ავტორი:

"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს

"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს

"მე თმა ჰეალაინში გადავინერგე" - ყურში იმდენად გამჯდარი სლოგანია, მგონი, არ არსებობს ადამიანი, ეს ფრაზა არ იცოდეს. კლინიკას ჰყავს ბევრი ცნობილი პაციენტი, რომლებმაც თმა სწორედ აქ გადაინერგეს. თუმცა, AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ჰეალაინი" ერთდროულად 17-მა თანამშრომელმა დატოვა.

თუ რა ხდება კლინიკაში, ამის გასარკვევად მის დამფუძნებელს პროფესორ ალექსი მახარაშვილს დავუკავშირდით. ჩვენს კითხვას მისმა მეუღლემ, დეა პაპასკირმა, მედიცინის დოქტორმა, პლასტიკურმა ქირურგმა და უკვე ახალი კლინიკის - "დეამედის" დამფუძნებელმა და დირექტორმა უპასუხა. ქალბატონი დეა ადასტურებს, რომ ის "ჰეალაინიდან" წამოვიდა და მასთან ერთად, კლინიკა დატოვა 16-მა თანამშრომელმა. როგორც გავარკვიეთ, დეა პაპასკირს და ალექსი მახარაშვილს არაერთი ცნობილი ადამიანისთვის აქვთ თმა გადანერგილი, მათ შორის არიან: დათო როსტომაშვილი, ლევან ყოჩიაშვილი, მერაბ სიჭინავა, გიორგი ბახუტაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ედმონდ აბაშიძე, ვიქტორ სანიკიძე, კახა კუხიანიძე, ნიკა ნიკვაშვილი...

დეა პაპასკირმა ჩვენთან საუბარი "ჰეალაინის" მცირე ისტორიის თხრობით დაიწყო:

"პატარა პრეისტორიას მოვყვები. "ჰეალაინი" საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა, თუმცა მისი ჩამოყალიბება და შექმნა მე და ჩემმა მეუღლემ, პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა 2004 წელს გადავწყვიტეთ. მაშინ ჯერ კიდევ მოსკოვში ვმოღვაწეობდით. პირველ ასეთი კლინიკა იქ გავხსენით და როცა გადაწყდა, მსგავსი თბილისშიც გაგვეკეთებინა, პირადად მე მოსკოვიდან ჩამოვედი, 8 თვის განმავლობაში მოვამზადე და დავატრენინგე თანამშრომლების მთელი გუნდი, რომლებიც ბოლო დრომდე "ჰეალაინში" მუშაობდნენ.

ეს იყო მრავალი ათეული ადამიანისგან სპეციალურად შერჩეული კადრი. კლინიკის ქირურგი მოსკოვში ჩამოვიდა და სტაჟირება ჩვენს კლინიკაში გაიარა, რომელსაც იმ დროისთვის არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შევასწავლეთ და ასე გავხსენით კლინიკა. მისთვის ჩვენი შვილების სახელები არ დაგვირქმევია, მაგრამ მესამე შვილივით გვიყვარდა... 2013 წლამდე ისევ მოსკოვში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში `ჰეალაინი~ საქართველოში არც ისე პოპულარული იყო, თუმცა გეთანხმებით, რომ დღეს საკმაოდ პოპულარული კლინიკაა.

- ალექსი მახარაშვილი კლინიკის დირექტორი როდიდან იყო?

- 2012 წლიდან. კლინიკის პოპულარობის ამაღლების კუთხით პირველი ნაბიჯები იმ პერიოდში ნელ-ნელა დავიწყეთ, ურთიერთობა დავამყარეთ ცნობილ ადამიანებთან. მათი გადაწყვეტილება, თმა `ჰეალაინში~ გადაენერგათ, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა, ნდობა გამოგვიცხადეს, ამ ნდობის შედეგი საზოგადოებამ დაინახა და პაციენტების სახით მათგან იგივე რეაქცია მივიღეთ. პროგრესი იყო, ვზრუნავდით განვითარებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და იმაზე არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა. მაგრამ სხვანაირად მოხდა.

- რისი ბრალია?

- არ ვიცი, ადამიანის ბუნებას მივაწერო ეს, თუ რას, ყოველ შემთხვევაში, იმის წინაპირობა, რომ გუნდი დაშლილიყო, არ არსებობდა. თუმცა ამის ადამიანური მიზეზები არის, რომელიც არც დაწერილ და დაუწერელ კოდექსში ეტევა, რაზე საუბარსაც არ ვაპირებ. მაგრამ, ვიმეორებ, მიზეზები იყო, რამაც ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა, კერძოდ, ალექსი მახარაშვილი დირექტორობიდან გადადგა, მე დავწერე განცხადება და წამოვედი.

- ანუ ადასტურებთ, რომ კლინიკა `ჰეალაინი~ არსებობს, მაგრამ თქვენ იქ არ ხართ...

- დამფუძნებელი ალექსი მახარაშვილი იყო და დამფუძნებლად დარჩა, თუმცა ექიმებად იქ ჩვენ (არც მე და არც ალექსი) აღარ ვმუშაობთ. არა მარტო ჩვენ, კომპანიიდან სულ 17 თანამშრომელი წამოვიდა. დარჩა მხოლოდ ექვსი. გავხსენი ახალი კლინიკა „დეამედი“ და ის თანამშრომლები, რომლებიც "ჰეალაინიდან" წამოვიდნენ, ახლა აქ მუშაობენ. ოღონდ, 23-დან 17 რომ წავა სამსახურიდან, ამას რა ჰქვია, ეს - სხვებმა შეაფასონ. კლინიკა "ჰეალაინი" დღეს პრაქტიკულად, სხვა გუნდით განაგრძობს საქმიანობას. მაგრამ რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობიკენაა, თუნდაც იმიტომ, რომ გეგმები საკმარისი გვაქვს და აზროვნებაც არ შეგვიცვლია.

მესამე შვილი რომ არ გამოგადგება, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ გაძლევს, რომ მეოთხე შვილი არ გააჩინო. ამიტომ, "მეოთხე" შვილი გავაჩინეთ. მისთვის ენერგიას ნამდვილად არ დავიშურებთ.

რაც მთავარია, ერთგულ პაციენტებს ვახსოვართ, ყველა გვერდში გვიდგას. არავის ცუდი შედეგი არ გვახარებს და ყველას წარმატებას ვუსურვებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ხარისხიანად იმუშაოს და არ მოხდეს თმის გადანერგვის მეთოდის დისკრედიტაცია. უბრალოდ, დღეს ჩვენ ჩვენით ვმუშაობთ და ახალ მიღწევებზე ვართ ორიენტირებული.

AMBEBI.GE აღნიშნული საკითხის გარკვევას "ჰეალაინის" ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, ირაკლი ბებიაშვილთანაც შეეცადა. თუმცა, ჩვენი რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, მან ამისთვის დრო ვერ გამონახა. არ დაგვითვლია, მაგრამ ალბათ 10-12-ჯერ განხორციელებული სატელეფონო ზარის მიუხედავად, მისი კომენტარი მაინც ვერ მოვიპოვეთ. ბოლო სამ სატელეფონო ზარს კი ბებიაშვილმა საერთოდ აღარ უპასუხა...

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?

„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს