რამდენად ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე სოციალური მედია? არის თუ არა ის მძლავრი ბერკეტი ნებისმიერი პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური ძალების ხელში და როგორ აფასებენ მას სპეციალისტები? ამ საკითხების გარშემო ყოველთვისაა აზრთა დაპირისპირება. დღევანდელ ინტერვიუში გთავაზობთ ერთ-ერთ შეხედულებას, რომელსაც სოციალური მედიის ექსპერტი ნინო ჭელიძე გაგვიზიარებს.
- რამხელა ბერკეტს ფლობს სოციალური მედია საზოგადოების გავლენაზე?
ნინო ჭელიძე: ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალური მედია ეს იგივე მედია საშუალებაა, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. მასმედიას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საზოგადოების ინფორმირება, ამას თავად დასახელებაც გვეუბნება: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. სოციალური მედიაც ხომ ერთგვარი მედია საშუალებაა, მისი გავლენა მსოფლიო საზოგადოებაზე ისევე იზრდება, როგორც ქართულ საზოგადოებაზე. ადამიანი არის სოციალური არსება! - ადრე იყო ჭორები, საფიხვნოები, დუქნები... ინფორმაციის გაცვლისთვის, მერე, გაჩნდა გაზეთები, ჟურნალები რადიო, ტელევიზია და ბოლოს - ინტერენტი.
-რამდენად სარწმუნო წყაროა ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელებისთვის?
-მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან, მაგრამ ის სინამდვილეში იარაღია. იარაღი, რომლითაც მზადდება ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ყალიბები. სოციალური მედიასაც გააჩნია იგივე ფუნქცია, თუმცა სარწმუნოობა ცოტა სადავო საკითხია, რადგანაც ხშირად ანონიმურად რჩებიან ის პირები, რომელბიც ამა თუ იმ ინფორმაციას ავრცელებენ. ამასთანავე, საკმაოდ ფრთხილი მიდგომაცაა საჭირო, რაგანაც საინფორმაციო საშუალებები და ინტერენტ საინფორმაციო წყაროები ახდენენ მოქალაქეთა პოლიტიკურ შეხედულებათა ფორმირებას, ასევე, ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულ გაანალიზებას. ახლა უკვე ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობის განწყობას ადევნოს თვალი არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ უკვე ახალი მედიის საშუალებითაც, რათა კონსტრუქციულად მოახდინოს მათზე რეაგირება.
- ხომ არ იყენებენ მას სპეცსამსახურები დეზინფორმაციის გასავრცელებლად?
-საზღვარგარეთ სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებები, მაგალითად, ალქაიდა ძალიან აქტირუად იყენებს სოციალურ მედიას, აქედან გამომდინარე სპეცსამსახურებს გარკვეულწილად უწევთ კონტროლი, რათა ესა თუ ის ტერორისტული აქტი მსხვერპლის გარეშე აღკვეთონ. ხოლო რაც შეეხება დეზინფორმაციის გავრცელებას, მე ვერ გეტყვით ამის უცხოურ მაგალითებს, მაგრამ ასეთი ფაქტი ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ასე რომ, როგორც ტრადიციულ მედია საშუალებებს, ისევე სოციალურ მედიას შეუძლია მასობრივი პროტესტისა და არეულობის პროვოცირება, პოლიტიკური სკანდალის შექმნა და პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა.
- როგორ ფიქრობთ, აკონტროლებს თუ არა ვანო მერაბიშვილის უწყება სოციალურ ქსელებს?
-ვანო მერაბიშვილის მიერ ყველაფრის კონტროლი უკვე მითად იქცა. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება შეგხვდეთ ადამიანები, ვინც დაგჟინებით დაგიწყებთ მტკიცებას, რომ ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს ამა თუ იმ ფორუმს, ბლოგებს და ა.შ მაგრამ მათ რომ სთხოვოთ რომელიმე მაგალითის დასახელება, მე დარწმუნებული ვარ, ასეთს ვერ მოიტანენ. მოდით, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ინტერნეტი ადვილად კონტროლირებადი სივრცეა. საქართველოში სოციალურ ქსელებში, ვისაც რა უნდა, იმას წერენ, სადაც უნდათ, იქ ანთავსებენ და ჩვენ არ გვქონია იმის ფაქტი, რომ ვინმე დაეჭირათ, ეცემათ ან გაესამართლებინათ საკუთარი, შეიძლება, საზოგადოების ფართო მასებისთვის მიუღებელი აზრის გამო.
- თუ დაიგეგმება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, გამოიყენებენ თუ არა სოციალურ მედიას?
-თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური წესრიგის ორგანიზებას ახდენს მედიაპოლიტიკა. მინდა, ჩემი აზრი მოგახსენოთ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დადგომა ხელოვნურად შექმნილი მოლოდინია გარკვეულ ჯგუფებში. ამასთანავე, თვითმმართველობის არჩევნების დროს გვქონდა უამრავი მაგალითი, თუ როგორ დაიწყეს აქტირუად გამოყენება პოლიტიკოსებმა სოციალური მედიის, როგორც დამატებით საშუალების, რათა მათ სუბიექტამდე უკეთ მიეტანათ საკუთარი პროგრამა. ვინაიდან ინფორმაცია ძალაუფლების რესურსიცაა და რომლის გამოყენების ხარისხზეა დამოკიდებული მიზნის მიღწევა. აქედან გამომდინარე მე მაქვს მოლოდინი, რომ სოციალური მედიის როლი გაიზრდება, რაც გველოდება 2013 წელის არჩევნებისთვის.
- არიან თუ არა ხელისუფლებაზე მომუშავე სპეცჯგუფები, რომლებიც აზრის შექმნას ცდილობენ?
- საზოგადოებრივი აზრის შექმნის საჭიროება მუდმივად იქნება. თითოეული ადამიანს გააჩნია საკუთარი მოსაზრება. იგი შეიძლება ემხრობოდეს ხელისუფლების გარკვეულ ქმედებას ანდა აკრიტიკოს ის. რა თქმა უნდა, მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და მათი აქტიურობა სოცქსელებში ჩვენ არ უნდა დავინახოთ ისე, რომ ისინი ვინმეზე მომუშავე სპეცჯგუფები არიან. სოციალური მედია არის ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი მედია საშუალება, ამიტომაც ადამიანები თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ უშიშრად იყენებენ სოციალური მედიის საშუალებით და თუ ამ ყველაფერში ვინმე რაღაც სპეცჯგუფებს დაინახავს, ეს უკვე მისი პრობლემაა.
ნინო ფრანგიშვილი