ავტორი:

დედამ 7 წლის ქალიშვილის მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა - ამბავი, რომელმაც 37 წლის წინ მსოფლიო შეძრა

დედამ 7 წლის ქალიშვილის მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა - ამბავი, რომელმაც 37 წლის წინ მსოფლიო შეძრა

...1981 წლის 6 მარტი. გერმანია, ლუბეკის რაიონული სასამართლოს დარბაზი. 31 წლის მარიანე ბახმაიერი მჭიდს დააცლის 35 წლის კლაუს გრაბოვსკის, რომელმაც ერთი წლით ადრე, მარიანეს 7 წლის ქალიშვილი მოკლა... ეს არის მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული ვიჯილანტიზმის აქტი (ე.წ „სახალხო სამართალი“, ლინჩის წესი), რის შემდეგაც ბახმაიერის საქმე გერმანიამ და მსოფლიომ გაიცნო....

ანას მკვლელობა

7 წლისა და 5 თვის ანა ბახმაიერი, 1980 წლის 5 მაისს სკოლაში არ წასულა. გოგონა სკოლის მეგობართან სტუმრად მიდიოდა, როცა 35 წლის ყასაბმა, კლაუს გრაბოვსკიმ გაიტაცა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მამაკაცს ბავშვი საკუთარ სახლში რამდენიმე საათი ჰყავდა დატყვევებული, შემდეგ კი მისივე რეიტუზით დაახრჩო. პროკურატურის ინფორმაციით, გრაბოვსკიმ გოგონას ცხედარი ყუთში მოათავსა და არხის პირას დამარხა.

კლაუს გრაბოვსკი ამ დანაშაულამდე ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობაში ორი გოგონას მიმართ. 1976 წელს მას კასტრაცია გაუკეთდა. როდესაც 7 წლის ანას საქმეზე დააკავეს, გრაბოვსკი ირწმუნებოდა, რომ გოგონაზე სექსუალური ძალადობა არ განუხორციელებია. მისი თქმით, ბავშვმა უთხრა, რომ დედას მოუყვებოდა ამ ამბის შესახებ და გრაბოვსკის ფულს გამოსძალავდნენ...

მარიანეს მძიმე წარსული

მარიანე ბახმაიერს თავადაც უმძიმესი წარსული ჰქონდა. მამამისი ნაცისტური Waffen-SS-ის ორგანიზაციის წევრი იყო. გოგონას მშობლები ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. მარიანე პირველად 16 წლის ასაკში გახდა დედა. 18 წლის ასაკში კი მეორედ დაფეხმძიმდა შეყვარებულისგან. მეორე ქალიშვილის შეძენის შემდეგ მალევე, მარიანე გააუპატიურეს. ახალგაზრდა დედას ორივე ბავშვი ჩამოაშორეს და აღსაზრდელად ოჯახებს გადასცეს.

1973 წელს დაიბადა ანა. მარიანე უკვე 23 წლის იყო, მუშაობდა და ქალიშვილი ყველასგან დამოუკიდებლად აღზარდა. ანას დაბადების შემდეგ, მარიანემ სტერილიზაცია გაიკეთა.

მკვლელის მკვლელობა

...1981 წლის 6 მარტს, გრაბოვსკის სასამართლო პროცესის მესამე დღეს, მარიანე ბახმაიერმა დარბაზში „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი ჩანთით შეიტანა. ქალმა იარაღი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ზურგში დაუმიზნა და რვაჯერ გაისროლა. 35 წლის ბრალდებულს 7 ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამბავმა მსოფლიო შეძრა. ლიუბეკში მომხდარი ფაქტის გასაშუქებლად მთელი მსოფლიოდან დაიწყეს ჩასვლა ჟურნალისტებმა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მარიანეს ქმედება გაამართლა. მოგვიანებით, მარიანემ თავისი ცხოვრების ისტორია გერმანულ გამოცემა Stern-ს 250 000 გერმანულ მარკად მიჰყიდა.

მარიანეს წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ბახმაიერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ქალი დანაშაულის ჩადენის მომენტში სტრესულ მდგომარეობაში იყო და ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს. ბრალდების მხარე კი ირწმუნებოდა, რომ ბახმაიერმა შურისძიება დაგეგმა და აღასრულა.

პროცესების დროს, გრაბოვსკის საქმის მოსამართლემ გაიხსენა ქალის ფრაზა, რომელიც მან ქალიშვილის მკვლელის მოკვლის შემდეგ წარმოთქვა: "მინდოდა სახეში მესროლა მისთვის, მაგრამ მხოლოდ ზურგში სროლა მოვახერხე. იმედია ის მკვდარია", - ასე გაიხსენა მოსამართლემ ბახმაიერის სიტყვები.

2-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 1983 წლის 2 მარტს ლიუბეკის სასამართლომ მარიანე ბახმაიერს მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში სამი წლის გატარების შემდეგ მარიანე ნაადრევად გაათავისუფლეს „სუიციდის რისკის“ გამო.

1985 წელს მარიანე დაქორწინდა და რამდენიმე წელში საცხოვრებლად ნიგერიაში გადავიდა მეუღლესთან ერთად. წყვილი გერმანულ ბანაკში ცხოვრობდა, სადაც მარიანეს ქმარი გერმანულ სკოლაში ასწავლიდა. 1990 წელს განქორწინების შემდეგ, მარიანე სიცილიაში გადავიდა საცხოვრებლად. მალევე მას სიმსივნე დაუდგინდა და ქალი სამშობლოში დაბრუნდა.

სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მარიანე ბახმაიერი 1996 წელს ლუბეკის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის თავისი ქალიშვილის ანას გვერდითაა დაკრძალული.