ავტორი:

მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი

მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი

საქართველოში მშენებლობების ნაწილი გეოლოგიური კვლევის გარეშე და ზოგჯერ ყალბი გეოტექნიკური დასკვნების საფუძველზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონმდებლობის "შავი ხვრელების" წყალობით შენობა შეიძლება აშენდეს იქ, სადაც მისი აგება დაუშვებელია, მათ შორის - მოძრავი გრუნტებისა და მიწისქვეშა აგრესიული წყლების არეალშიც, ყალბი გეოტექნიკური დასკვნის ყიდვა კი 200-300 ლარად შეიძლება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეისმურად სახიფათო რეგიონშია და კონსტრუქციის სეისმომდგრადობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ვიღაცისთვის მომგებიანი სამშენებლო ბიზნესი ხვალ, შესაძლოა, მოსახლეობის სასაკლაოდ იქცეს!

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და გეოტექნიკური დასკვნის შესაძენად ინტერნეტში საძიებო სისტემას მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ კვლევებსა და საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე გვთავაზობს. პირველივე მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და საუბარიც ჩავწერეთ. სატელეფონო საუბრის სტილი დაცულია. არც მოსაუბრის სახელი შეგვიცვლია. სხვა ინფორმაციას საჯარო სივრცეში არ ვამხელთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ, მით უფრო, რომ როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ამგვარი მოქმედებები მასშტაბური ხასიათისაა.

- გამარჯობა, სანდრო ხართ? გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით გირეკავთ. როგორც მითხრეს, სახლის მშენებლობისას ეს საბუთიც მჭირდება. მითხრეს, რომ შემიძლია გთხოვოთ ამ საბუთის დამზადება და შემდეგ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნით. რა დამიჯდება?

- სად არის ტერიტორიულად ნაკვეთი?

- დიღომში, სასამართლოს უკან... დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია...

- ეგ არაფერია, გაკეთდება... როგორი სახლია?

- ორსართულიანი...

- ორსართულიანი სახლი სარდაფით?

- დიახ, სარდაფით...

- რადგან სარდაფით კეთდება, ქალბატონო... სამ-ნახევარ მეტრზე მაინც უნდა ჩავიდეთ სიღრმეში და გრუნტის ანალიზი უნდა ავიღოთ. მანდ, ალბათ, ჭაბურღილი დაგვჭირდება. მანქანა უნდა მივიყვანოთ და გავაკეთოთ.

- ეს აუცილებელი პროცედურაა? ვინც თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა, მითხრა, რომ არ იქნება პრობლემა და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით შეიძლება გაკეთდეს. სხვა პროცედურები მინდა ავიცილო თავიდან.

- ნუ... თუ ისეთი გინდათ გაკეთდეს, ქალბატონო, და მხოლოდ საბუთისთვის გინდათ... მხოლოდ საბუთი რომ დაგიმზადოთ, გადმომიგზავნეთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და ამის მიხედვით ვნახავ კომპიუტერში თქვენს ტერიტორიას, ამოვიღებ საკადასტრო გეგმას და მასზე ვითომ დავსვამ "შურფებს". რაღაცებს გავაკეთებ ისე, ზეპირად, არც ვნახავ იმ ტერიტორიას. დაახლოებით ვიცი, რაც არის მანდ. მაგას კი გაგიკეთებთ, მაგრამ თუ სარდაფს აკეთებთ, მანდ შესაძლებელია გრუნტის წყლები იყოს.

- მე უნდა ავაშენო სახლი და გავყიდო. შესაბამისად, მინდა მხოლოდ საბუთი, ყოველგვარი კვლევის გარეშე.

- და მშენებლობის დროს რომ წყალი ამოვიდეს? მერე რას ფიქრობთ? წყალი თუ არ არის, მაშინ მანდ ყველაფერს გავაკეთება, მაგრამ რომ იყოს?

- არა მგონია, იყოს წყალი, რადგან ირგვლივ სულ სახლებია და არსად წყალი არ არის და ჩემთან რატომ ამოვა?

- კარგი, მაშინ გავაკეთოთ... მე ახლა ჩემს მეილს გამოგიგზავნით და თუ ტოპოგრაფიაც გაქვთ გაკეთებული, საკადასტრო კოდთან ერთად გადმომიგზავნეთ. 250 ლარი დაგიჯდებათ. დღეს ოთხშაბათია და პარასკევისთვის საბუთი მზად იქნება.

- თქვენ კომპანია ხართ? პრობლემა ხომ არ მექნება თქვენ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით მერიაში? ლიცენზია გაქვთ?

- არა, არა, ქალბატონო... ინდმეწარმე ვარ და ოთხი წელია, ვაკეთებ ამ საქმეს და არავის პრობლემა არ ჰქონია. ბეჭედდასმულ ელექტროვერსიას მოგცემთ და დისკზე ჩაწერილსაც. არავითარი პრობლემა ამ საბუთს არ ექნება და არც არავინ შემოგედავებათ...

ორი დღის შემდეგ თვითონ დაგვირეკა:

- თქვენ ორი დღის წინ დამირეკეთ, გეოლოგიური დასკვნა გინდოდათ...

- დიახ, მაგრამ იცით, ჩემს მეუღლეს ველაპარაკე და მთხოვა, გამეგო, რომ მოხვიდეთ და ჩაატაროთ კვლევა ისე, როგორც წესი და რიგია, რა დაგვიჯდება?

- ამიტომ გითხარით ქალბატონო, რადგან მანდ ისეთი პრობლემებია, რომ შესაძლოა, შემდეგ იჩინოს თავი. ამიტომ მანდ ერთი ბურღი რომ მოვიყვანოთ და 3-4 მეტრამდე რომ გავბურღოთ და ზუსტად გავიგოთ, რა არის, ამას 200 ლარი სჭირდება. თუ მიწისქვეშა წყალი აღმოჩნდება, კიდევ 100 ლარი დაემატება. ძვირი ღირს წყლის აგრესიულობაზე ერთი ანალიზის გაკეთება. მანდ თაბაშირიანი თიხებია, რომელიც ბეტონზე ცუდად მოქმედებს, რეაქციაში შედის და მის დაშლას იწვევს. ამ შემთხვევაში კონსტრუქციის მშენებლობისას უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული მარკის ბეტონი, რომელზეც მიწისქვეშა აგრესიული წყლები გავლენას ვერ მოახდენს. მოკლედ, 500 ლარი დაგიჯდებათ სულ. როგორც გითხარით, თუ მხოლოდ ფორმალურად გინდათ საბუთი, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, როგორც საჭიროა - 500 ლარი. ასეც კეთდება და ისეც. არც ერთი არ ვართ ანგელოზები. განაგრძეთ კითხვა