ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს

როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს

ცხოვრების არაჯანსაღი წესი, გენმოდიფიცირებული საკვები, რადიაციული ფონი, ხშირი სტრესი და ნერვიულობა, შობადობის შემცირება - ეს ყველაფერი და კიდევ არაერთი პრობლემა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ძუძუს კიბოს გახშირების მიზეზია.

საქართველოში საშუალოდ 10 000 ადამიანიდან 50 ძუძუს კიბოთია დაავადებული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილიანობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო, რაც დროული დიაგნოსტიკითაა განპირობებული.

ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ მივმართეთ ცნობილ მამოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ონკოქირურგს, პროფესორ გია ნემსაძეს.

- რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი ძირითადი ფაქტორები და საიდან იღებს ეს დაავადება სათავეს?

- მრავალი გარეგანი ფაქტორი შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი. ყველაფერი გარკვეული დოზით მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. დაბინძურებული საკვები და გარემო, შინაგანი სტრესი და ნერვიულობა, ჰორმონალური დარღვევები, ადრეული მენსტრუალური ციკლი, გვიან მშობიარობა, ლაქტაციის პერიოდის არ ქონა, გვიანდელი მენოპაუზა, გენეტიკური განწყობა - ეს ყველაფერი ძუძუს კიბოს განვითარების ნეგატიურ ფონს ქმნის.

ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ძუძუს კიბო უფრო ხშირია ჩრდილოეთის ქვეყნებში, ნაკლებად გვხვდება სამხრეთის ქვეყნებში, ჩინეთსა და იაპონიაში. კავკასიის რეგიონში უფრო ნაკლებია აზერბაიჯანში, ვიდრე საქართველოში, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შობადობა შედარებით უფრო მაღალია.

- აქვს თუ არა ძუძუს კიბოს პირველადი სიმპტომები, რომლებიც ქალს ამცნობს, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია?

- დაავადების აღმოჩენის პირდაპირი გზა არ არსებობს. ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის დიდი ყურადღება ექცევა სკრინინგ-პროგრამას, რომელიც საქართველოში, საბედნიეროდ, დანერგილია.

თავდაპირველად, სასურველია, ქალებმა ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ, ერთსა და იმავე დროს ჩაიტარონ თვითგასინჯვა. თუ აღმოაჩინეთ სიმკვრივე ან სარკეში შენიშნეთ ძუძუს დეფორმაცია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. უფრო ხშირად, ძუძუს კიბოს შემჩნევა ხდება კვანძით, რომელთა 80% კეთილთვისებიანია.

აგრეთვე, თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მიმართოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები.

სხვა ცალსახა ნიშნები, სამწუხაროდ, ძუძუს კიბოს არ გააჩნია. მას საწყის სტადიებზე ტკივილიც არ ახასიათებს. სადაც ტკივილია, იქ კიბო არაა.

ძუძუს კიბოს აღმოსაჩენად არსებობს კვლევის ორი მეთოდი: ექოსკოპია და რენტგენომამოგრაფია, რომელთა საშუალებითაც ადრეულ სტადიაზე ხდება სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკა.

- რა ასაკის ქალები არიან ძუძუს კიბოს მაღალ რისკ ჯგუფში?

- ძუძუს კიბოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს 40-დან 60 წლამდე ქალებში. მენოპაუზის შემდეგ დაავადების გაჩენის რისკი იზრდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სიმსივნე უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე რეპროდუქციულ პერიოდში. ახალგაზრდა ასაკში უფრო აგრესიული სიმსივნეები გვხვდება.

- რა არის ძუძუს კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდები და დანერგილია თუ არა ის საქართველოში?

- დღეს კიბოს მკურნალობის დიფერენცირებული მიდგომა არსებობს. სხვადასხვა ტიპის კიბოს სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობა სჭირდება. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყველა თანამედროვე მეთოდოლოგიაა დანერგილი - ქიმიოთერაპიით დაწყებული და სამიზნე თერაპიით დასრულებული - ყველა სახის მკურნალობა შესაძლებელია.

დღეს ბევრი პაციენტი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, თურქეთის კლინიკებში არჩევს ქირურგიულ თუ სხვა სახის მკურნალობას, თუმცა მე ეს ნამდვილად გაუმართლებლად მიმაჩნია. რადგან საქართველოში ონკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი დონის სპეციალისტები გვყავს. ლაბორატორიული და აპარატული დიაგნოსტიკაც ბოლო თაობის აპარატურით ტარდება, საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით.

ამ დაავადებაზე საუბრის დროს არ უნდა დაგვაგიწყდეს მამაკაცებიც. ძუძუს კიბო, მართალია იშვიათად, თუმცა მამაკაცებშიც გვხვდება. სტატისტიკური მონაცემებით, 130 ქალზე მამაკაცის ერთი შემთხვევა მოდის. მკურნალობის მეთოდები კი ორივე შემთხვევაში იდენტურია.

რას ურჩევთ ქალებს, როგორ უნდა დაიცვან თავი ძუძუს კიბოსგან?

პრევენცია საკმაოდ რთულია, რადგან წლიდან წლამდე მატულობს დაბინძურების მაჩვენებელი, იცვლება კლიმატური პირობები, ცხოვრების რიტმი უფრო დაძაბული და სტრესული ხდება.

მიუხედავად ამისა, ძუძუს კიბოსგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • მრავალშვილიანობა;
  • ძუძუთი კვება;
  • გინეკოლოგიური პრობლემების დროული მოგვარება;
  • 35 წლის ასაკის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მამოლოგის კონსულტაცია.