სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთნებულ ობიექტთა შორის განისაზღვრა: საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, კემპინგებისა და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი) შენობა-ნაგებობები, მიუხედავად მათი ფართობისა და შენობებში მყოფ ადამიანთა რაოდენობისა.

ამას “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტებია: - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობები; 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).

“საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, განსაკუთრებით ადამიანების მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე, ბოლო წლებში მომხდარი ხანძრების შედეგების ანალიზი აშკარად მიგვანიშნებს ამ ტიპის ფუნქციური დანიშნულების შენობებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე. სასტუმროების, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების შენობა-ნაგებობებში ჩატარებული შემოწმებითა და გამოკვლევით დადგინდა, რომ ობიექტებში მთელ რიგ შემთხვევებში, უხეშად ირღვევა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა, როგორც წესი, ხანძრის შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სხვა რეგიონებში არსებული სასტუმროების შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლით გაირკვა, რომ ამ ობიექტების დიდი უმრავლესობა (ძირითადად ე.წ. ოჯახური ტიპის სასტუმროები) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ობიექტებს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ სასტუმროებში ადგილების რაოდენობა 100 ადამიანზე ნაკლებია და შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა ამ ობიექტებზე არ ხორციელდება. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში“ მომხდარი ხანძარი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა“, - განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გარდა ამისა, დღეიდან იზრდება ფინანსური სანქციები ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა. თითქმის ათმაგდება ჯარიმები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები 1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში. კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

აქამდე “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 50-ლარიან და 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა. შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული დარღვევისათვის 200-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ამასთან, იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით, დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან – 10 000 ლარამდე ოდენობით. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი