ავტორი:

"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა და დაამწუხრა - გული დასწყდათ, რომ ხალისიანი, ნიჭიერი და კეთილი ზუზუ ასე მოულოდნელად წავიდა... მსახიობი 40 წლის იყო.

AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდათ. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ნიჭიერი, მხიარული, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვარ, დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი, ვერც ვაფასებ და ვერც ვიჯერებ, გაოგნებული ვარ. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ტრაგედიაა... ერთმანეთს ჯგუფ "ვერნისაჟიდან" ვიცნობდით. თეატრალურში კინოსამსახიობიოზე ჩვენს მერე, ბევრად გვიან ჩააბარა. ძალიან გაგვეხარდა მეგობრებს, რომ ასე გადაწყვიტა და ნამდვილად არ შემცდარა. ძალიან ნიჭიერი იყო ეკრანზეც და ცხოვრებშიც, ბევრის მიღწევა შეეძლო კიდევ...

- ზუზუს ცეკვა "ვერნისაჟში" მეც მახსოვს... გავიხსენოთ პერიოდი, როცა ის მოცეკვავე იყო.

- იმდენად მოცეკვავე არ იყო, რამდენადაც, არტისტული ნომრები ჰქონდა... ვმეგობრობდით, ბევრი საღამო წაგვიყვანია, კარგად შევეწყეთ ერთმანეთს. თუ ვინმე რამეს მთავაზობდა წყვილში, ზუზუ მიმყავდა, ზუზუს თუ სთავაზობდნენ რამეს და ქალი წამყვანი იყო საჭირო, მე მიკავშირდებოდა. შეხმატკბილებული დუეტი გვქონდა. რატომღაც ელისოს მეძახდა თავისი განუმეორებელ ხმით, - ასე მოსწონდა. მისი მონაცემები, როგორც ბევრი ნიჭიერი ადამიანის, გამოუყენებელი დარჩა.

- ბოლოს როდის ნახე?

- არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადამიანს ცუდი დიაგნოზი დაუსვეს და ამ ამბავთან დაკავშირებით დამირეკა - საქველმოქმედო კონცერტს აკეთებდნენ... რეალურად კი ძალიან წვალობდა, მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა... დედამისზე დარდობდა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს და განიცდიდა, რომ დედა ასაკში, ასე ნაქირავებში ცხოვრობდა. გაფიქრებაც არ მინდა, ახლა რა დღეშია ეს ადამიანი... ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალისიანი და იუმორით სავსე იყო, ისევე როგორც დედამისი.

გია ჯაჯანიძე, შოუმენი:

"სოციალური ქსელი აფეთქდა ზუზუს სურათებით, ყველას დაენანა და განიცადეს. ამხელა სითბო და ყურადღება სიცოცხლეში რომ მიეღო, ახლა ცოცხალი იქნებოდა. ნიჭიერი იყო, პროფესიონალი, ხშირად იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან თბილს, მოსიყვარულეს, მხიარულს, ეტყობოდა, რომ დიდ სევდას დაატარებდა. არ ვიცი, ეს სევდა რეალური ცხოვრებიდან ჰქონდა, თუ ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ადრე წავიდოდა...

გარდაცვალება არ არის სიკვდილი, გარდაცვალება სხვა განზომილებაში გადასვლაა. ზუზუ მოვიდა, დატოვა თავისი ნათამაშები როლები, სითბო, სიყვარული და წავიდა. დასანანია ჩვენი დამოკიდებულება სიცოცხლისადმი..."

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ძალიან დამწყვიტა გული... ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც მგონია, რომ მაინც უფრო სევდიანი იყო, სულ ხუმრობდა, ხალისობდა, კარგ განწყობაზე დაგაყენებდა, მაგრამ მახსოვს მისი ნაღვლიანი თვალები... არ ვიცი, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი... პირველად რომ გავიცანი და ვნახე, ალბათ 1997-1998 წელი იქნებოდა. რაღაც ჩვენება-კონცერტი იყო, მაშინ როგორც ხდებოდა ხოლმე. იმის მერე სულ სადღაც შეხვედრებზე, პროექტებში ვხვდებოდით. მერე ერთ ფილმში ვითამაშეთ - "გოგონა სლაიდიდან", რომელიც გიგა აგლაძემ გადაიღო. ლენუკა ყიფშიძე მის დას თამაშობდა. ზუზუ ძალიან კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გარდაიცვალა და გარდაცვლილზე კარგს ამბობენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაიხსენო, მაგრამ მე მართლაც სულ კარგად მახსოვს.

გულწრფელად მტკივა გული და ოჯახს ვუსამძიმრებ... ბოლოს დიდი ხნის წინ ვნახე. ეს საშინელი ამბავი რომ ვთქვი სახლში, ბავშვმა, ნატაშკამ მითხრა - არ არსებობს, გუშინ დავინახე ქუჩაში, რუსთაველის მეტროსთანო...

ლენუკა ყიფძიძე, მოდელი:

"ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ზუზუსთან მე და ჩემი ძმა ვმეგობრობდით. მახსოვს, ყოველთვის პოზიტიური, სულ მოღიმარი, თან, ემოციური და ძალიან კარგი ადამიანი. დიდი ხანია, ასე გული არ დამწყვეტია... ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ფილმში "გოგონა სლაიდიდან". მის დას ვთამაშობდი. იმის მერე მეტად დავახლოვდით და დაოს მეძახდა, მე ძმაოთი მივმართავდი და სულ ასე ვიყავით. ერთმანეთს ხშირად ვხედავდით, ვმეგობრობდით. მისი გადაცვალების ამბავი რომ გავიგე, სერიოზული შოკი მქონდა.

მაცაცო კევლიშვილი, პიარმენეჯერი:

"არც მახსოვს რამდენი წელია ვიცნობ, რადგანაც მგონია, რომ სულ ვიცნობ. "მი სტაბოი ადნოი კროვი, ძეტკა" - "მაუგლიდან" კას სიტყვებს მიმეორებდა სულ. დავმეგობრდით 2011 წელს. ნინი დედალამაზიშვილი, კოტე თოლორდავა, განო მელითაური ვისხედით ხოლმე ერთად "კინო ამირანის" კაფეში და ვსაუბრობდით. მერე დედამისიც გავიცანი, უსაყვარლესი ქალბატონი. ისე მეცოდება, თან, სულ ახლახან ოპერაცია გაიკეთა...

ზუზუ ვაკეში ხშირად იყო ხოლმე, კლუბში კარაოკეს სისტემა გვქონდა და მღეროდა და ხუმრობდა, ათას ისტორიას იხსენებდა. ყველას გამხნევებას და დახმარებას ცდილობდა, არადა, თავად ძალიან უჭირდა. "ნიუტონის" სოლისტის თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის საქველმოქმედო აქციაზე ნანკა კალატოზიშვილთან ერთად, უანგაროდ დაგვიდგა გვერდით. ნიჭიერი კაცი იყო... უხაროდა კომპლიმენტები, ამით ალკოჰოლზე მეტად თვრებოდა. ნინი დედალამაზიშვილი და ვერიკო ტურაშვილი უყვარდა ძალიან და მათ ყურადღებას აქცევდა... ნინი ხმას ვერ იღებს საერთოდ... როგორი ადამიანი იყო, იცით? ყველა პრობლემას გიხსნიდა ერთ წამში."