ავტორი:

"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა

"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა

"პუტინის მზარეული" - ასე ეძახის რუსული მედია ევგენი პრიგოჟინს, რომელიც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია. მას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს და ამის გამო ამერიკის სანქციებიც კი შეეხო.

Новая газета-მ, რომელსაც რუსეთში უკვე აშკარად ემუქრებიან, გადაწყვიტა კრემლის რამდენიმე შავი გეგმა გამოააშკარავოს. გამოცემის ინფორმაციით, პრიგოჟინი პუტინის ოპოზიციონერებსა და კრიტიკულად განწყობილ ბლოგერებზე თავდასხმას ახორციელებდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდა 61 წლის ვალერი ამელჩენკო, რომელიც პრიგოჟინთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. ბოლოს ის პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ნახეს, საიდანაც ღამის 10 საათისთვის ახლობლებს დაურეკა და აცნობა, რომ უთვალთვალებდნენ. მას შემდეგ ის არავის უნახავს...

გაუჩინარებამდე მან მოასწრო და ჟურნალისტებს ბევრი რამ უამბო. ამელჩენკო იხსენებს, რომ 2016 წელს ჟურნალ "რუსული სიკვდილის არქეოლოგის" გამომცემელს, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტს სერგეი მოხოვს სახლთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილებით ხელში შეხვდა და მას "შემთხვევით" შეეხო. იმ წუთიდან მოხოვს კონვუსია დაემართა და გონება დაკარგა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გონს მოიყვანეს. მას ამბულატორიული მკურნალობა დაუნიშნეს და მეორე დღესვე გამოწერეს. ექიმების დასკვნით, მას ფსიქოტროპული პრეპარატი ან ნეიროლეპტიკი გაუკეთეს, თუმცა კონკრეტულად რომელი, ამის დადგენა შეუძლებელი იყო...

მაშინ მოხოვი და მისი მეუღლე ეჭვობდნენ, რომ ეს ყველაფერი პრიგოჟინის ნამოქმედარი იყო, რადგან იმ პერიოდში სწორედ მისი მრავალმილიარდიანი სამხედრო კონტრაქტების საქმეს იკვლევდნენ. ამალჩენკოს თქმით, საქმის ცუდი შემსრულებელი პეტერბურგელი ოლეგ სიმონოვი იყო. შემთხვევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სიმონოვი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

ამალჩენკო იხსენებს, რომ პრიგოჟინის კიდევ ერთი კადრი ანდრეი მიხაილოვი იყო, რომელსაც სხვადასხვა ადამიანებზე თვალთვალი და მათზე ინფორმაციის მოპოვება ევალებოდა. შემდეგ მას სხვა დავალების შესრულებაც მოუწია. კონკრეტულად, პეტროგრადთან ახლოს კლინიკა Дента-Л–ის მფლობელის ელენა ჩერევკოს იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევა. ცნობისთვის, ჩერევკოს პრიგოჟინთან უძრავი ქონების გამო დავა ჰქონდა. მას მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მაწანწალა ავტომანქანის ბორბლებს ქვეშ შეუგდეს, თითქოს ის Дента-Л–ის მფლობელმა გაიტანა. პრიგოჟინი ამით მასზე ზეწოლას ახდენდა...

2013 წელს ამელჩენკოს სოჭელი ბლოგერის ანტონ გირიშენლოს "გაწვრთნა" დაავალეს, რომელიც ვლადიმერ პუტინის შესახებ ძალიან მწვავე წერილებს წერდა. წერის პარალელურად ავტომობილებით ვაჭრობდა. სწორედ ავტომობილების თემა მოიმიზეზეს "პუტინის მზარეულის" შემსრულებლებმა მასთან შესახვედრად. შეხვედრის შემდეგ მან მწვავე ბლოგების წერა შეწყვიტა და ინტერნეტსივრციდან საერთოდ გაქრა.

"მე არც ექიმი ვარ, არც ქირურგი და არც ტრამვატოლოგი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ცოცხალი გადარჩა..." – უთხრა ჟურნალისტებს ამელჩენკომ ბლოგერზე საუბრისას.

2014 წელს ამელჩენკოსა და მის ხალხს უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში "მუშაობა" მიუწიათ. "პუტინის მზარეულის" ყოფილი ხელქვეითი იხსენებს, რომ ლუგანსკში მაყუჩიანი პისტოლეტით მას საკმაოდ გავლენიანი პერსონის განეიტრალება დაევალა.

2016 წლიდან იწყება ამალჩენკოს კავშირი მოწამვლების ისტორიებთან. მის "ანგარიშზეა" ბლოგერი სერგეი ტიხონოვის სიცოცხლე, რომელიც ასევე მწვავე პუბლიკაციებით იყო ცნობილი. იმ დროს ექიმებმა დაასკვნეს, რომ ტიხონოვის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ამალჩენკო თავის აღსარებაში იხსნებს, "როგორ შეხვდა 50 წლამდე მამაკაცს საჭირო ინექციით ხელში... ნემსის გაკეთების შემდეგ კი ის დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა...".

მთავარი ისტორია მაინც სირიაზეა. ამალჩენკოს თქმით, 2017 წლის 12 თებერვალს პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახური სირიაში ჩაფრინდა. მისივე ინფორმაციით, მასთან ერთად იყვნენ ჯგუფის სხვა წევრები - სიმონოვი, გლადიენკო, სერგეი კუზნეცოვი და ვიაჩესლავ ვარეევი. ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სერგეი გუბანოვი.

ამალჩენკო იხსენებს, რომ ჯგუფს სირიელი ჯარისკაცების მიერ დატყვევებულ "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებზე გარკვეული პრეპარატის გამოცდა დაევალა... თუმცა იქ ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ არავითარი ტყვეები სირიელ სამხედროებს არ ჰყავდათ. ამის შემდეგ რუსმა სამხედრო პირებმა გადაწყვიტეს, რომ პრეპარატი, რომელსაც ISIS-ს წევრებზე მონადირეს უწოდებდნენ, თავად სირიის შეიარაღებული ძალების სამხედროებზე გამოეცადათ.

"ბრძანების თანახმად, ის პრეპარატი სირიელ მოხალისეებსა და სამხედროებზე უნდა გამოგვეცადა. მათთან შეხვედრისას ჩაიში ჩუმად ჩაუყარეს... ერთ-ერთმა მათგანმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო და დაიღუპა, ორი მათგანი კი მოიწამლა", - ჰყვება ამალჩენკო, რომლის თქმითაც, ის მხოლოდ დავალებებს ასრულებდა და მისთვის უცნობია რას ემსახურებოდა ეს ექსპერიმენტი.

novayagazeta.ru-ს კორესპონდენტის თქმით, ამალჩენკოსთან, რომელიც მათ სხვა საიდუმლო შინაარსის დოკუმენტების მიცემას დაპირდა, ამ ეტაპზე დაკავშირება შეუძლებელია.