ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერი #10(94), რომელშიც წაიკითხავთ:

თრუსო. სპეციალური ნომერი

«ისტორიანის» წინამდებარე ნომერი მოგვითხრობს ძირძველი ქართული ტერიტორიის, თრუსოს შესახებ, რომელიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წაქეზებით, მავანს საცილოდ გაუხდია.

უძველესი დროიდან ისტორიული ხევი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო. საქართველოს ჩრდილოეთ კარიბჭედ დარიალის ხეობა მიიჩნეოდა, რომლის დაცვა-გამაგრება ქართველ მეფეთა უპირველესი საზრუნავი გახლდათ. თრუსოს ხეობაც ხევის განუყოფელი ნაწილი იყო, მასზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული. მოსახლეობა ამ ხეობაში გვიან შუა საუკუნეებში შეიცვალა, დაიწყო ოსთა ჩამოსახლების პროცესი. მიუხედავად ამისა, თრუსო ქართველ მეფეთა მთავარ პლაცდარმს წარმოადგენდა.

მართალია, ქართულ მეცნიერებაში არის ცალკეული მცდელობა თრუსოს ხეობის შესწავლისა, ეს მაინც მომავლის საქმეა. აუცილებელია კომპლექსური ექსპედიციის მოწყობა. უკანასკნელ ხანს, აქ არსებული მონასტრების რესტავრაციისას არაერთი საინტერესო მასალა აღმოჩნდა. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერის არსებობის შესახებ. ვფიქრობთ, თრუსოს ხეობის კვლევა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

ნომერში წაიკითხავთ:

- თრუსო, ქართველთა განსახლების უძველესი არეალი / “სადაც კი საქართველოში ოსებს ფეხი დაუდგამთ, ოსი «სწავლულები” ძირძველ ოსურ ტერიტორიად აცხადებენ»

- «თრუსოს ხეობა». თრუსოს თავდაცვითი სისტემა / «დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ»

- ოსები თერგის ზემო წელში / თრუსოში მკვიდრობდნენ წანარები, რომელთაც მოგვიანებით დიდი როლი შეასრულეს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბებაში

- იმპერიის მუქარა. აგრესიული მეზობლის ექსპანსიის გრძელვადიანი სტრატეგია.

ქართული ეთნოსის კუთვნილი ტერიტორია ჩრდილოეთიდან ბუნებრივი ზღუდეებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს საზღვარი, ფაქტობრივად, ხელუხლებელი იყო. მაგრამ რუსეთის იმპერიამ მოახერხა მისი დარღვევა... 1859 წელს დვალეთი, რომელიც თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა როგორც ნარას «უჩასტკა», თერგის ოლქს გადაეცა და ამით რუსეთის იმპერიამ საქართველოს მისი ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ჩამოაცილა. რუსეთის იმპერია დღესაც ცდილობს შეკვეცოს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და ამას ოსების ხელით აკეთებს. ადრეც გვისაუბრია «ისტორიანის» მკითხველთან ოს «სწავლულთა» ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომლებიც ძირძველ ოსურ მიწა-წყლად აცხადებდნენ მტკვრის მთელ მარცხენა მხარეს და არაგვის მარჯვენა მხარეს. ამ ბოლო დროს მათ მეტად აქტიური გახადეს თრუსოს საკითხი, რომელსაც აღმოსავლეთი ოსეთი უწოდეს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ებღაუჭებიან იმ ტერიტორიებს, რომელზედაც ოსები ცხოვრობდნენ... ოსები ძირძველი კავკასიელები არ არიან. სანამ კავკასიამდე მოაღწევდნენ, შუა აზიიდან წამოსულებმა დიდი და ხანგრძლივი გზა გაიარეს. კავკასიის მთებში მათ მხოლოდ მონღოლთა შემოსევების დროს შემოაღწიეს. თანდათან ქართველთა განსახლების არეალშიც შემოვიდნენ, ჯერ დვალეთი დაიკავეს XVI საუკუნეში, ხოლო XVII საუკუნის შუა ხანებიდან შიდა ქართლის მთიანეთი. ჩვენ მიერ ნახსენები თრუსოც შიდა ქართლის მთიანეთში შედის...

ჩუკულის უცნობი შედევრები

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუკულში, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას, რომელიც შიდა სივრცეში უხვად არის შემკული და კანკელისა და ტრაპეზის ჩათვლით, მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის წინ ქვის სტელაზე, რომელიც, თავის მხრივ, რელიეფური გამოსახულებებით არის შემკული, აღმართულია უზარმაზარი ხის ჯვარი, რომელიც ვერცხლის ფირფიტებით უნდა ყოფილიყო მოჭედილი. სტელაზე ჯვრის აღმართვის ტრადიცია და თავად მასალის სტრუქტურა გვაფიქრებინებს, რომ ტაძარი ქრისტიანობის ადრეულ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. შემორჩენილი კედლის მხატვრობა ქართული ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის მოგვიანო პერიოდს, XVII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება და წარმოადგენს ამ პერიოდის მოხატულობათა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს - როგორც მხატვრული შესრულების ხარისხით, ისე განსხვავებულობით.

გამოარჩევენ სამი ოსტატის ხელს, აქედან ერთს პროფესიულ სამხატვრო სკოლას მიაკუთვნებენ, ორ სხვას კი ე.წ. ხალხური ნაკადის სამხატვრო სკოლას უკავშირებენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩუკულის ეკლესიის ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. აქ მოცემულია 22 წმინდანის ფიგურა სამხედრო და სასულიერო სამოსით. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახასიათო ატრიბუტიკით არის გამოსახული და პორტრეტულია. კარი, როგორც ხეზეკვეთილობის ერთ-ერთი უადრესი და მაღალმხატვრული ნიმუში, ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმშია გადატანილი.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მსოფლიოს უძველესი ლუდსახარში ისრაელშია?!

რომაული მონეტები რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულებისაა

VII საუკუნის ბელადის ნიღაბს ნაოჭებიც კი ეტყობა

სოფელი, რომელიც ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია

ძველი ეკლესიის საიდუმლო / 12 წმინდა მოციქულის მონასტერი მიტოვებულ სოფელში

ქართულ-თურქული ურთიერთობები. ქართველთა ელჩობა ათათურქთან ბოლშევიკების შემოჭრისას

მემკვიდრეობა. ხელოვნების სასახლის უცნობი საგანძური

ქართველები საზღვარგარეთ. თეთრი “გიორგანელის” უცნობი წერილები - გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით (დასასრული)

გადამწყვეტი ბრძოლები. მანასკერტის ბრძოლა და ბიზანტიის იმპერიის კრახი

შუააზიური ტრაგედია. შაჰიმარდანი-1929 / როგორ გამოიწვია კოკანდის ტრაგედიამ ისლამის არმიის (ბასმაჩები) შექმნა. ნაწილი I

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძის მიერ გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს