ავტორი:

26-27 ოქტომბერს თბილისი უპრეცედენტო მასშტაბის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

26-27 ოქტომბერს თბილისი უპრეცედენტო მასშტაბის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

26-27 ოქტომბერს, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. მისი ორგანიზატორია საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული კონგრესი იქნება ჭეშმარიტად უპრეცედენტო წარმომადგენლობის და გავლენის მქონე სამეცნიერო დღესასწაული, რომელზეც ერთ დიდ გუნდად იქნებიან წარმოდგენილი უროლოგიური კიბოს მკურნალობისა და მეცნიერული კვლევის ლიდერები, როგორც მსოფლიოს წამყვანი, ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან. კონგრესი უპრეცედენტო იქნება იმ კუთხითაც, რომ გაიმართება მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმი, რომელიც გააერთიანებს უროლოგიური კიბოს დაძლევის საქმეში ჩართულ (მოღვაწე) ყველა დარგის სპეციალისტს - ონკოუროლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, სხივურ თერაპევტებს, რადიოლოგებს, პათოლოგანატომებს, ბიოლოგებს და სხვა. კონგრესს ასევე დაესწრებიან სტუდენტები და რეზიდენტები, რომლებიც სპეციალიზაციას ან სტაჟირებას გადიან ონკოლოგიის შესაბამის სფეროში და მომიჯნავე სპეციალობებში.

კონგრესზე წარმოდგენილი იქნებიან წამყვანი სპეციალისტები - ექსპერტები, პროფესიონალური გაერთიანების ლიდერები, ონკოლოგიური სფეროს ელიტარული ფიგურები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოდან.

ჩვენი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებას მიეცემა უნიკალური შანსი საქართველოდან გაუსვლელად, მშობლიურ ენაზე მოისმინოს და გაეცნოს მსოფლიო მიღწევებს, უახლეს მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ონკოლოგიური უროლოგიის დარგში (კერძოდ, პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს).

ის, რომ საქართველო უმასპინძლებს ამ გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო კონგრესს და მისი ორგანიზატორია საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციია, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით თავისთავად მეტყველებს ჩვენი ქართული მედიცინის მაღალ დონესა და ავტორიტეტზე მთელ მსოფლიოში, რაც ბუნებრივია, საამაყოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ექიმი-სპეციალისტებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის.

საყურადღებოა! - ამ მასშტაბის მულტიდისციპლინური ღონისძიება უროლოგიურ კიბოზე დღემდე არ ჩატარებულა საქართველოში, რადგან უპრეცედენტო რაოდენობისა და ძალიან მაღალი რანგის მსოფლიო დონის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

პირველად საქართველოს ისტორიაში გვესტუმრება ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი – ქრისტოფერ ევანსი (კალიფორნია, აშშ); ნევარკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის, უროლოგიური სამსახურის უფროსი (ნიუ ჯერსი, აშშ) - ვლადისლავ ბარგმანი.

გვეწვევიან მსოფლიო მასშტაბის ლიდერები ევროპიდან:

• ჰენდრიკ ვან პოპელი - ევროპის უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე (ლუვენი, ბელგია);

• მაურიციო ბრაუსი - ევროპის უროლოგთა ასოციაციის ონკოუროლოგიის სექციის თავმჯდომარე, იტალიის უროლოგიური საზოგადოების ექსპრეზიდენტი (მოდენა, იტალია);

• ანდრეა ნეჩი - ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების შარდ-სასქესო კიბოს ფაკულტეტის წევრი (მილანი, იტალია);

• შტეფან მიულერი - ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, გერმანიის უროლოგთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექსპრეზიდენტი (ბონი, გერმანია);

• ალბერტო ბოსი - გუსტავ რუზის კიბოს ინსტიტუტის უროლოგიისა და პროსტატის ბრაქითერაპიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი (საფრანგეთი);

• პერ-ანდერს აბრაჰამსონი - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსგენერალური მდივანი შვედეთიდან (მალმო, შვედეთი);

• მანუელა შმიდინგერი - ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის თირკმლის კიბოს პროგრამის დირექტორი (ვენა, ავსტრია);

• მარიადე სანსტისი - ჩარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის შარდ-სასქესო კიბოს მედიცინის, ინტერდისციპლინური სექციის ხელმძღვანელი (ბერლინი, გერმანია);

• ზაალ კოკაია - საქართველოს სახელოვანი მეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი (ლუნდი, შვედეთი);

• გორან ალგრენი - სკანეს უნივერსიტეტის პროფესორი ონკოუროლოგი და რობოტული ქირურგი (მალმო, შვედეთი).

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი რეგიონის (მეზობელი ქვეყნების) წამყვანი ფიგურები:

• რუსეთის ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მოსკოვის წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულების, აკადემიკოს ბლოხინის სახელობის რუსეთის ნაციონალური კიბოს კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ვსევოლდ მატვეევი (მოსკოვი, რუსეთი);

• მოსკოვის გერცენის სახელობის რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბორის ალექსეევი (მოსკოვი, რუსეთი);

• უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და უკრაინის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ედუარდ სტახოვსკი (კიევი, უკრაინა);

• ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სერგეი პოლიაკოვი (მინსკი, ბელორუსი);

• სომხეთის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი ფანარჯიანი და ვიცეპრეზიდენტი არმენ ავოიანი (ერევანი, სომხეთი);

• აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სამირ ჯავად-ზადე;

• აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე და უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ფუად გულიევი (ბაქო, აზერბაიჯანი);

• უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს ეროვნული ცენტრის დირექტორი და უზბეკეთის მთავარი ონკოლოგი მირზაგალებ ტილიაშაიხოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი) და სხვები,

პრაქტიკულად, მსოფლიო ონკოლოგთა ელიტა!

კონგრესზე მოწვეული იქნება საქართველოს მედიკოსთა ფართო წრე. დასწრება შეეძლება ყველას, ვინც კი ჩართულია ონკოუროლოგიის სფეროში და დაინტერესებულია ამ დარგის სიახლეებითა და მიღწევებით.

კონგრესიდან გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ვებგვერდზე - Gaou.ge და MMT ჰოსპიტალის ვებგვერდზე - MMT.ge

ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის დღის წესრიგი უკვე ცნობილია

მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონგრესები დიდმნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა გაცნობა-დაახლოების, პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბების, ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისითაც. ამას ხშირად მოსდევს ხოლმე ექიმთა სტაჟირება უცხოეთში, ერთობლივი პროექტები. ყოველივე ეს კი პოზიტიურად აისახება ექიმთა კვალიფიკაციაზე, ცოდნის ამაღლებაზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე, საბოლოოდ მსოფლიო მედიცინის განვითარება-სრულყოფასა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

საერთაშორისო კონგრესი ერთგვარი სარბიელია სპეციალისტებისთვის, რადგან მათ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტების წინაშე საკუთარი მიგნებებისა და გამოცდილების მოხსენების, აზრთა გაზიარების, საინტერესო კითხვებზე მაღალკვალიფიციური პასუხების მიღების უნიკალური საშუალება ეძლევათ.

ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას თბილისში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი სპეციალისტებისთვის, რადგან ჩვენს პრაქტიკოს ექიმებს, მეცნიერებს, ყველა დაინტერესებულ პირს, ეძლევა უნიკალური შანსი მშობლიურ ენაზე მოისმინოს და გაეცნოს ონკოლოგიური სფეროს ყველა სიახლეს, უშუალოდ დარგის მსოფლიო ლიდერებისაგან და ელიტარული წარმომადგენლებისაგან მოისმინოს თანამედროვე მიღწევები.

4 მიზეზი, რომელთა გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობა ქართული მედიცინისათვის განუზომელია

მთავარი და საამაყოა ის, რომ ონკოლოგიური უროლოგიის მსოფლიო ლიდერების სტუმრობა საქართველოში ქართველ ექიმთა პოტენციალის, გამოცდილებისა და საზოგადოდ, საქართველოში ონკოუროლოგიის დარგის წარმატების აღიარების დამადასტურებელია!

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ონკოლოგიური უროლოგია და საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის მედიცინა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინის რელსებზეა!

შესაბამისად, ამ გრანდიოზული და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კონგრესის ორგანიზებისათვის, ქართველ მედიკოსთა და არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების სახელით, უდიდესი მადლობა საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციას და მის პრეზიდენტს - პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს!

R

თინათინ გოცაძე

სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს თავისი მობილური ქსელის მილიონობით აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?