გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო

გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო

შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცის თუ არა შს მინისტრმა, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ფარდულში ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე, იყო ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან და მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, მიხეილ კალანდიას სახლი არ გაჩხრეკილა და გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო.

„არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო უფრო სწორი განმარტება იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იგივე კითხვაზე ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე არ ყოფილა საქმის კურსში ამის შესახებ, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ხასიათდება მთავარი პროკურორის საქმიანობა და შემდეგ, საგამოძიებო კომისიისგან შეიტყო.

„ამის შესახებ კომისიიდან შევიტყვე, თუმცა ამავე დროს მოვისმინე გამომძიებლების განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოახერხეს აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა შოთაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა აღნიშნული პირები და მათ თქვეს, რომ ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და დღემდე სახლში აქვთ.

„პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენელმა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ გადაგდებული იყო და ის ადამიანები, ვიზეც საუბარია, იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და მათ დაგვიდასტურეს, რომ დღემდე სახლში აქვთ და არ გადაუგდიათ არსად ეს ტანსაცმელი“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ჩემთვის ეს ცნობილი არ არის, ახლა ვიგებ თქვენგან, თუმცა ასევე მოსმენილია გამომძიებლის პოზიცია. გამოძიება ზოგადად არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც განტოლება ამოხსნა და ფორმულა გამოიყენო. ეს არის რთული პროცესი და თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და გამომძიებლები მოქმედებენ იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გააჩნიათ და საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინებით“, - განაცხადა საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ.

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს