ავტორი:

მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, ადმინისტრაცია მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა

მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, ადმინისტრაცია მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა

ძიძიგურის შახტში პროტესტის ნიშნად დარჩენილმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. გვიან ღამით ისინი შახტიდან ამოვიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ მინდია საპანაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ შახტის ადმინისტრაციიდან და ტყიბულის მერიიდან აცნობეს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მოცდენის პერიოდში ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ და დეკემბრიდან შახტში საწარმო პროცესი სრულად აღდგება.

„ჩვენ ვენდობით შახტის ადმინისტრაციას და საპროტესტო აქციას ვწყვეტთ“, - განაცხადა მეშახტემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეების ნაწილი შახტიდან აღარ ამოვიდა. 25-მდე მეშახტე ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე იმყოფებოდა. ისინი ითხოვდნენ, შახტებში საწარმოო პროცესი აღდგეს და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

კომპანიის „საქნახშირი ჯი-აი ჯი“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ მეშახტეთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და არ სურს, რომ ვინმემ აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს.

„გუშინ მეშახტეებს დასმული ჰქონდათ ორი საკითხი, რაზეც ითხოვდნენ პასუხს. ეს იყო მათთვის ანაზღაურების გაგრძელება იქამდე, სანამ კომისიის დასკვნა დაიდება და მეორე - კომისიის დასკვნის შემდეგ სამუშაოების განახლება. მეშახტეებმა ორივე მათგანზე დადებითი პასუხი მიიღეს. ანაზღაურება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე. სექტემბრის ხელფასი მათ უკვე მიცემული აქვთ და ოქტომბრის ხელფასი დარიგდება 15 ნოემბრამდე. ხელფასების გაცემა გაგრძელდება იქამდე, სანამ კომისია დასკვნას არ დადებს.

ამის შემდეგ ამუშავდება ის უბნები, სადაც იქნება ნაკლები რისკი და უსაფრთხოების ნორმები იქნება მკაცრად დაცული. აქედან გამომდინარე, გუშინ მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს და შახტიდანაც ამოვიდნენ. დღეს თუ ვინმე გამოვა და მეშახტეების სახელით რამეს იტყვის, ეს იქნება პირადი მიზნებისთვის. არ მინდა, მეშახტეების პრობლემები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს ან პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს.

სავარაუდოდ, კომისიის დასკვნის შემდეგ, პირველ ეტაპზე გაიხსნება მე-2, მე-4 და მე-6 უბანი. შესაბამისად, თავიდან დავიწყებთ სამი უბნით და შემდეგ უსაფრთხოების მკაცრი დაცვით მეოთხე უბანსაც დავიმატებთ,“ - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი