ავტორი:

"გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა

"გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა.

დადგენილების თანახმად, "2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია", - ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის სახელით კენჭისყრაზე ცესკომ უარი კანონში არსებული ნორმების გამო განუცხადა. კერძოდ, იმისათვის, რომ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი დაესახელებინა, არჩევნებში რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო.იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბ ჯაფარიძეს „გირჩის“ სახელით კენჭისყრაზე უარი ეთქვა, მან იუსტიციის სამინისტროს საკუთარი სახელის ცვლილების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნის მიხედვით, მას ე.წ შუა სახელად გირჩის ჩამატება სახელის ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ შეცვლა სურდა, რათა ბიულეტენში პარტიის სახელიც დაფიქსირებულიყო.