ავტორი:

გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ

გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ

მსჯელობა და კამათი იმაზე, არის თუ არა იარაღი ქალის საქმე, კიდევ დიდხანს არ შეწყდება, თუმცა ამის კვალდაკვალ, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე ძალოვან უწყებებში მშვენიერი სქესის წარმომადგენლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და რაც მთავარია, ისინი თავიანთ საქმეს პროფესიონალურად ასრულებენ. AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, უფრო ახლოს გაგაცნოთ ის ახალგაზრდა ქალები, ვინც ჩვენს სიმშვიდეზე ზრუნავს...

ერთ-ერთ მათგანს საკმაოდ კარგი სამსახიობო გამოცდილება აქვს - ნათია ვიბლიანი, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი, ქართული ფილმის "დედეს" მთავარი როლის შემსრულებელია...

თათია რაზმაძე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი:

- პროფესიით იურისტი ვარ. ამასთან, ლექციებს ვკითხულობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და როდესაც ჩემს კურსანტებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ურთიერთობა მომიწია, ვიფიქრე, რომ მეც შემიძლია შევიტანო წვლილი სახელმწიფო სამსახურში. ამიტომ გადავწყვიტე, პრაქტიკაში გამეკეთებინა ის, რაც თეორიაში უკვე დასწავლილი მქონდა და მომავალ პოლიციელებს ვასწავლიდი.

მიმაჩია, რომ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია მაქვს არჩეული, მაგრამ მზად ვარ გამოწვევებისთვის და იმ სტერეოტიპის დამსხვრევისთვის, რომ "იარაღი და ფორმა ქალის საქმე არაა". მე ამას ყოველდღიური საქმიანობით ვამტკიცებ.

ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში მოვიდოდი, სხვადასხვა კერძო კომპანიასა და სასწავლო დაწესებულებაში ვმუშაობდი. აკადემიაში ლექციების ჩატარების გამოცდილების მიღებისა და პოლიციელებთან ურთიერთობის შემდეგ, გადავწყვიტე გამომძიებლობა და ჩემს მიზანს მივაღწიე კიდეც. ჩემი მანამდელი საქმიანობიდან გამომდინარე, ოჯახისთვის ჩემი გადაწყვეტილება გასაკვირი არ ყოფილა. მით უფრო - მიუღებელი. ისინი პატივს სცემენ ჩემს თითოეულ გადაწყვეტილებას და შეძლებისდაგვარად გვერდში მიდგანან.

ნათია ვიბლიანი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი:

- პროფესიის არჩევისას, ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის მისი საქმე, რისი კეთებაც მას სიამოვნებს. ჩემთვის ეს სფეროა ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამ პროფესიის არჩევისას, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი სტერეოტიპებზე... ფორმის ჩაცმამდე, უბრალოდ სხვა ფორმალობები იყო. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ამ საქმისთვის მზად ვიყავი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მსიამოვნებს ფორმის ტარება... თავდაპირველად, ოჯახის წევრებს ცოტა ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ, იმაზე მეტ პასუხსმგებლობას ვიღებდი, ვიდრე შემეძლო. ახლა, ყველაფერი კარგად არის, ყველანი დარწმუნდნენ, რომ მე ეს შემიძლია და ამაყობენ ამით.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, მათი დამოკიდებულება ყოველ ჯერზე უფრო მახარებს. მე ვფიქრობ, თანდათან შეხედულებები იცვლება. ქუჩაში ჩემი ტოლი ბიჭები და გოგონები მიღიმიან, მესალმებიან. ეს ჩეთვის ძალიან დიდი სტიმულია, ერთი მათგანისთვის თუ მაინც ვიქნები მაგალითი, ძალიან გამახარებს. მთლიანობაში ვგრძნობ, რომ საზოგადოება ჩემს არჩევანს აფასებს, რადგან მე მათ განწყობაში იმედს ვხედავ.

თუკი სირთულეზე ვილაპარაკებთ, ალბათ ეს არის მხოლოდ გრაფიკი, სხვა მხრივ, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, თანაც პროფესიონალ კოლეგებთან ერთად, სირთულეები არ არსებობს...

- თქვენს სამსახიობო წარსულზეც გვიამბეთ, როგორ მოხვდით ფილმში "დედე"?

- ქასთინგი გავიარე. პირველად რომ მივედი, იმ დღესვე გადაწყვიტეს, რომ ეს როლი მე უნდა მეთამაშა და ასე გავხდი "დინა". ფილმი სამსახურამდე იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გადაღებებმა გამზარდა, უამრავი რამ მასწავლა და უდიდესი გამოცდილება მომცა. უკვე სამსახურის პერიოდში, როგორც მსახიობს მომიწია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება. ამ დროს ძალიან დამეხმარა ჩემი სამსახური, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ყველა ფესტივალზე შევძელი წასვლა და ამისთვის დღემდე მათი მადლობელი ვარ.

- უკვე ამ ფილმიდან ალბათ გცნობდათ საზოგადოება, არა?

- დიახ, თითქმის ყველგან მცნობენ და იმდენი დადებითი ემოცია მოდის ადამიანებისგან, რომ ხანდახან ვიბნევი კიდეც, იმდენ სითბოს გამოხატავენ, სიხარულისგან არ ვიცი როგორ მოვიქცე... სადაც მივდიოდი ყველგან ყველას მსახიობი ვეგონე და როდესაც იგებდნენ, რომ პოლიციელი ვარ, ეს ერთგვარი შოკი იყო საზოგადოებისთვის. თანაც ყველგან ვამბობდი, რომ ფორმის ჩაცმამდეც ბევრი რამ იყო, მერეც იქნება, თუმცა, პოლიციელი სულ ვიქნები.

სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ჩემს მიმართ ძალიან პოზიტიურია და პირდაპირ აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მშვენიერი გოგონას ნახვა ძალიან სასიამოვნოა. კარგია ამის მოსმენა, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მშვენიერების მიღმა საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალიზმი.

იყო პოლიციელი – ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ხშირად გვიწევს ისეთ საქმეებზე მუშაობა, რომელიც საკმაოდ მძიმეა, როგორც ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად, მის შესრულებას ვგულისხმობ. თუ გაწონასწორებული და მშვიდი არ ხარ სხვაგვარად საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომელი ვერ იქნები.

თითოეულ პოლიციელს მოგვეთხოვება მაქსიმალური დაკვირვება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. მთავარი სირთულე ამ პროფესიაში ის არის, რომ არასდროს გვაქვს გაწერილი კონკრეტული ქმედებები. მუდამ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ვცდილობთ, საზოგადოებაში მშვიდობა იყოს და ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს...

მარიამ ბენდელიანი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი:

- ხშირად მეკითხებიან, რამ განაპირობა ეს არჩევანი - ჩემმა დიდმა ინტერესმა ამ საქმიანობის მიმართ; ასევე გარემოცვამ, რომელთა უმეტესობას ფორმა ეცვა და სახელმწიფო სამსახურში იყო. ფორმიანი ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებული რიდის და პატივისცემის გრძნობას იწვევდნენ ჩემში. მიმაჩნია, რომ პოლიციელის მუნდირის ტარება დიდი პატივია.

გარდა ამისა, ჩემთვის არ არსებობს ქალის და კაცის საქმე. არ არსებობს ქალისთვის დაუძლეველი წინაღობები და ეს დავამტკიცე კიდეც... მეტსაც გეტყვით, ქალები იარაღის გამოყენების ცოდნაში ტოლს არ ვუდებთ მამაკაცებს. ამიტომ ვფიქრობ, მოსაზრება, რომ ქალის საქმე ფორმა და იარაღი არ არის, მცდარია. ამის დასტურია რიგ შემთხვევებში ქალის შეუცვლელი როლი პოლიციაში.

თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ფორმის ჩაცმამდე ძალიან საინტერესო და რთული გზა გავიარე. ჩემი ოჯახის წევრები სიხარულით არ შეხვედრიან ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. მხოლოდ ღელავდნენ ჩემზე, რადგან რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა, უკვე თანდათან შეეგუვნენ.

რაც შეეხება საზოგადოებას, უმეტეს ნაწილს დადებითი რეაქცია აქვს და ხშირ შრმთხვევაში სიმპათიასაც გამოხატავენ, თუმცა, ასევე უნდა ვთქვა, რომ აგრესიულად განწყობილი ნაწილიც არის. სიმართლე გითხრათ, ეს დისკომფორტს მაინცდამაინც არ მიქმნის. ყველას თავისი აზრი აქვს და ამის უფლება აქვთ... მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათი დამოკიდებულება შევცვალო.