ავტორი:

როგორ გავხადოთ საქორწილო ფოტოსესია განსაკუთრებული -  რჩევები ცნობილი ფოტოგრაფისგან

როგორ გავხადოთ საქორწილო ფოტოსესია განსაკუთრებული -  რჩევები ცნობილი ფოტოგრაფისგან

ქორწილის ემოციებს ყველაზე კარგად ფოტოები ინახავენ. სწორედ ამიტომ ფოტოგრაფის შერჩევა და მასთან ერთად ფოტოსესიის დეტალების დაგეგმვა სულაც არ არის მარტივი საქმე. პირიქით, ეს ქორწილის საორგანიზაციო საკითხების ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია.

ინდიგო უკვე ორი წელია, გამორჩეულ, განსაკუთრებულ და შეიძლება ითქვას, ზღაპრულ საქორწილო ფოტოსესიებს იღებს. ინდიგოს მიერ გადაღებული ქორწილი უამრავი წყვილის ოცნებად იქცა, რადგან მისი სტილი სრულიად უნიკალურია. საინტერესოა მისი რჩევებიც, თუ როგორ უნდა მოიქცეს წყვილი, რომ კარგი ფოტოები ჰქონდეს და როგორია საქორწილო ფოტოსესიის ტენდენციები, რომელსაც ambebi.ge-ს მკითხველს უზიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც ქორწილებს იღებთ, წყვილებისთვის ყველაზე სასურველი ფოტოგრაფი ხართ. რით არის თქვენი ფოტოები გამორჩეული?

Fine Art - ასე ჰქვია მიმართულებას, რომელშიც მე ვმუშაობ და რაც ამ ფოტოებს გამორჩეულს ხდის. ჩემი თავის ძიების პროცესი არ მქონია, რადგან ბავშვობიდან მიყვარდა სურეალიზმი, გოთიკა, მისტიკა. თავად არც კი ვიცოდი, რომ თავიდანვე Fine Art-ში ვიღებდი. აქამდე თავად მივედი და მერე აღმოვაჩინე, რომეს ფოტოგრაფიაში მეტად აქტუალური მიმართულებაა. ვცდილობ, ჩემს ყველა ფოტოს ზღაპრული და სურეალისტური ელემენტები გასდევდეს.

გადასაღებად მდედრობით სქესს ვანიჭებ უპირატესობას და ძალიან მიყვარს გოგოების გადაღება. დაინტერესებული ვარ ვიქტორიანული ეპოქით და ძალიან მიზიდავს საინტერესო არქიტექტურის მქონე ინტერიერშერჩენილი მიტოვებული შენობები - მჯერა რომ უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავენ.საქორწილო კაბები კი ჰგავს იმ ეპოქის კაბებს. მიხარია, რომ მყავს მომხმარებელი, რომელსაც ჩემი ხედვა მოსწონს და უნდა მისი საქორწილო ფოტოებიც ამ სტილში გავაკეთო.აქედან გამომდინარე ჩემს თავს და სტილს ნამდვილად არ ვკარგავ.დიდ დროს ვხარჯავ კადრების სცენირებაზე. ჩემი მიზანია, რომ კადრში კომპოზიციური გამართულობის პარალელურად ნამდვილი ემოცია ჩანდეს. წყვილებს წინასწარ ვხვდები ხოლმე და ფოტოსესიის დეტალებს ერთად ვგეგმავთ. ზოგი პატარძალი კაბასა და თაიგულსაც მითანხმებს. აქსესუარები და გასაფორმებეული დეტალები ერთად იგეგმება. მეც პატარძალივით მთელი გულით ვარ ჩართული ამ ყველაფერში.

თქვენი ფოტოები მართლაც გამორჩეულია. რამდენად რთულია ასეთი შედეგის მიღება?

მთავარი სირთულე არის საკმარისი დროის არქონა. ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობ, დავნერგო ტენდენცია, რომ ფოტოსესიისთვის ქორწილამდე ერთი დღე გამოყონ, ქალაქგარეთ გავიდეთ და მშვიდ გარემოში გადავიღოთ ფოტოები, რომელიც ქორწილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ქორწილებზე მომუშავე ჯგუფისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მომსახურებას წყვილებს ნახევარ ფასში ვთავაზობთ. უამრავი უნიკალური სილამაზის ადგილი გვაქვს საქართველოში. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს ლამაზ ლანდშაფტზე ქართველი წყვილებისაგან დაინტერესება თითქმის არ მოდის, განსხვავებით უცხოელი წყვილებისაგან. ვისურვებდი, რომ ქორწილები უფრო მეტად წყვილზე ორიენტირებული გახდეს და არა ხალხზე, რესტორანზე, მენიუზე, რაც ჩემთვის მუშაობის პროცესს ართულებს.

ქორწილების გადაღების კიდევ ერთი სირთულეა მაყარი, რომელიც წყვილს ფოტოსესიაზე დაყვება. სამწუხაროდ მათი მეგობრული და ნათესაური კავშირის მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ გააზრება, თუ რა მნიშვნელობის დღეა წყვილის ცხოვრებაში. ისინი მთელი დღის განმავლობაში გადაადგილებით იღლებიან და მთელი სტრესი ნეფე-პატარძალზე გადადის, რომლებიც საკუთარ თავს კარგავენ და ათეულობით ადაიანის დამშვიდება უწევთ ახსნა-განმარტებით, რომ ფოტოსესიის შემდეგ რესტორანში წავალთ.ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ისიც, რომ ხშირად დადგმულ კადრებს გვიფუჭებენ სმარტფონებითა და აიპადებით შეიარაღებულნი.

ლოკაციებს, კომპოზიციებს როგორ იფიქრებთ? ინტერნეტში თუ ეძებთ იდეებს?

თავად დავდივარ და წინასწარ ვარჩევ ლოკაციებს, საქორწილო ფოტოსესიისათვის ვცდილობ ქალაქთან ახლოს იყოს 40-70 კილომეტრის რადიუსით. გადაღებული ფოტოებითა და წყვილის სურვილებიდან გამომდინარე, მათი ცერემონიალების განრიგის მიხედვით დროის მენეჯმენტს ვახდენთ და ვთავაზობ ოპტიმალურ ვარიანტებს.

რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს ყველანი ვათვალიერებთ სხავდასხვა, ძირითად, უცხოელი კოლეგების ნამუშევრებს. თუმცა ვფიქრობ რომ კადრს წინასწარ ვერ დაგეგმავ, რადგან ყველაფერი წყვილის ემოციაზეა დამოკიდებული.

საქორწილო ფოტოგრაფიის ახალი ტენდენციები როგორია?

საქართველოში სიახლეებს ცოტა რთულად იღებენ, თუმცა ბოლო პერიოდში ე.წ. ამერიკული ქორწილების სტილი ჩვენთანაც აქტუალური გახდა და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. იმიტირებულ ხელის მოწერა ღია ცის ქვეშ, ლამაზი თაღები, სხვადასხვა თემატური აქსესუარით გაწყობილი გარემო - ეს ყველაფერი დღეს საკმაოდ პოპულარულია. თუმცა ისევ დროის პრობლემასთან მივდივართ და უმეტესად დეკორირება ხდება რესტორნის ეზოში. გარემო უმნიშვნელოვანესია, ფოტოებში, რა თქმა უნდა დაფიქსირდება დეკორაციის ელემენტები, მაგრამ ფონად გვექნება რესტორნის ეზო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ელექტრონულ პლათფორმაზეა გადასული,მაინც საკმაოდ მოდურია საქორწილო ფოტოების ფოტოწიგნებად დაბეჭდვა. ფოტოწიგნები ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მნიშვნელოვან კადრებს ყოველთვის ხელშესახებს ხდის და ამ დღის მოგონებებსა და ემოციებს აცოცხლებს.

რას ურჩევ წყვილებს, რომ მათი საქორწილო ფოტოსესია განსაკუთრებული გამოვიდეს?

მთავარი რჩევაა - არ მოერიდოთ ნამდვილი ემოციის გამოხატვა. ამ დღის თანმდევი უამრავი სირთულის(დამსწრე ადამიანები, დროის ფაქტორი) მიუხედავად, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ~ეს მათი დღეა. ვფიქრობ, რაც უნდა კარგი იყოსფოტო: კომპოზიციურად გამართული, ფერთა კარგი კორექციით - ემოციის გარეშე კადრი ღირებული არ არის. წყვილებს ვურჩევ, საკუთარ თავებსა და სურვილებს ეკუთვნოდნენ და ამით იყვნენ ბედნიერები.

ფოტოსესიას მინიმუმ 2 საათი სჭირდება და ყველას ვურჩევ, რომ თუ სხვა დღეს არა, ქორწილის დღეს მაინც გამოყონ ეს დრო. რადგან მოგონებების შენახვა ხდება ფოტოთი და ეს უნდა დააფასონ.

თავად თქვენზეც მომიყევით, ფოტოგრაფიით როდის და რატომ დაინტერესდით?

ფოტოგრაფიით ბავშვობიდავე ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ფოტოგრაფია იყო. მიყვარდა მოგონებების შენახვა, ახალ ადგილზე რომ წავიდოდი, იქიდან რაღაც მომქონდა ხოლმე, მაგალითად, ყვავილი ან ფოთოლი, ვაჰერბარიუმებდი, თარიღს ვაწერდი და ასე ვინახავდი. ეს იყო ჩემი დასურათება იმ დროისათვის. ვხატავდი და ძალიან მიყვარდა მუსიკა, რომელიც დღემდე ჩემი მთავარი ინსპირატორი და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

მოგვიანებით, როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, პრაგმატულად მოვიქეცი. ჩავთვალე, რომ ფოტოგრაფია არ გამომადგებოდა და დავამთავრე სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. ამ მიმართულებით რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. თუმცა ჩემი თავი ვერსად ვიპოვე. სწორედ ამიტომ 25 წლის ასაკში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა მუსიკა, განსაკუთრებით,Pink Floydდა Breaking Benjamin. სწორედ მუსიკამ მიბიძგა, რომ იმ სამსახურიდან წამოვსულიყავი, სადაც სულის სიმშვიდეს ვერ ვპოულობდი.

იმ პერიოდში ეს ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან არც დანაზოგი მქონდა და არც გარშემომყოფი ხალხის მხარდაჭერა. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. ყველაზე მაგარია, როცა შენი სამსახური შენი საყვარელი საქმეა და შემოსავალიც აქედან გაქვს. ამ ეტაპზე მხოლოდ ფოტოგრაფიაა ჩემი შემოსავლის წყარო. მანამდე გრაფიკოსი დიზაინერიც ვიყავი და შეკვეთებზე ვმუშაობდი, მაგრამ ყველაფერს შევეშვი და ახლა მხოლოდ ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. ყველა ადამიანს ვუსურვებ, იპოვოს საკუთარი თავისაკენ მიმავალი სწორი გზა.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე

"ნიკორას" მასტერკლასი პატარა შეფებისთვის