავდაპირველად ტაძარი მთლიანად გადახურული ყოფილა მოჭიქული ლურჯ-მწვანე კრამიტით.

ციხე-გალავანი, რომელიც ტაძარს გარს აკრავს, აგებულია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეებში ჩაყოლებული აქვს ცილინდრული კოშკები. კარის თავზე განთავსებული სამშენებლო წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს, ლეკებს სოფელი მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ თვით ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს სოფელი აღუდგენია და ციხეც მაშინ აუგია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ფოტოისტორია. ბიბლიოთეკა - “ცათამბჯენი”

საქართველოს ხელოვნების სასახლეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

ჩაძირულ ხომალდზე 17 მილიარდი დოლარის განძია

ოკუპირებული ტერიტორიები. პატარა ლიახვის ხეობა მავთულხლართს მიღმა

ტრადიციები და თანამედროვეობა. ლურჯი სუფრის ახალი სიცოცხლე

ევროპული თავის შექცევა რუსეთის გენერლებისგან - ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში. ნაწილი II

მოკლე ამბები. ხის თოჯინა ეგვიპტურ პირამიდებზე ორჯერ ძველია

იერუსალიმი ჯვაროსნულ ეპოქაში - ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში. ნაწილი IV

სამხედრო საქმე. სარიყამიშის ბრძოლა

ფოტოისტორია. პანამის არხის პირველი გამოცდა

სარედაქციო ფოსტა. კარტოგრაფიის დაბადება / ბერძნული მიგნებებიდან - თანამედროვე სისტემებამდე

უკრაინის ისტორიიდან. სტალინი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს