ავტორი:

“ქეთო და კოტე“ ბრუნდება

“ქეთო და კოტე“ ბრუნდება

ლეგენდარული ქართველი მხატვარი და თეატრალური დეკორატორი გიორგი ალექსი-მესხიშვილი "ქეთო და კოტეს" დეკორაციებზე მუშაობს.

„არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, ასევე სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ჩართული მყავდა ჩემი სტუდენტები, მუშაობდნენ დეკორაციაზე, ბუტაფორიაზე, ნახაზების გაკეთებაზე. სტუდენტების ჩართულობამ ძალიან გაგვიადვილა საქმე, დადიოდნენ სხვადასხვა ქსოვილების შესაძენად. კოსტუმებში იმდროინდელი თბილისი აისახება. იმ წლებში ევროპიზაცია შემოვიდა, მაშინ იყო როგორც ეროვნული კოსტიუმი ამავდროულად ერვოპული ნაზავიც. სიჭრელეა, მაგრამ ეს პალიტრა ძალიან მსუბუქია, გაზაფხულის პალიტრაა უფრო. დეკორაციები ორ განზომილებაშია გაკეთებული. იმედია, სპექტაკლს ექნება წარმატება“ - ამბობს ალექსი-მესხიშვილი.

მისი შემოქმედებიდან ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს - ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, კარლო გოცის “ქალი-გველი”, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე”, მოლიერის “დონ ჟუანი” და ა.შ. ამჟამად კი ვიქტორ დოლიძის ოპერის დეკორაციაზე და კოსტიუმებზე მუშაობს. თითქმის საუკუნის შემდეგ ლეგენდარული ქართული ოპერა, რომლის მელოდიები ნაცნობი და მშობლიურია კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერის სცენას. 1919 წლის საქართველოში საოპერო ცხოვრება, ისევე როგორც პოლიტიკური ვნებათაღელვა რენესანსის ხანას განიცდიდა. სწორედ, ამ მოვლენების გამოძახილია ვიქტორ დოლიძის პირველი ქართული კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“. 27 წლის ბიჭმა მაშინდელ ქართულ საოპერო ხელოვნებაში ახალი სიტყვა თქვა და იმთავითვე მოუხვეჭა დიდი სახელი. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს უდიდესი წარმატებით შედგა. „ქალაქური ფოლკლორისა და იტალიური საოპერო სკოლის გამოძახილი“ - ასე აფასებდნენ საუკუნის წინანდელ თბილისში ვიქტორ დილიძის საპრემიერო ჩვენებას.

ისტორია თითქოს მეორდება და 99 წლის შემდეგ ისევ ახალგაზრდა რეჟისორი იღებს თავის თავზე ყველასათვის საყვარელი ოპერის განახლებულ დადგმას. იოანე ხუციშვილისთვის ეს დებიუტია.

იოანე ხუციშვილი, დამდგმელი რეჟისორი: „ეს ჩემთვის დებიუტია ამ ჟანრში, რა იქნება წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ მამშვიდებს - შემოქმედებითი ჯგუფი, ის რა ამოცანებიც დავისახეთ ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინა დადგმებთან განსხვავებით ოპერის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო ტრადიციული ხაზი შენარჩუნდება და არა რადიკალურად განსხვავებული. ის თემები, რაც აქტუალურია ყველა ეპოქაში, ვეცადეთ სხვა აქცენტებით დაგვესვა, ეს რამდენად გამოვიდა უკვე მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ წინა დადგმებიდან სრულიად განსხვავებული იქნება“.

ისტორია მეორდება, ილიკო სუხიშვილი უმცროსი ბაბუის ხელწერას ინარჩუნებს, თუმცა განსხვავებულ ვერსიასაც სთავაზობს მაყურებელს.

ილიკო სუხიშვილი, „ქეთო და კოტეს“ დამდგმელი ქორეოგრაფი: „ანსამბლის პირველი შემადგენლობაც მონაწილეობდა სპექტაკლში, „ქეთო და კოტეს“ სხვა დადგმებშიც და დღემდე ასეა. ეს განსხვავებული ვერსია იქნება და აქაც „სუხიშვილები“ მონაწილეობენ. ყველა ახალ დადგმას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, თემა ერთია, მაგრამ ბევრ ინფორმაციას შეიცავს და ახლებურად შეიძლება შევთავაზოთ მაყურებელს. ბაბუა მონაწილეობდა პირველ დადგმაში როგორც მსახიობი და როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, ეს ფაქტი ორჯერ უფრო საპასუხისმგებლოა ჩემთვის, კოლექტივისთვის და სასიამოვნოა, როცა მის ხელწერას ვტოვებთ ამ კომპოზიციებში. მიხარია, რომ დღესაც მოთხოვნადია მისი შესრულების მანერა და სტილი.“

სპექტაკლს, კიდევ უფრო უნიკალურს ხდის მისი შემოქმედებით ჯგუფი, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რევაზ ტაკიძის გარეშე, უკვე 44 წელია ის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლებს დირიჟორობს და მიიჩნევს, რომ „ქეთო და კოტეს“ განახლებული სპექტაკლი კიდევ ერთხელ ამოგზაურებს მაყურებელს თბილისურ ამარკორდში.

რევაზ ტაკიძე, დამდგმელი დირიჟორი: „2019 წელს სრულდება 100 წელი „ქეთო და კოტეს“ პირველი დადგმიდან, თვით ეს ციფრი უკვდავყოფს ამ ოპერას, რომელიც სრულიად განსხვავებულია წინა სპექტაქლებისგან. რეჟისორს ყოველი გმირის ურთერთობებზე აქვს ნაფიქრი. ძალიან კარგია, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრმა ეს სპექტაკლი თავის რეპერტუარში ჩასვა, უსათუოდ სიყვარული გაიმარჯვებს.“

„მუსიკა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, მას ხალხი კვლავ ელოდება“- ამბობს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და პრემიერის წინ ღელავს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 167-ე სეზონზე თავის საყვარელ მაყურებელს პრემიერით შეხვდება. „ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი - იოანე ხუციშვილი, მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი - ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„ქეთო და კოტეს“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 27, 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 7 ნოემბერს.

ნინო წიფურია

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის