"ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც ძალიან შორიდან მოდიოდა; ის თითქო საუკუნეების სიღრმიდან იყო გამოსული... მას თითქო ბაბილონის კოშკიდან ვარსკვლავიან ცაზე კაცობრიობის ბედისწერა ამოუკითხავს, თითქო პლატონის დიალოგი მოუსმენია ათენის აკადემიის ხეივანში", - გერონტი ქიქოძის ეს სიტყვები მწერალ ვასილ ბარნოვს ეკუთვნის. პოეტური და სათნო სულის კაცი ყოფილა ბარნოვი. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულთან, ქალიშვილს გაზაფხულის ყვავილი მიუტანია. სულთმობრძავ მწერალს თვალები გაფაციცებია, ბავშვივით გახარებია და უთქვამს, - ია მოსულაო. ეს მხოლოდ იმ კაცს შეეძლო ეთქვა, ვინც სიცოცხლის მიმწუხრის ჟამსაც ამქვეყნიური არსებობის მშვენიერებით ტკბებოდა და მთელი თავისი შემოქმედებით იმ აზრს ამკვიდრებდა, თუ "რა კარგია სიცოცხლე, რა ტკბილია არსებობა, რა ლამაზად შეუქმნია სახიერს ეს ქვეყანაო", - ამბობს მისი შემოქმედების ტრფიალი, ფილოლოგი ამირან გომართელი.
მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველი "ქართული პროზის საგანძურის" მე-19 ტომად ვასილ ბარნოვის ნაწარმოებებს მიიღებს. და რაკი ბარნოვი ქართულ ლიტერატურაში ისტორიული რომანის ფუძემდებლად მიიჩნევა, ჩვენც დღევანდელ პუბლიკაციაში მწერლის შემოქმედების სწორედ ისტორიულ მნიშვნელობას წარმოვაჩენთ. ამაში კი ისტორიკოსი ჯაბა სამუშია დაგვეხმარება:
- საინტერესოა, საიდან წამოვიდა ვასილ ბარნოვის, ასე ვთქვათ, ისტორიციზმი. ვასილ ბარნოვი 1856 წელს სოფელ კოდაში, მღვდელ ზაქარია ბარნაველის ოჯახში დაიბადა, "ბარნოვი" კი მოგვიანებით დაირქვა ფსევდონიმად. მწერალი მშობლებმა ბავშვობიდანვე აზიარეს ისტორიას და მის რომანებში ხშირად ვხვდებით ყრმობის დროს განცდილსა და ნანახს. ძალიან დიდი როლი შეასრულა ბარნოვის მწერლად ჩამოყალიბებაში მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის განხრით სწავლამ.
მას ცნობილი რუსი ისტორიკოსები ასწავლიდნენ. მათ შორის იყო რუსეთის მეცნიერული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი - კლუჩევსკი. სტუდენტებს ძალიან ჰყვარებიათ ამ პროფესორის ლექციები და ერთხელ ასეთი რამეც მომხდარა: კლუჩევსკის გამოუცხადებია, რევოლუციის თემაზე ვატარებ ლექციასო, და აკადემიის სტუდენტობაც, ევალებოდა თუ არა ამ ლექციაზე დასწრება, ერთ აუდიტორიაში შეკრებილა.
ახალგაზრდები თავ-თავიანთ აუდიტორიებში რომ ვერ იპოვა, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კლუჩევსკის აუდიტორიას მისდგომია. პროფესორს ვერც შეუმჩნევია მისი შემოსვლა, ადმინისტრაციის წარმომადგენელი კი ისე გაუტაცია მის თხრობას, წინა მერხზე ჩამომჯდარა და ბოლომდე მოუსმენია ლექცია... ასეთ გარემოში ბარნოვის მწერლად ჩამოყალიბება ამიტომაცაა ძალიან საინტერესო.
სტუდენტი ბარნოვი საგანგებოდ დადიოდა ხოლმე მოსკოვის გარეუბანში, რომელსაც "ობჟორნი რიადს" უწოდებდნენ და სადაც ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა ჯურის ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, მეცნიერებას გაჰყოლოდნენ, მაგრამ სასმელმა გადაიყოლა და დაბალ სოციალურ საფეხურზე დარჩნენ. სწორედ ამ უბანში პოულობდა მწერალი პერსონაჟებს მომავალი რომანებისთვის და იქაური ამბები ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშიც აქვს აღწერილი. ბარნოვის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საეკლესიო ცხოვრებასაც.
- ხშირად, საეკლესიო დოგმებისადმი ხაზგასმით უარყოფით დამოკიდებულებასაც ხომ გამოხატავს?
- დიახ, და ასევე ძალზე სრულყოფილად აღწერს მონასტრების შიდა ტიპიკონს. ვთქვათ, "ტრფობა წამებულში" ბევრი პასაჟია მონასტრის შიდა საქმიანობის შესახებ. ამასაც თავისი საფუძველი აქვს: ბარნოვი ხშირად სტუმრობდა მოსკოვთან ახლოს არსებულ დედათა და მამათა მონასტრებს. ხადკოვის დედათა მონასტერში ბევრს ესაუბრებოდა დედებს, ამიტომაც არ გასძნელებია ნაწარმოებებში დედათა ცხოვრების წვრილად აღწერა.
- რუსეთის სამონასტრო ცხოვრებას კი ეცნობოდა, მაგრამ მის ნაწარმოებებში ქართული სულითა და ხასიათით არის ყველაფერი გადმოცემული.
- რა თქმა უნდა, რადგან მართლმადიდებლური მონასტრის ტიპიკონი ზოგადად, მაინც ჰგავს ერთმანეთს. მამათა მონასტერშიც ხშირად დადიოდა ბარნოვი, თუმცა მისდამი დიდ სიმპათიას ვერ გამოხატავდა, რადგან აღნიშნავდა, - იქ ათასი ჯურის კრიმინალია თავშეფარებულიო. დედათა მონასტერში კი ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაწერი აქვს გაკეთებული და პერსონაჟიც - გამოკვეთილი... საერთოდ, უნდა ითქვას, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული რომანი ჯერ კიდევ არ არის სრული ფორმით ჩამოყალიბებული და ის მაინც ბარნოვის სახელს უკავშირდება.
მართალია, ილია, აკაკი და ვაჟა წერდნენ ისტორიულ თემაზე, რასაკვირველია, მაღალმხატვრულად, მაგრამ ეს ნაწარმოებები არ იყო იმ მასშტაბის, რაც შემდგომ, ბარნოვის კალმიდან გამოვიდა. "დიდ სამეულს" ისტორიულ თემაზე რომანები არ დაუწერია. ილია ამბობდა: "ისტორიული დრამის დამწერს წინ უნდა უძღოდეს დიდი ცოდნა ისტორიისა, დიდი გონებამახვილობა, დიდი განათლება, ღვთივ მომადლებული ნიჭის გარდა, და ჩვენის ფიქრით, ამაოდ ირჯებიან ისინი, ვინც ამისთანა დრამის დაწერას მოუმზადებლად და, მაშასადამე, კადნიერად ეტანებიან".
ეს გახლდათ დიდი ილიას ძალზე მნიშვნელოვანი პოზიცია - თუ როგორ ესახებოდა ისტორიული რომანის დაფუძნება. და მართლაც, ძალიან რთულია ისტორიული რომანის შექმნა. ისევ ვასილ ბარნოვის მაგალითით გეტყვით: ერთია, რომ ეს მწერალი ისტორიული რომანით ეპოქას აცოცხლებდა, მეორე კი ისაა, თუ რა ფორმით აცოცხლებდა: ვგულისხმობ გმირების მეტყველებას, მსოფლმხედველობას, აღწერილი ამბების რეალურთან სიახლოვეს...
- ნაწარმოებებში როგორ იყენებს ვასილ ბარნოვი ფაქტობრივ მასალას?
- რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ბარნოვმა თბილისის უნივერსიტეტშიც, ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით განაგრძო მუშაობა. ის შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიასაც კარგად იცნობდა, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც და ეს ცოდნა ძალიან მოხერხებულად შეურწყა ისტორიის კარგ ცოდნას, რაც საუცხოოდ გამოიყენა თავის ნაწარმოებებში. ბარნოვი თავის პროზაში საკმაოდ კარგად მიჰყვება ისტორიულ წყაროს, გმირის წყაროსეულ დახასიათებასაც კი არ ცვლის, არ ამახინჯებს, მხოლოდ ამხატვრულებს.
- მას შემდეგ ბევრი ისტორიული რომანი დაიწერა, მაგრამ ქართულ მწერლობაში თითქოს მაინც ბარნოვის ნაწარმოებების ისტორიულ სიზუსტეს გამოარჩევენ. სხვებთან უფრო მეტია მხატვრული გამონაგონი?
- არა. უბრალოდ, ბარნოვი ზედმიწევნით იცავდა სიზუსტეს, ცდილობდა, მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო წყაროსთან. ვთქვათ, კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" თუ შევადარებთ, ისტორიული ფაქტოლოგიის თვალსაზრისით, ეს რომანი "კრიტიკას ვერ უძლებს". კონსტანტინე გამსახურდიამ "დიდოსტატის მარჯვენაში" რეალურად, XX საუკუნის 30-იანი წლების ხელოვნებასა და ტირანიას შორის ბრძოლა აღწერა და ის XI საუკუნეში, გიორგი პირველის ეპოქაში გადაიტანა; გააცოცხლა სვეტიცხოვლის დიდი ხელოვანი, რომელიც ტირანიას ებრძვის და ხელს სჭრიან და სინამდვილეში, აღწერა XX საუკუნის 30-იანი წლების დიდ ხელოვანთა ბედი, რომლებსაც ხელი კი არ მოაჭრეს, არამედ უბრალოდ, მოკლეს, თორემ აფხაზეთის მეფეებს მცხეთაში არასდროს უცხოვრიათ;
გიორგი I არ გახლდათ პირდაპირი გაგებით, სვეტიცხოვლის მაშენებელი; რომანში აღწერილი მოვლენები ვითარდება არაგვის ხეობაში, რომელიც კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და არა - აფხაზეთის; აფხაზთა მეფეები მხოლოდ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას სწევდნენ სვეტიცხოვლის მშენებლობისათვის, სვეტიცხოველი კი მელქისედექ კათოლიკოსმა ააშენა... იმის თქმა მინდა, რომ გამსახურდია ისტორიულ წყაროს სცილდება, ბარნოვს კი მაქსიმალურად დაცული აქვს წყარო. წყაროს იცავს ლევან გოთუაც, რადგან ისიც პროფესიონალი ისტორიკოსია. რა თქმა უნდა, ვასილ ბარნოვის მიერ დახატული სახეები და დიალოგები მოგონილი, გამხატვრულებულია, მაგრამ მთავარი ღერძი მაინც - ისტორიული წყაროა.
- ანუ მკითხველი ამ ნაწარმოებებით ეპოქაზეც შეიქმნის წარმოდგენას?
- ვასილ ბარნოვი არაჩვეულებრივად აღწერს კონკრეტული ეპოქის ეტიკეტს, სამხედრო საქმეს და ასე შემდეგ, და ამის შედეგად აშკარა ხდება, რომ მწერალი კარგად იცნობს ისტორიის ჟანრებს, ვთქვათ, სამხედრო ისტორიას, საეკლესიოს, პოეტიკურს, რაც საშუალებას აძლევს, ნაწარმოებები საკმაოდ დატვირთოს ინფორმაციით. ეს კი მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია.
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)