ავტორი:

თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე, თიბისიმ საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ხელი 25 სექტემბერს მოეწერა.

საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს „საბას“ პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან:

· საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

· ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

· საქართველოს ეროვნული მუზეუმი

· ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

· ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერა-კითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში. ასევე, საბჭო უზრუნველყოფს „საბას“ და სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. საბჭოს „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს.

„უკვე 16 წელია ლიტერატურული პრემია „საბა“ გაიცემა, წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია კი ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. მახსოვს, თავდაპირველად სულ 30 წიგნი იღებდა კონკურსში მონაწილეობას, ბოლო წლებში კი 300 -ზე მეტი წიგნი შემოდის განსახილველად. აღსანიშნავია, რომ ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალი, პოეტი და ლიტერატორი აღმოვაჩინეთ. დღეს, გადავედით მუშაობის ახალ ეტაპზე, რისთვისაც მოვიწვიეთ ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ლიტერატურასთან. ვინაიდან, „საბას“ დიდი მისია ეკისრება საერთაშორისო ასპარეზზე, გვინდა, რომ კომპლექსურად და სტრატეგიულად შევათანხმოთ ჩვენი საქმიანობა იმ ძალიან ცნობილ ეროვნულ ინსტიტუტებთან, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში არიან,“ - განმარტავს თიბისის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძე.

ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ 2003 წელს დაარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად „საბა“ აფასებს გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს. იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არაერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისთვის. „საბა“ ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს ელოდება „საბას“ დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის მანძილზე „საბამ“ 140 პრემია გასცა, 111 სხვადასხვა ავტორზე.

„მე ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ორგანიზაციები და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში, რეალურად განაახლებენ პროცესს და ამავდროულად, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კონკურსის მნიშვნელობა გავზარდოთ და ის საგანმანათლებლო მიმართულებითაც განვავითაროთ. იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც მონაწილეობენ „საბას“ საბჭოში, ვფიქრობ, რომ რეალურ და ქმედით ღონისძიებებს განვახორციელებთ.“ - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

„საბა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და ძლიერდება იმ ინსტიტუტების ჩართულობით, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ლიტერატურულ პროცესებთან და ლიტერატურის შესწავლასთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველთვის ცენტრალურ მნიშვნელობას ვანიჭებდით ლიტერატურის კვლევას, ლიტერატურის სწავლებას, ასევე ლიტერატურული ექსპერიმენტების დაფასებას. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთვებით „საბას“ შემდგომ მუშაობაში,“ - განმარტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

2018 წელი პრემია „საბას“ ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.

ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა.

R

თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის