ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.
236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.
ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე.
ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, საავადმყოფოში 4 პირი შეიყვანეს, თუმცა ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, მათგან ერთი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მესამე პირს გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება და სახლში გაეწერა. "დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.