ავტორი:

დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"

დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და დასახმარებლად "ძველ გვარდიას" უხმობს. როგორც ჩანს, მმართველმა ძალამ განაწყენებული ამომრჩევლის შემორიგება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ძველი სახეების მობილიზებით გადაწყვიტა.

ვინ იგულისხმა ივანიშვილმა "ძველ გვარდიაში" უცნობია, თუმცა პარტიის ძველმა სახეებმა მიმართვის ადრესატად საკუთარი თავი მიიჩნიეს და განაწყენების მიუხედავად, მზად არიან "ოცნებას" გაჭირვების ჟამს გვერდით დაუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიმართვას წინ უსწრებდა პარტიის ყოფილი წევრის - ზურაბ ზვიადაურის განცხადება, რომ მეგობრებთან ერთად ჩაუდგებოდა სათავეში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ზვიდაურს ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურნენ, რომლებმაც ანალოგიურად გამოთქვეს მზადყოფნა იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში "ნაციონალების" დაბრუნება არ დაუშვან.

"არამც და არამც არ შეიძლება, ის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩემს ძმას, ზვიადაურს, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას და ხალხში სიარულს დაიწყებს, მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. ძველი სახეები, 2012-იანელები, ყველა შევიკრიბებით, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომელი რომელს სჯობს. ჯერ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ამ დღეებში შევიკრიბებით და ფორმაზე ჩამოვყალიბდებით" - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი და კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, პარტიაში შეხვედრები რამდენიმე დღეა გრძელდება და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რეგიონებში დაგეგმილ წინასაარჩევნო კამპანიაზე მსჯელობენ.

რეალურად, ვინ იგულისხმა ივანიშვილმა "ძველ გვარდიაში“ და მზად არიან თუ არა პარტიის ძველი სახეები "ქართულ ოცნებას" ისევ დაუდგნენ გვერდით?

AMBEBI.GE კომენტარისთვის მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს დაუკავშირდა - თამაზ მეჭიაურმა, გოგი თოფაძემ და ომარ ნიშნიანიძემ, ივანიშვილის მიმართვის ადრესატად საკუთარი თავი მიიჩნიეს და წყენის მიუხედავად, მზად არიან პარტიას გვერდით კიდევ ერთხელ დაუდგნენ.

თამაზ მეჭიაური, თიანეთის მერი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი:

"მზადყოფნა ივანიშვილის მიმართვამდეც გამოვთქვი - მზად ვარ დავეხმარო „ქართულ ოცნებას“. ვარ მოქმედი მერი, მართალია ოპოზიციიდან არჩეული, მაგრამ მიწევს მთავრობასთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდება იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სჭირდება რეგიონს. არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ უნდობლობა გამოვუცხადო მთავრობას, რადგან ყველა ის საკითხი, რაც დამიყენებია მხარდაჭერილი ყოფილა და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.

მიმაჩნია, რომ ივანიშვილი გულწრფელი იყო, როცა მოინანია ძველი შეცდომები. რაც ხელისუფლებიდან წავიდა, მხოლოდ რამდენიმე პიროვნებას ჰქონდა ექსკლუზიური უფლება მისთვის მიეწოდებინა არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. როგორც ჩანს, ხშირად ეს ინფორმაციები იყო სუბიექტური კონკრეტული პიროვნებების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ყველაფერმა კი მმართველი პარტია მიიყვანა ამ შედეგებამდე, რაც გვაქვს.

კარგია, რომ ივანიშვილმა დასკვნები სწორად გააკეთა და დასახმარებლად ძველ გვარდიას უხმობს. იმედს ვიტოვებ, რომ იგი ამაში გულწრფელი იყო და შეეცდება შეცდომების გამოსწორებას. თუ ასე არ მოხდა, მას აღარავინ დაუჯერებს და ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც აისახება", - განაცხადა მეჭიაურმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ანალოგიურად ფიქრობს ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძეც, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერებზე განაწყენებულია, თუმცა მზად არის დადგეს პარტიის გვერდით, რომ არ დაუშვას ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

"ჩვენ ვიყავით და ვართ "ქართული ოცნების" გვერდით. უბრალოდ ვერ ვაქტიურობდით, რასაც ვნანობთ კიდეც, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ბრალი. ჩვენ ვართ "ძველი გვარდია", რაღაც გვეთქმის, ჭკუა და გონება არ გვაკლია, მაგრამ ვინმე გვეხმიანებოდა ან საერთოდ ახსოვდათ ჩვენი არსებობა?!

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ვარ და პარტიის წევრად აღარ ვითვლები, ვიღაც მაინც შეგვხმიანებოდა... პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ. კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით.

ძველ გვარდიაში ალბათ ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ პარლამენტში: გია ჯაფარიძე, დავით ლორთქიფანიძე და სხვები. ჩვენს გვერდით ვინც იყო 2012 წელს, ყველა მზად არის დადგეს იქ, სადაც საჭიროა. "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლა იქნება კატასტროფა და იმაზე უფრო დიდი უბედურება მოხდება, ვიდრე 9 წლის განმავლობაში დაგვატეხეს თავს", - განუცხადა ნიშნიანიძემ AMBEBI.GE-ს.

თავს ძველი გვარდიის წევრად მიიჩნევს გუბაზ სანიკიძეც, თუმცა ყოფილი კოლეგებისგან განსხვავებით, ივანიშვილის მოწოდება დაგვიანებულად მიაჩნია, ამიტომ მის გვერდით ყოფნას აღარ აპირებს:

"სამწუხაროდ, ძალიან გვიანია. თანაც ვერ წარმომიდგენია ტექნიკურად როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით, შტაბის გადაწყობა ძველი სახეებით ერთ თვეში ვერ წარმომიდგენია. ძალიან გვიანია, ივანიშვილს ეს სულ ცოტა 6 თვის წინ უნდა გაეკეთებინა. მაშინ რას ვიზამდი მე არ ვიცი, მაგრამ ახლა ძალიან გვიანია. რაც 6 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, 1 წელიწადში რატომ გაკეთდება?! ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვებია და ძალიან გვიანაა, ჩვენდა სამწუხაროდ..." - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.