თბილისის შემოგარენში არაერთი პატარა თუ დიდი სოფელია. ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ სოფელზე, რომელზეც ახლა გიამბობთ, ბევრი არაფერია ცნობილი. პირველად იქ ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ პატარა მოვხვდი, მერე კიდევ მომეცა იქ მოხვედრის საშუალება...
სოფელს ქვიშიანი ჰქვია, გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და პატარა ლილოს ზემოთ, დაახლოებით, სამ კილომეტრში მდებარეობს. ისე მოხდა, რომ გასულ კვირას ზემო ქვიშიანში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი (იქვე ახლოს ქვემო ქვიშიანიცაა) და მასზე გარკვეული ინფორმაციების შეგროვება დავიწყე.
თავდაპირველად როგორც "ოლგინკას" - ასე ვიცნობდი და ვიცოდი, რომ უკრაინელებით იყო დასახლებული... როგორც ამბობენ, საბჭოთა პერიოდში ლენინისი დაურქმევიათ. ქვიშიანი კი იქვე, სოფელში ქვიშის მომპოვებელი ისტორიული კარიერის გამო ეწოდა, რომელიც ახლაც მოქმედია. არც ისე დიდი სოფელია, სულ 30 კომლი იქნება, აქედან ნახევარი, მთელი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს და იქაურობას პერიოდულად აკითხავს.
ძველი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანიღაა შემორჩენილი, რომლებიც ამბობენ, რომ იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ, დაბერდნენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მათი წინაპრებიც ცხოვრობდნენ და არც მათ სდომებიათ სხვაგან ცხოვრება. ეს 70-80 წელს მიტანებული ადამიანები სწორედ იმ უკრაინელების შთამომავლები არიან, რომლებიც XIX საუკუნეში დასახლდნენ იქ. ქართულად შესანიშნავად ლაპარაკობენ და უარს არც გასაუბრებაზე გვეუბნებიან. ზოგიერთი სახლი ძალიან ძველი ჩანს, ალიზით ნაშენები, ზოგიც ნახევრად დანგრეული და მიტოვებულია... ამის ფონზე კი სოფლიდან თბილისის საოცარი ხედი ჩანს, როგორც ხელის გულზე, ისე ვუყურებთ თბილისის ზღვას და მის მიმდებარე ტერიტორიას...

უკრაინელების გარდა სოფელში მოლოკნებს, დუხობორებსაც უცხოვრიათ, მათი უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, შთამომავლებმა კი სახლ-კარი გაყიდეს და იმ სახლებში ქართველები დასახლდნენ, ადგილები კი უმეტესად, სააგარაკედ შეიძინეს და როგორც გვეუბნებიან, იქაურობას შაბათ-კვირას სტუმრობენ...
სოფლის ბოლოსკენ ყურადღებას იქცევს ქრისტიანული ეკლესია. ადრეულ წლებში დანგრეული და მიტოვებული იყო, ახლა კი როგორც გვეუბნებიან, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განახლდა და თითქმის თავიდან აშენდაო. ადრე წმინდა კონსტანტინეს და ელენეს სახელს ატარებდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ, წირვა-ლოცვა იმ პერიოდში რუსულად ტარდებოდა. განახლების შემდეგ კი, სახელი შეუცვალეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის გახდა, თუმცა ჯერ მოქმედი არ არის.

ეკლესიასთან საფლავია, ქვას რუსული წარწერა აქვს, აგრაფინა მიხეილის ასული კირილოვა, რომელიც 1910 წელს დაუკრძალავთ. თუმცა, სოფელს სასაფლაო ცალკე აქვს, ცოტა ამაღლებულ ფერდობზე, სადაც საფლავის ქვებზე არაერთ უკრაინულ გვარს ამოიკითხავთ.

ამ სოფელში ადრე ერთ კაცს, გვარად სავინსკის ვიცნობდით, მოვიკითხეთ კიდეც, მაგრამ გვითხრეს, ცოტა ხნის წინ მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდაო... მორწმუნე იყო და თბილისში, ნეველის სახელობის რუსულ ეკლესიას დაუკრძალავს და ამიტომ, მისი საფლავი ქვიშიანში ვერ აღმოვაჩინეთ.
სოფელში მისასვლელი გზა არც ისე კარგია, პატარა ლილოდან სამ კილომეტრშია, ძველი ასფალტის კარგა ხნის დანგრეული საფარია და აღდგენას საჭიროებს.

მოსახლეობა ძირითადად, ლილოს ავტობუსით სარგებლობს, შემდეგ კი უკვე ფეხით უწევთ ქვიშიანში ასვლა, ეს უმეტესად მათ, ვისაც მსუბუქი მანქანა არ აქვს. თითქოს იქაურობას არაფერი აკლია, მაგრამ სოფელს რაღაცნაირი სევდიანი იერი აქვს და ამას იქ მოხვედრისთანავე გრძნობ. ამის მიზეზი ალბათ მაინც ის არის, რომ მოსახლეობისგან დაცლილია და თუ ეზოებში არ მოიკითხე ისინი, გარეთ ვერავის დაინახავ.
