ავტორი:

ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი

ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი

დათო არჩვაძეს აფხაზეთზე სამი სიმღერა აქვს დაწერილი, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონს ბოლო, რომლის ლექსი პეტრე კოლხს (სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია) ეკუთვნის. სიმღერაზე ვიდეოც შეიქმნა, რომლის სცენარი მამა პეტრეს ეკუთვნის და რომლის პრემიერა 2 დღის წინ შედგა. ემოციური ნამუშევარია, მაყურებელმა მისი ხილვა ცრემლის გარეშე ვერ შეძლო, რადგანაც აფხაზეთი ყველას ტკივილია. კლიპში მონაწილეობენ მსახიობი მურმან ჯინორია, გერმანიის ხმა, მომღერალი ნათია თოდუა და პეტრე კოლხის უმცროსი შვილი - სოფია კვარაცხელია.

"სანამ იქნებოდა სიმღერა, ვიდეო, იდეა, იყო სიტყვა და იმდენად ძლიერი, რომ აბსოლუტურად შემძრა და ეს საინტერესოდ, ექსპრომტად ზუგდიდში ჩემი და მამა პეტრეს ერთობლივ შემოქმედებით საღამოზე მოხდა, სადაც მამაომ ეს ლექსი ძალიან ემოციურად წაიკითხა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს მაშინვე მუზა დამეცა... აფხაზეთი ხომ ყველასთვის მტკივნეული თემაა. შემოქმედი, ხელოვანი ვარ და ამ ყველაზე დიდ დანაკარგზე, როგორც შემიძლია, სევდას და ტკივილს ისე გამოვხატავ... ამ სიმღერაზე ყველაფერი რაღაც ისე დაემთხვა, შემსრულებელი - ნათია თოდუა, მსახიობი - მურმან ჯინორიაც, მამა პეტრეს ლექსი, ჩემი მუსიკა საოცრად შეერწყა ერთმანეთს. სიმღერას "ფრთამოტეხილი მაფშალია" დავარქვით, რომელიც ზღვა ემოციამ შემაქმნევინა... ამ ნამუშევარში წარმოჩენილია მამა-შვილის ისტორია, სადაც მამა იბრუნებს შვილს, ანუ საქართველო იბრუნებს აფხაზეთს, ესაა ყველაზე ნიშანდობლივი და აუცილებელი რამ. აფხაზეთი დაბრუნდება, უბრალოდ დავასწარით მოვლენებს და ჯერ შემოქმედებითად დავიბრუნეთ", - აღნიშნავს დათო არჩვაძე და დასძენს, რომ ვიდეო მართლაც კეთილი მესიჯია, არ არის აგრესია, უბრალოდ, დიდი გულისტკივილია.

პეტრე კოლხი:

- დღევანდელი დღე ალბათ საეტაპოა ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც ჩემი პირველი კლიპის პრემიერა შედგა და ის აფხაზეთის თემას ეძღვნება. მასში ამ კუთხის შვილი ნათია თოდუა მონაწილეობს, არა იმიტომ, რომ ის გერმანიის ხმა არის, ის აფხაზეთიდან გახლავთ. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე ძარღვიანად შეასრულებდა ამ სიმღერას და ასეც მოხდა... მთელი კლიპის მსვლელობის პროცესში დარბაზი ტიროდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას ევროპაში მშვიდობის დესპანის წოდება მიანიჭა. ჩემთვის ეს პროექტი უმოკლესი გზაა აფხაზეთისკენ! აუცილებლად დავიბრუნებთ, ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ნათია თოდუა:

- ერთი თვეა, საქართველოში ვარ და მიხარია, რომ ამ პერიოდში ამ პროექტში მოვასწარი მონაწილეობა. თუმცა ძალიან სახიფათო იყო ქართული სიმღერის შესრულებასთან შეხება, ამის გამოცდილება არ მაქვს. ინიციატივა დათო არჩვაძისგან და მამა პეტრესგან რომ არ წამოსულიყო, ვერ გავბედავდი, რომ ასეთი ნაბიჯი გადამედგა. ამ ყველაფრით კი გაოცებული და მადლიერი ვარ. თავიდან შეშინებულიც ვიყავი, ვორჭოფობდი, მაგრამ ტექსტი ოჯახის წევრებთან ერთად რომ წავიკითხე, იმდენად ყველას შეგვეხო და იმდენად ჩვენი აღმოჩნდა, რომ არ მემღერა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. აფხაზეთი საქართველოსთვის ალბათ ყველაზე განსაკუთრებულად ლამაზი და თბილი კუთხეა, ადგილი, სადაც დიდი სიყვარული სუფევდა ყოველთვის. უბრალოდ, რაღაც შეცდომები დაუშვეს ჩვენი მხრიდან თუ მათი მხრიდან, არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ როგორც იქაურს, იქ გაზრდილს, არასდროს დამავიწყდება იქაურობა და ყოველთვის მექნება კავშირი...

- აფხაზეთი იქ გაზრდილი ადამიანებისთვის მართლაც განსაკუთრებული ტკივილია.

- ის არ არის მხოლოდ ის მხარე, სადაც ჩემი მშობლები გაიზარდნენ და აფხაზეთზე მიყვებოდნენ. 17 წლამდე იქ ვიყავი მეც, ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია, არ მახსოვდეს, არ ვფიქრობდე მასზე. იქაურობა რეალურად ჩემი სახლია, ჩვენს ოჯახს ხომ დღემდე სახლი არც აქვს. ყველაფრი, რაც დავტოვეთ, ნანგრევებიც კი იქ მეგულება... მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იქ მშვიდობიანად დავბრუნდე.

ნათია 1996 წელს თბილისში დაიბადა, 2 წელი მისი ოჯახი გლდანის დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, თუმცა ადგილმდებარებას ხშირად იცვლიდნენ. მერე კი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაბრუნდნენ... ნათია, წლების შემდეგ, თბილისში მხოლოდ სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. შარშან კი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ამბავი მოხდა - 2017 წელს გერმანელებმა გერმანიის ხმად დაასახელეს. ამ ეტაპზე ბერლინში უწევს ყოფნა. ერთი წლის ვადით ხელოვანთა ვილაში ცხოვრობს, სადაც როგორც მუსიკოსს, განვითარებისთვის ბევრი რამ აქვს და უამრავ რამეს აკეთებს. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, ხელოვანების გვერდით ცხოვრება იმის შანსს აძლევს, რომ ბევრ რამეში დახელოვნდეს. ასაკით და გამოცდილებით იქ ყველაზე უმცროსია. წერს სიმღერებს და ცდილობს, ალბომი მალე გამოსცეს, რომელსაც მისი გულშემატკივარი ელოდება. აქვს ასევე სხვადასხვა ქალაქში კონცერტები.

"ყოველ ჯერზე განსხვავებულ მუსიკოსებთან მიწევს გამოსვლა იმიტომ, რომ საკუთარი ბენდი ჯერ არ მყავს. ამისთვის დრო მჭირდება, რომ ვიპოვო ბენდისთვის შესაფერისი ადამიანები... 13 ოქტომბერს ბათუმში კონცერტი მელის და ამისთვის ვემზადები. თუმცა მანამდე ევროპაში რამდენიმე კონცერტისთვის მივემგზავრები", - ამბობს ნათია.

როგორც გვეუბნება, ვერასდროს იფიქრებდა, თუ მის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა. "ჯერ კიდევ როდესაც ფინალისტებთან ერთად კონცერტები გვქონდა, სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით. უამრავი ხალხი, გულშემატკივარი მოდიოდა, ფოტოებს იღებდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ. იმ დროს იმასაც კი ვერ ვაანალიზებდი, რომ ვიღაცას ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდა... ფინალისტებითვის ამდენი რამ, იქ რომ კეთდება და გაკეთდა, მართლაც გასაოცარი რამ არის. გული მწყდება, რომ აქ მსგავსი არაფერია. რომელიმე პროექტი ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენს და მერე ვერაფერს სთავაზობს. ცუდია, არადა, ეს ადამიანები ენთუზიაზმით არიან სავსე. პროექტის მოგების იქით მათ ცხოვრებაში არაფერი ხდება", - გვეუბნება ნათია, რომელიც 2014 წელს "X ფაქტორში" მონაწილეობდა, საიდანაც ხალხმა მასობრივად გაიცნო, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ამ პროექტს გამოეთიშა, მაგრამ მადლობელია ჯგუფის "ვაკის პარკი", რომელმაც ხელი მოჰკიდა და მუსიკალურად ბევრი მისცა. "მათ გამზარდეს, მიკროფონის ხელში ჭერიდან დაწყებული, ყველაფერი მასწავლეს. მათთან ერთად ბარებში ვმღეროდი", - ამბობს ნათია, რომელსაც ახლა ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ემზადება ალბომის გამოსაშვებად და უნდა, რომ ერთწლიანი კურსი ჯაზის ინსტიტუტში გაიაროს, სადაც კომპოზიციის შექმნას და მუსიკის წერას მეტად დაეუფლება. ასევე უნდა, რომ კონცერტით დაუბრუნდეს აფხაზეთს.

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია"