ავტორი:

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."

პრინცესობაზე ალბათ ყველა გოგონას უოცნებია, თუმცა ეს ყველას ხვედრი არ არის. მართალია საქართველოში მონარქია დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა დღემდე ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ბაგრატიონთა შთამომავლები, რომლებიც თანამედროვე პრინცები და პრინცესები არიან. გვაქვს სამეფო კარი, გვქონდა სამეფო ქორწილი და ა.შ.

საზოგადოება კარგად იცნობს რამდენიმე ქართველ პრინცს, თუმცა პრინცესების შესახებ ნაკლებად გვსმენია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ათამდე პრინცესა ჰყავს, უფრო დეტალურად მათ შესახებ AMBEBI.GE-ს საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე ესაუბრა.

- ბატონო გაიოზ, ვინ არიან საქართველოს პრინცესები და ვის შეუძლია გახდეს ამ ტიტულის მფლობელი?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ქალბატონი დედოფალია და ყველა გოგონა პრინცესა. თავად ტიტულს რაც შეეხება, ეს დღეს უკვე სიმბოლიკაა, რადგან საქართველო მონარქისტული ქვეყანა აღარ არის. დღეს პრინცესად მოიხსენიებენ ყველა იმ გოგონას, ვისაც ახლო ნათესაობა აკავშირებს ბაგრატიონებთან. ჩვენ სულ რამდენიმე პრინცესა გვყავს.

მთავარი არის ქალბატონი ლეილა ყიფიანი, სამეფო ოჯახის მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის მეუღლე.

მათი ქალიშვილები ანა და მაია. ანას და მაიას ქალიშვილები, 15 წლის ირინე, 11 წლის მარიამი და 11 წლის ანა.

მოგეხსენებათ 1944 წელს ესპანეთში, ბაგრატიონ-მუხრანელის შტოს წარმომადგენელი, ირაკლი აირჩიეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ. ამ ოჯახს ჰყავს კიდევ ორი პრინცესა, დავით ბაგრატიონის და - მარიამი და ასევე იოანეს და. ასევე იმერეთის შტოს ჰყავს ორი პრინცესა - ქეთევანი და თამარი, რომლებიც უფრო ადგილობრივი პრინცესები არიან. კიდევ ჩვენი პრინცესა არის ქრისტინე ძიძიგური, რომელიც ესპანეთის მეფის ფილიპეს რძალია.

- რას საქმიანობენ ჩვენი პრინცესები?

- ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ანა ბაგრატიონი პედაგოგია, მისი და მაია - ფსიქოლოგი. მათი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, კერძო სკოლაში სწავლობენ. დღევანდელ ეპოქაში პრინცესები ემსახურებიან ხალხს, ამის მაგალითია პრინცესა დაიანა, კეიტ მიდლტონი და სხვები... თანამედროვე სამყარომ მოიტანა ის, რომ კონკიას ზღაპარი ახდა. ადრე მეფეს არ შეეძლო თავადის ასულის გარდა, ვინმეს ცოლად მოყვანა, რადგან ქვეშევრდომს ცოლად ვერ მოიყვანდა. ასე იყო ევროპაშიც. დღეს კი ყველას შეუძლია პრინცესა და დედოფალი გახდეს, მაგალითად, ესპანეთის დღევანდელი დედოფალი ლეტიცია დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, ბრიტანეთის მომავალი დედოფალი კეიტ მიდლტონი - მაღაროელის შთამომავალი.

- როგორი წესებით იზრდებიან ქართველი პრინცესები და როგორ ცხოვრობენ?

- ოჯახის ტრადიციის გამო განსხვავებულად იზრდებიან. პრინცესა სახეს ვერ დაიხატავს, თამამ სამოსს ვერ ჩაიცვამს, ქუჩაში ვერ ჩაიმუხლება და სიგარეტს ვერ მოწევს. ეს მათთვის მიუღებელია, რადგან ჩარჩოებს უნდა აკმაყოფილებდეს პრინცესა. ასეთია წესი. ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენის. ანა და მაია ასე არ არიან აღზრდილი და ბავშვებსაც ასე ზრდიან. ჩვეულებრივი მეგობრები ჰყავთ და თავისთვის ცხოვრობენ. ისინი ისეთივე ისტორიული სიმბოლოები არიან ჩვენთვის, როგორც არქეოლოგიური და ხუროთმოძვრული ძეგლები.

- ცნობილია, რომ ქართველი პრინცები უგო, დავითი და სხვები ავტოსპორტით არიან გატაცებული, რა გატაცებები აქვთ ქართველ პრინცესებს?

- ბიჭების გატაცებების შესახებ ვიცი. გოგონებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. მათ უყვართ კითხვა, საქართველოს ისტორია და მუსიკა.

- ფიქრობთ რომ მონარქია დაბრუნდება საქართველოში?

- თუ ეს მოხდება, საქართველოში იქნება ჰორიზონტალური მონარქია, გვეყოლება მეფე, რომელიც შეასრულებს პრეზიდენტის როლს. მონარქიის მომხრეთა რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზარდა. იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 40 მილიონი იხარჯება, პრეზიდენტის არსებობას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს. მეფის შენახვა გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- მონარქიის აღდგენის შემთხვევაში მეფე ვინ იქნება?

- მთავარი კანდიდატი არის ნუგზარ ბაგრატიონი. თავად ნუგზარ ბაგრატიონი დიდებული პიროვნებაა, მეფობაზე პრეტენზიას არ გამოთქვამს და საუბარია მის შვილიშვილზე. პატრიარქიც საუბრობს და შეთანხმებულია, რომ უფლისწული გიორგი იქნება მეფე.

- იყო საუბარი თითქოს დავით ბაგრატიონი გახდებოდა მეფე. მისი მეფობა შორენა ბეგაშვილის სიყვარულმა შეიწირა?

- დავით ბაგრატიონის მეფობაზე დაინტერესებული, ვიწრო წრე საუბრობდა. ტახტის მემკვიდრეს განსაკუთრებული აღზრდა სჭირდება. მან უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია და ქვეყნისადმი სიყვარულს გამოხატავდეს.

- თქვენ თქვით და ფაქტებიც არსებობს, რომ პრინცესა ნებისმიერ გოგონას შეუძლია გახდეს. რატომ არ მიეცა ამის უფლება ვთქვათ შორენა ბეგაშვილს, რით იყო მიუღებელი?

- ეს ინტიმური თემაა და ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემთვის ნებისმიერი სიყვარული სიყვარულია. თუ ადამიანი თავისუფალია, სიყვარულს წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. მე ვიტყვი რომ ანა და დავითი იყვნენ დაქორწინებული და განქორწინებულები არიან.