ავტორი:

დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"

დიანა ღურწკაია იოსიფ კობზონზე - "მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას"

80 წლის ასაკში სსრკ-ს სახალხო არტისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მომღერლის და დეპუტატის გარდაცვალებას ეხმაურებიან რუსული ესტრადის ვარსკვლავები. РИА Новости-სთან საუბარში კობზონი მომღერალმა და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ოჯახის მხარდაჭერის კომისიის ხელმძღვანელმა დიანა ღურწკაიამაც გაიხსენა.

"გამოირჩეოდა სიკეთით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და ყურადღებით. მისი ცხოვრება - ეს არის მაგალითი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას" - აღნიშნა მომღერალმა გამოცემასთან საუბრისას.

"ის იყო არამხოლოდ დიდებული არტისტი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი. მასთან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მიდიოდა ყველა: კოლეგები, უბრალო ადამიანები... ნამდვილი გმირი, რომელმაც "ნორდ-ოსტის" დროს ბავშვები გადაარჩინა. ის იყო მოსიყვარულე მამა და ბაბუა", - განაცხადა ღურწკაიამ და დასძინა, რომ კობზონის გახსენებისას ემოციების შეკავებას ვერ ახერხებს.

"იოსიფ დავიდოვიჩი მუდმივად გვერდით იყო: სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ქორწილში, ბავშვის დაბადების დროს, როცა დამირეკა და მითხრა: "შენ ბევრს მიაღწიე, მაგრამ მთავარი დღეს გააკეთე". ნათელში იყოს მისი სული, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება", - აღნიშნა ღურწკაიამ РИА Новости-სთან საუბარში.

როგორც ცნობილია, კობზონი ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს და საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში კულტურის სახლში მძევლად აყვანილი ადამიანები გამოიყვანეს. კობზონი წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად შევიდა შენობაში და ახალგაზრდა ქალი სამ ბავშვთან ერთად გამოიყვანა. 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში, კულტურის სახლში, იმ დროს, როდესაც მიუზიკლი “ნორდ-ოსტი” გადიოდა, ტერორისტები შეიჭრნენ და 916 ადამიანი მძევლად აიყვანეს... მათთან მოლაპარაკება სამი დღე გრძელდებოდა, შედეგად 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ძალოვნებმა შენობაში მომწამვლელი გაზი შეუშვეს და შტურმი დაიწყეს.

საინტერესოა კიდევ რამდენიმე დეტალი იოსიფ კობზონის ცხოვრებიდან - ის რამდენჯერმე იმყოფებოდა საპატიო სტუმრის სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათ შორის, რუსული მედიის ინფორმაციით, მან 2008 წელს სოხუმში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა.