უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს

უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მკვლევარებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს. ნაპოვნი მონეტები, ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს. ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს:

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელდება სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე წელს უკვე მეექვსე საველე არქეოლოგიური სეზონი მიმდინარეობს. არქეოლოგიური აღმოჩენების კუთხით, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სამშვილდის ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევების პროცესი, სადაც მძლავრი კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოვლინდა.

ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად წარმოდგენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

მეცნიერების ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ განძში მონეტების გარდა გაერთიანებულია ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციების ისტორიაში საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც მსგავსი ტიპის აღმოჩენას მიაკვლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე სამშვილდის ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) ფინანსური უზრუნველყოფით 6 წლიანი ინტერვალის განმავლობაში კვლევები არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული მიმართულებების პარალელურად სარესტავრაციო-საკონსერვაციო კუთხითაც წარიმართა, რომლის შედეგადაც განხორციელდა სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიისა და ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარე "პალატის ეკლესიის’’ სამეცნიერო შესწავლა და რეაბილიტაცია. ამავე პროექტის ფარგლებში შედგა სამშვილდის კომპლექსის აერო-ფოტო-ვიდეო გადაღება, ანთროპოლოგიური და პალინოლოგიური კვლევები, არქეობოტანიკური კვლევები, ოსტეოლოგიური მასალის შესწავლა და რამდენიმე უბნის გეოარქეოლოკაციური კვლევა.

არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევები, რომელსაც პროფ. დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს, სამშვილდეში კვლავაც გრძელდება. საბოლოო ანგარიში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ყოველწლიურ საანგარიშო კონფერენციაზე, მიმდინარე წლის დეკემბერში იქნება წარმოდგენილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ