ავტორი:

რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?

რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?

თელავში, “ბატონის სასახლეში“ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი:

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".

საინტერესოა, რა უფლებები ექნება ახალ პრეზიდენტს? რის შეცვლას შეძლებს ქვეყანაში ზურაბიშვილი?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 5-წლიან მოღვაწეობას ახლდა მუდმივი კამათი პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით.

საბოლოოდ კი, მარგველაშვილმა საზოგადოებას თავი კანონებზე ვეტოების დადებით დაამახსოვრა - პრეზიდენტმა მმართველი ძალის მიერ მიღებული თითქმის ყველა კანონი დაიწუნა, "ოცნებამ" კი პრეზიდენტის ვეტოები. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობა, რესურსს ძირითადად ვეტოების დაძლევაზე ხარჯავდა.

ვეტოს უფლება ახალ პრეზიდენტსაც ექნება შენარჩუნებული, თუმცა მარგველაშვილისგან განსხვავებით სხვა სამართლებრივ საკითხებზე დაუწესდება შეზღუდვები, ანუ საბოლოოდ, ახალ პრეზიდენტს მარგველაშვილზე მეტად შეეკვეცება უფლებები.

"ვეტოს უფლება, რომელიც აქვს სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს და შეაჩეროს ისეთი კანონის ამოქმედება, რომელსაც არ ეთანხმება. ძველი და ახალი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ეს არის პრეზიდენტის შეხედულება და მას შეუძლია ეს თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს. ხოლო, როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი, რა შემთხვებში გამოიყენებს ვეტოს, ამას დრო გვიჩვენებს და პრეზიდენტის მოქმედება" - უთხრა AMBEBI.GE-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდანვე ამოქმედდება. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ისედაც შემცირებული უფლებამოსილებები, კიდევ უფრო მცირდება.

"პრეზიდენტს არ ექნება საკმარისი ავტონომია და დამოუკიდებლობა, რომ ეფექტურ კომუნიკაციაში იყოს და გავლენა მოახდინოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესზე. თუკი დღეს კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება მთავრობის წინაშე განსახილველად დააყენოს საკითხი და მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, ახალი კონსტიტუციით ამის უფლება აღარ ექნება.

არსებითად არის შემცირებული პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები, შეზღუდულია და დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტს სრულად აქვს შენარჩუნებული ეროვნული ბანკის მმართველობის ფორმირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, საბჭოს წევრების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის კომპეტენციაა. პარლამენტი საკუთარი ინიციატივით ვერ შეარჩევს და გაამწესებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს.

ეს სწორია, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევა-წარდგენის საწყისი ეტაპი მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს პარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისაგან. ეს არის ეროვნული ბანკის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციური გარანტია" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალაფიშვილმა.

ფიქტიური მთავარსარდალი

პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსი ახალი კონსტიტუციით უნარჩუნდება, თუმცა უწესდება მთელი რიგი შეზღუდვები, რის გამოც ეს სტატუსი მხოლოდ სახელად დარჩება.

კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ თავდაცვის ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას - პრემიერ-მინისტრის ბრძანებით

თუკი დღეს საომარი მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტის, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დისკრეციული უფლებამოსილებაა, ახალი კონსტიტუციით ეს უფლებამოსილება არსებითად შეიზღუდება და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს. მხოლოდ პრემიერის წარდგინების შემთხვევაში გააფორმებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

უქმდება უშიშროების საბჭო და შემოდის ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭო შეიქმნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და პრეზიდენტს გაუგზავნის წარდგინებას, რომ გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა.

შეგვიძლია დავინახოთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ამ მიმართულებით იზღუდება. თუკი დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი ორგანოა და სახელმწიფოს მეთაურს აქვს საშუალება იყოს ჩართული ამ პროცესში, ახალი კონსტიტუციის პირობებში ეს საშუალება პრეზიდენტს აღარ ექნება

ეროვნული თავდაცვის საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია ახალი კონსტიტუცით, თუმცა პრეზიდენტს რჩება შესაძლებლობა წევრებად მოიწვიოს მთავრობის და პარლამენტის წევრები. თუკი დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია და საქმიანობის წესი ორგანული კანონით არის განსაზღვრული, ახალი კონსტიტუციის პირობებში თავდაცვის საბჭოს კომპეტენცია იერარქიულად დაბალი აქტით, ჩვეულებრივი კანონით იქნება განსაზღვრული, რომელსაც პარლამენტი უფრო იოლად, უფრო დაბალი ქვორუმით იღებს, ვიდრე ორგანულ კანონს" - განმარტავს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ამასთან, ახალ პრეზიდენტს უცვლელად უტოვებენ კონსტიტუციური შეთანხმებების და შეწყალების უფლებას. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის უფლება ჩამოერთმევა. პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყნის პირველ მოსამართლეს იუსტიციის საბჭო აირჩევს, თუმცა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მონაწილეობს იუსტიციის საბჭოს ფორმირებაში და ნიშნავს ერთ წევრს.

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ორგანული კანონის შესაბამისად მიიღებს. ხოლო ორგანულ კანონში, როგორ განისაზღვრება პრეზიდენტის აღნიშნული უფლება ჯერჯერობით უცნობია - ნორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის ძველ რედაქციაში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ მოქალაქეობის მინიჭების და არმინიჭების საკითხს პრეზიდენტი წყვეტს.

საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე

საგარეო ურთიერთობებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლობის საკითხში პრეზიდენტის უფლებამოსილება ანალოგიურად რჩება. საერთაშორისო არენაზე ქვეყანას წარმოადგენს ქვეყნის პირველი პირი, თუმცა ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით სჭირდება პრემიერის თანხმობა. შესაბამისად, პრეზიდენტი:

  • მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში
  • მთავრობის თანხმობით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
  • მთავრობის თანხმობით დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
  • მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

პრეზიდენტი საკუთარი გუნდის გარეშე?!

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებობის საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაა. იმ საკონსტიტუცო ცვლილებებით კი, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც ადმინისტრაციის უფროსი აღარ არის გათვალისწინებული.

"თუკი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესს საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს და ეს კონსტიტუციით არის გამყარებული, ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ეს კომპეტენცია აღარ იქნება გათვალისწინებული.

შესაძლოა პარლამენტმა ან მთავრობამ სახელმწიფოს მეთაურს საკუთარი შეხედულებისამებრ დაუკომპლექტონ ადმინისტრაცია, განუსაზღვრონ თანამშრომელთა რაოდენობა, ხელფასი, ადმინისტრაციული თუ სამივლინებო ხარჯების საკითხი. რაც მთავარია, შეეძლებათ პრეზიდენტს განუსაზღვრონ მისი ადმინისტრაციის საქმიანობის ადგილი - 5-წლიანი პოლიტიკური კინკლაობის შემდეგ, გადაწყვიტონ პრეზიდენტის სასახლის საკითხი" - აღნიშნა იურისტმა.

მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით, შესაძლოა პრეზიდენტს შეუმცირდეს სარეზერვო ფონდის ოდენობა.

"პრეზიდენტის ადმიანისტრაციის ხარჯები კონსტიტუციით არ განისაზღვრება, ეს საბიუჯეტო საკითხია და განისაზღვრება შესაბამისი წლიური ბიუჯეტის კანონით. სარეზერვო ფონდების არსებობა-არარსებობა და ოდენობა განისაზღვრება საბიუჯეტო კოდექსით. კონსტიტუციური ცვლილებების კონტექსტში შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ შემცირდება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ოდენობა. შესაძლებელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდეს კიდეც" - უთხრა AMBEBI.GE-ს ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი დოკუმენტის თანახმად, მომდევნო პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც 300 ხმოსანი იქნება.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს