ავტორი:

ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად

ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად

...მისი დღე 04:00 საათზე ცხენ ფაცურასთან ერთად იწყება. საქმე ბევრია - სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბის წევრები ცხენოსნობაში უნდა ავარჯიშოს და, ამავდროულად, ფაცურას ყურადღება არ მოაკლოს. უკვე 72 წლისაა, თუმცა, ცხენზე იმაზე უკეთ ჯირითობს, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მხედარი. ეს პავლე კაპანაძეა, სამტრედიის საცხენოსნო კლუბის დირექტორი, რომელმაც მთელი ცხოვრება საცხენოსნო სპორტსა და საყვარელ ცხოველებს მიუძღვნა.

პავლე ბაბუსა და ფაცურას ერთმანეთის კარგად ესმით. ინგლისური ჯიშის ცხენი, რომელიც დაობლების შემდეგ პავლე კაპანაძემ გაზარდა, უკვე 11 წლისაა და პატრონის დავალებებს ყოველთვის მორჩილებით ასრულებს, თუმცა როგორც პავლე ბაბუ ამბობს ქრთამის სანაცვლოდ - ფაცურა ტკბილეულის მოყვარულია.

კლუბს, რომელიც მამამისმა დააარსა, პავლე კაპანაძე სათავეში 38 წლის წინ ჩაუდგა და მას შემდეგ, ცხენებისა და საყვარელი სპორტის გარეშე არც ერთი დღე არ გაუტარებია. როგორც ამბობს, ცდილობს, სპორტის ისეთი ეროვნული სახეობები გააცოცხლოს და გადაარჩინოს, როგორებიცაა ცხენბურთი და ისინდი. 72 წლის პავლე კაპანაძეს იმედი აქვს, რომ მისი შრომა დაფასდება და მომავალი თაობები სპორტის ამ ტრადიციულ სახეობებს შეინარჩუნებენ.

ენთუზიასტების ხელშეწყობით, გვიანშუასაუკუნეების სპორტის სახეობები - ცხენბურთი და ისინდი იმერეთსა და სამეგრელოში რომ ისევ ძალიან პოპულარულია, ამას 29 სექტემბერს სამეგრელოში, სოფელ ინგირში გამართული საცხენოსნო დოღი - „ანაკლიის თასიც“ მოწმობს. დოღის განახლების ინიციატორი და „ანაკლიის თასის“ დამფუძნებელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია“ - კომპანია, რომელის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უდგას სათავეში.

შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის სპორტსმენები და მათი ცხენები იღებდნენ. ისინი ინგირში თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად კარგად მომზადებულები და მოტივირებულები ჩამოვიდნენ.

როგორც დოღში, ისე ცხენბურთსა და ისინდიში მონაწილეობას ფიცხი და სწრაფი ცხენები იღებდნენ. სწორედ ამიტომ, მაყურებლისთვის სანახაობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დაძაბული აღმოჩნდა.

სხვადასხვა კატეგორიაში დოღში პირველი ადგილები მოიპოვეს მხედრებმა: თორნიკე თოდრიამ, საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა. მხედრებმა მოწინააღმდეგეებს შანსი არ დაუტოვეს და დაძაბულ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხეს.

როგორც თავად მხედრებმა აღნიშნეს, სპორტის ამ სახეობით ისინი თითქმის ბავშვობიდან არიან დაკავებულები, თუმცა ასეთ მასშტაბურ შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება აქამდე არ მისცემიათ.

21 წლის საბა ეხვაიამ, რომელსაც „ანაკლიის თასი - 2018“ გადაეცა, მაღალსისხლიანი ცხენების კატეგორიაში გაიმარჯვა. შეჯიბრში საბა სამეგრელოს წარმოადგენდა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, ცხენების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და დოღის ტრადიციაც გრძელდება, რაშიც ახალგაზრდებიც აქტიურად ერთვებიან.

„ანაკლიის თასი - 2018“-მდე საბამ ბევრი იშრომა და სასურველი შედეგიც მიიღო. ახალგაზრდა მხედარს სურს, რომ დოღის ტრადიცია მხოლოდ ტრადიციად არ დარჩეს და საქართველოში წარსულის მსგავსად, სპორტის პოპულარულ სახეობად იქცეს.

„ჩემი საცხენოსნო კარიერა სამეგრელოში, ჩვენი კლუბის დაარსებიდანვე დაიწყო და, მას შემდეგ, ამ სპორტით ვარ დაკავებული. სამომავლოდ, საკუთარ თავს სწორედ საცხენოსნო სპორტში ვხედავ. დღევანდელი შეჯიბრი არის სამომავლო განვითარებაზე გათვლილი, რადგან ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით შეიძლება ჩატარება. შეიძლება, ცხენები მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანონ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დონის მხედრები, ამიტომ დღევანდელი შეჯიბრი საცხენოსნო სპორტის განვითარებაში ძალიან დიდი ბიძგია“, - აღნიშნა ახალგაზრდა მხედარმა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მხედრებს, ისე ცხენებს საკმაოდ ცხელ ამინდში მოუწიათ ასპარეზობა, მათ მოტივაციას მაღალმა ტემპერატურამ ვერაფერი დააკლო. დოღთან ერთად, შეჯიბრი ისინდი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი აღმოჩნდა.

ისინდი სპორტის ქართული სახეობაა. წესების თანახმად, მხედრების ორი გუნდი ერთმანეთს ისრებით უპირისპირდება: მოწინააღმდეგის მხარეს გადასულ მხედარს თუ მეტოქე ისარს მოატყამს, ორ ქულას იღებს, ხოლო თუ ისარი ცხენს მოხვდება, გუნდი ერთ ქულას იღებს. ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გამარჯვებულიც ის არის. თამაშში მონაწილეობას პავლე ბაბუ და მისი შვილიც იღებდნენ, რომელსაც ცხენოსნობა მამამ ასწავლა. პავლე ბაბუ და ფაცურა სამტრედიის გუნდთან ერთად სამეგრელოს შერეულ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მეტოქისთვის დათმობა მოუწიათ.

იგივე სცენარი განვითარდა ცხენბურთშიც, რომელმაც მაყურებელში ყველაზე დიდი ოვაციები გამოიწვია. ცხენბურთი გულშემატკივრისთვის ყველაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედია სამეგრელოსთან ამ შემთხვევაშიც დამარცხდა, 72 წლის პავლე ბაბუ მაინც ბედნიერი იყო, რომ მის საყვარელ სპორტს ასეთი მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა. საბოლოოდ კი, სამტრედიელი პავლე კაპანაძე ღონისძიებიდან მაინც გამარჯვებული წამოვიდა - მას „ანაკლიის თასი 2018-ის“ საპატიო ჯილდო გადაეცა, როგორც ყველაზე უხუცეს წევრს.

თამაშის შემდეგ პავლე კაპანაძე ისევ ფაცურაზე ამხედრდა და ყველა დაინტერესებულ პირს ცხენბურთის, ისინდისა და დოღის ქართული ტრადიციის შესახებ უამბობდა. იხსენებდა წარსულის გამოცდილებას, მედიის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებსა და ბავშვებს, რომელთა დიდ ნაწილსაც ცხენებთან მიახლოება და მათზე მეტის შეტყობა სურდათ, უამბობდა ყველაფერს, რაც ამ ცხოველის შესახებ იცის.

„სკამზე რომ გაზეთს დავდებ და ფაცურას ვეტყვი, მიდი, მომიტანე-მეთქი, მოკიდებს პირს და მომიტანს, თან თავს მიქნევს, გამომართვიო. მე ზურგს შევაქცევ, ის კი ისევ წინა მხრიდან მომივლის და მთხოვს, რომ გაზეთი გამოვართვა“, - უამბობს პავლე ბაბუ მის გარშემო შეკრებილებს და თან ფაცურას თავზე ხელს უსვამს.

დოღი გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს თასები და საჩუქრები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ გადასცეს.

ამასთან, გამარჯვებულებზე გადანაწილდა 25 ათას ლარიანი საპრიზო ფონდი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დააწესა. პირველ ადგილზე გასულებსა და შეჯიბრის საპატიო მონაწილეს, პავლე კაპანაძეს „ციკოლიას“ ბრენდის საათები კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად ციკოლიამ თავად გადასცა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დააფუძნა საცხენოსნო დოღი და მარულა, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება, ასევე, შეჯიბრის გენერალული სპონსორია „თიბისი ბანკი“. ეს იქნება იმ ძალიან დიდი ღონისძიებებისა დასაწყისი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში საცხენოსნო სპორტის აღორძინებას დაუჭერს მხარს.

ჩვენ საცხენოსნო პროგრამას ვამზადებთ და მიგვაჩნია, რომ ცხენოსნობის განვითარება აქედან, სამეგრელოდან უნდა მოხდეს და ის ჩვენი ძველი ისტორიული მხედრული სული უნდა დავიბრუნოთ, უნდა დავიბრუნოთ ცხენი და მთელ რეგიონსა და საქართველოში გავაბათ ურთიერთობები, მათ შორის, ჩვენს ძმებ აფხაზებთან, რომლებთანაც უკვე გვაქვს კონტაქტი და გვინდა, რომ ჩაერთონ ამ არაჩვეულებრივ შეჯიბრში. ამას მოჰყვება ჩვენი პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო იპოდრომის მშენებლობა. უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს ხანში ჩვენ ალბათ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიას შევარჩევთ, სადაც საერთაშიორისო იპოდრომი აშენდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოსა და სამეგრელოს რეგიონს სპორტის ასე აღორძინება, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მეგრელებისთვის უფრო განსაკუთრებით. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კომპანია ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო და პირველ ადგილზე გასულებს პრიზებად ჩვენი საათები გადაეცათ“, - აღნიშნა ზვიად ციკოლიამ.

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულები გულშემატკივრებს ცხენზე ამხედრებულები მიესალმნენ. პავლე ბაბუს კი „ანაკლიის თასის“ შემდეგ ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ცხენები და მათი მხედრები სამტრედიის შეჯიბრისთვის უნდა მოამზადოს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი