ავტორი:

ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

მშვიდობით სენატორო!

"არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება იმდენად მკაფიოა, რომ მათი სიკვდილის დაჯერებაც კი ძნელია...", - წერს ჯორჯ ბუში ამერიკელი სენატორისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"სულით, და შეიძლება ითქვას, სისხლით მებრძოლი ადამიანი, ის სიკვდილამდე, 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ამერიკის შეერთებულ შტატებს", - ასე ახასიათებს მსოფლიო მედია ვიეტნამის ომის ვეტერანს, რაც გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.

ჩვენ კი თამამად და სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი დაკარგა...

ყოფილი სამხედრო მფრინავი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ექვსი წელი დაჰყო ტყვეობაში, ექვსჯერ აირჩიეს არიზონის შტატის წარმომადგენელ რესპუბლიკელ სენატორად, მაგრამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ორივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ის მრავალი წელი ხელმძღვანელობდა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, მიიჩნეოდა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტად.

ყველაზე ცნობილ ამერიკელ სენატორს 2017 წლის ივლისში თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, რასაც რამდენიმე ეტაპიანი მკურნალობა მოჰყვა. მისივე გადაწყვეტილებით, ბოლო ხანს არიზონაში, ოჯახისა და მეგობრების წრეში იყო.

ჯონ მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს პანამაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებად სამხედრო ავიაბაზა, "კოკო-სოლოზე" დაიბადა. მამა და ბაბუა მაღალი რანგის სამხედროები და ოთხი ვარსკვლავის მატარებელი ადმირალები იყვნენ, რაც მშვიდობის დროს, ამერიკის შეიარაღებულ ძალებში უმაღლეს წოდებად ითვლებოდა. ჯონი მათ კვალს გაჰყვა. ამიტომაც ამბობენ, რომ ის შთამომავლობით სამხედრო მეზღვაური იყო.

მისი პიროვნული კონსერვატულობის გამო, ის მუდმივად ექიშპეობდა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს. ასევე, ჰქონდა ძალზე პირდაპირი და ხისტი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ. 2017 წელს განაცხადა, რომ მოსკოვი მსოფლიოსთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე თვით "ისლამური სახელმწიფო".

"მემკვიდრეობით სამხედრო" და წარმატებული მომლაპარაკებელი

პირდაპირი განცხადებებისა და ხასიათის მიუხედავად, სენატორი ძალიან კარგი მომლაპარაკებლის ავტორიტეტით სარგებლობდა, კომპრომისზე წასვლაც შეეძლო და პრობლემის ამგვარი გზით გადაწყვეტაც. მომავალ "რესპუბლიკელებს" სწორედ ის დაეხმარა და დემოკრატ ობამასთან დაკავშირებით რჩევებსაც აძლევდა. ის მუდმივად აკრიტიკებდა თანაპარტიელ ტრამპს და თავადაც ცდილობდა, პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას. მამას სამსახურის გამო მუდმივად უწევდა გადაადგილება, ამიტომაც ჯონმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. შემდეგ მან ამერიკაში, მერილენდის შტატში, ანაპოლისის სამხედრო-საზაღვაო სკოლაში ჩააბარა. მას იქ იცნობდნენ, როგორც ლიდერსა და ადამიანს, რომელსაც კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. თუ მას საგნები არ მოსწონდა, შეეძლო უბრალოდ არ ესწავლა. მაკკეინმა აკადემია ყველაზე ცუდი მოსწრებით დაასრულა. ამის შემდეგ ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ პენსაკონში გადავიდა, რომელსაც ამერიკაში საზღვაო ავიაციის ფლაგმანად მიიჩნევენ. მან იქ მფრინავობა შეისწავლა და "საღამოს წვეულებების მეფის" სტატუსიც მოიპოვა.

სწავლებების შემდეგ ის ავიამოიერიშე "სკაირაიდერის" პილოტი გახდა. თუმცა, ვიდრე პროფესიონალი გახდებოდა, რთული გაფრენებიც ჰქონდა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემებში შეიჭრა და რეგიონი რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ დატოვა.

სამხედრო გმირი

1967 წელს, მეგობრების რეკომენდაციით, ის ავიამოიერიშე Forrestal-ზე მოხვდა, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. იმავე წლის 26 ოქტომბერს, მისი თვითმფრინავი ჰანოის თავზე ჩამოაგდეს და დაიწყო ტყვეობა, რომელმაც ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია.

პირველ ხანებში მას ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ და ამავდვროულად მის დაკითხვას ცდილობდნენ. შემდეგ კი მისი წამება დაიწყეს, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ის ადმირალის შვილი იყო, შეწყვიტეს და ფსიქოლოგიურ წნეხზე გადავიდნენ. 1968 წელს ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც ორი წელი გაატარა. როდესაც მაკკეინის მამა ვიეტნამში ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური გახდა, მას გათავისუფლებაზე დაუწყეს საუბარი, ეს მოწინააღმდეგის მხრიდან ერთგვარი ტაქტიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, მუხლი კი დაზიანებული და აწამებდნენ, ახალგაზრდა ოფიცერი უარს აცხადებდა გათავისუფლებაზე. ის ამბობდა, რომ მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა ვიეტნამის ციხეს, რაც დანარჩენ ამერიკელ ტყვეებსაც გაუშვებდნენ, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. მაშინ ვიეტნამელებმა მისი სასტიკი წამება განაახლეს... ნაწამებმა და დიზენტერიით დაავადებულმა ახალგაზრდა სამხედრომ თვითმკვლელობაც სცადა. მთლიანობაში მან საშინელ ტყვეობაში 5-ნახევარი წელიწადი გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ქეროლი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. 1980 წელს ის მეორედ დაქორწინდა სინდი-ლუ ჰენსლიზე.

გზა დიდი პოლიტიკისკენ

1981 წელს მაკკეინმა სამხედრო-საზღვაო ფლოტში თავისი კარიერა დაასრულა და არიზონას შტატის პალატის წარმომადგენლად აირჩიეს. ის რონალდ რეიგანის კურსს იზიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სენატორად პირველი ვადით იყო არჩეული, რონალდ რეიგანის წინააღმდეგ გამოვიდა და შეზღუდული თავდაცვითი რესურსების მიუხედავად, ბეირუთში საზღვაო ქვეითების სამშვიდობო მისიით განთავსება გააპროტესტა.

მალევე გაირკვა, რომ მისმა ინტუიციამ გაამართლა - 1983 წლის ოქტომბერში თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული მანქანით შეიჭრა ამერიკელების ყაზარმაში. მაშინ თავდასხმას 241 სამხედრო ქვეითის სიცოცხლე შეეწირა.

ამასთან, როდესაც საბჭოთა კავშირის საზღვრები ჩაკეტილი იყო და მონსტრზე საუბრისგან ბევრი თავს იკავებდა, ის არც მაშინ დუმდა. იმ დროს ბევრმა მას "საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტერიც" უწოდა და სენატორი არც უარყოფდა, რომ ასე იყო.

1984 წელს მისი პოლიტიკური აღმავლობის გზა იწყება... ის პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრად აირჩეს. 1987 წელს კი არიზონას შტატის სენატორი გახდა. თავისი სამხედრო წარსული მას უფლებას აძლევდა შეიარაღებული ძალების კომიტეტშიც მოესინჯა ძალები.

მისი მონაწილეობით მიიღეს ამერიკაში კანონი, რომელიც კორეელებს კაზინოში თამაშის უფლებას აძლევდა, თავად მაკკეინი ძალიან აზარტული პიროვნება და ძლიერი მოთამაშე გახლდათ. მის მეწყვილედ თამაში ყველას სურდა, მის წინააღმდეგ კი - ცოტას.

1999 წელს მან პირველად განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტიიდან" ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატობა სურდა.

ძლიერი მოთამაშე და ღირსეული ოპონენტი

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მან ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო ოპერაციებს ღიად დაუჭირა მხარი, თუმცა, როდესაც ერაყის საბრძოლო კამპანია დაიწყო, მან ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიის სისწორეზე დაიწყო მსჯელობა.

ჯონ მაკკეინი რომ ძლიერი პიროვნება იყო, ამაზე არც მისი ოპონენტები დავობენ. თუ მათი პოზიცია არასწორად მიაჩნდა, ის უკან არ იხევდა არც პრეზიდენტების, მათ შორის თანაპარტიელი პრეზიდენტების კრიტიკაზე.

ცნობისთვის, მაკკეინი პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას კრიტიკას ერიდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, თუ ბუშს მაგალითად, ერაყში აშშ-ის სტრატეგიას უწუნებდა, ობამას პოზიციას იზიარებდა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.

მის მწვავე შეფასებებს ვერც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი გადაურჩა. მათ ბევრჯერ საჯაროდ გამოუთქვამთ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა: მაკკეინი დონალდ ტრამპს გმობდა რუსეთის პრეზიდენტის ქებისთვის, ასევე იმიგრანტებზე სტერეოტიპული შეხედულებების გამო.

თავის მხრივ, ტრამპმა მას "არაკომპეტენტური სენატორი" უწოდა და ისიც კი თქვა, მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირად არასდროს მიმაჩნდა, გმირი რომ ყოფილიყო, ტყვედ არ ჩავარდებოდაო.

მას სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, უწუნებდნენ არათანმიმდევრულ პოზიციას საიმიგრაციო პოლიტიკის, აბორტის, გადასახადების შეკვეცის საკითხებში, დასცინოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პეილინის არჩევისთვის. ვლადიმერ პუტინმა მას "ძველ დროში" ჩარჩენილიც უწოდა, რაც რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობას ნამდვილად მოკლებულია.

პუტინს ნამდვილად ჰქონდა მის მიმართ უარყოფითი განწყობის მიზეზი - სენატორი აქტიურად უჭერდა მხარს ნატო-ს გაფართოებას და რუსეთს მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა. მან არც ისე მორიდებულად განაცხადა, რუსეთი "ავტოგასამართი სადგურია, რომელსაც აქვს ბენზინი და თავი სახელმწიფოდ მოაქვსო".

ჯონ მაკკეინი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს - ბოლოს 2017 წლის იანვარში პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან - იქ, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტია.

"ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად" - ეს სიტყვები მას ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში განუხრელად იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და რომელიც თავის სიტყვებს საქმიანი განცხადებითაც ამტკიცებდა.

და ბოლოს, მაკკეინმა 2018 წლის 10 აგვისტოს რუსეთის წინააღდეგ ახალ სანქციებს სასიამოვნო უწოდა: "სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ახალი საქციები შემოაქვს რუსეთის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმის ფაქტის გამო", - წერდა მაკკეინი.

მელანია ტრამპი მეუღლეს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს" - რა სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ