ავტორი:

ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები

ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები

სირიის საზღვართან ახლოს, ოთხ პროვინციაში, რომლებსაც 3 წლის განმავლობაში ISIS-ის მეომრები აკონტროლებდნენ, 202-ზე მეტი ძმათა საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 13 ათასამდე ცხედარია დამარხული. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მომავალში კიდევ უფრო მეტ მასობრივ სასაფლაოს შესაძლოა მიაგნონ.

უკვე აღმოჩენილ სასაფლაოებზე დამარხულთა შორის, ერაყის საჯარისო ნაწილების მებრძოლებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან.

გვამების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესს ბევრი ობიექტური მიზეზი ართულებს - მათ შორის ისიც, რომ დახოცილებისთვის ტერორისტებმა, სავარაუდოდ, საერთო საფლავი გაჭრეს, სადაც ყველა ერთად დამარხეს. ამ დროისთვის გახსნილია 28 საფლავი, 1258 ცხედარს კი ექსჰუმაცია ჩაუტარდა.

Reuters-ის ცნობით, ნაპოვნი საფლავები სირიის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთსა და დასავლეთით არსებულ პროვინციებში, - ნინევიაში, ქირკუკში, სალაჰ-ედ-დინსა და ანბარში მდებარეობს და გარდაცვლილთაგან ყველა სუნიტი ბოევიკების მსხვერპლია.

უფრო ადრე მოსულთან ახლოს, ქალაქის სამხრეთით მდებარე 8 სასაფლაო იპოვეს, სადაც ათასამდე ადამიანის ცხედარი იყო დამარხული. დახოცილებს შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და შშმ პირები, ასევე, ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მათ შორს ქრისტიანები და იეზიდები.

თვითმხილველების თქმით, ტერორისტებმა მასობრივი სიკვდილით დასჯა რამდენჯერმე განახორციელეს, მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო მოსულიდან 8 კილომეტრში განთავსებული ტერორისტების ე.წ. ბაზაზე, ხასფას რაიონში, რა დროსაც დახოცილები ერთ ორმოში ჩაყარეს. დაღუპულებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები...

“ყველაზე მძიმე იყო სამი დის, 24, 21 და 19 წლის გოგონების ისტორია, რომელთაც ყველა შვილი გოგონები ჰყავდათ. სამივე ფეხმძიმედ იყო. ISIS-ის წევრებმა მათ "გენის გამანადგურებელი იარაღი" უწოდეს, მით უფრო, რომ მათ დედ-მამა მასწავლებლები ჰყავდათ და თავად გოგონებსაც სასკოლო განათლება ჰქონდათ მიღებული, რაც ტერორისტების თქმით, შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.

არსებული ცნობით, ტერორისტებმა მასწავლებელ ცოლ-ქმარს რამდენჯერმე შეუთვალეს თავი დაენებებინათ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რადგან მათი შეხედულების თანახმად, ქალს განათლება არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც მათ სკოლის შენობა ააფეთქეს, ცოლ-ქმარმა სახლის სარდაფში ჩუმად გახსნა სასკოლო ოთახები. როგორც ჩანს, ამბავი გახმაურდა. ტერორისტებმა მათი სახლიდან წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ამოიღეს და დაწვეს. შემდეგ კი, გოგონების თვალწინ მასწავლებელი ცოლ-ქმარი ჩამოახრჩვეს, რათა ეს ყველასთვის მაგალითი ყოფილიყო. ბოლოს, გოგონებიც დახოცეს. ეს იყო ტრაგედია, რომელზეც ISIS–ის დამარცხებამდე სიტყვას ვერავინ ძრავდა. შემდეგ კი, იმ პროვინციაში იმდენი ადამიანი დახოცეს, ასეთი ფაქტები აღარავის უკვირდა", - იხსენებენ თვითმხილველები, რომლებიც თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა ერაყის ტერიტორიის ნაწილი 2014 წელს დაიპყრეს. საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მათ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია წამოიწყეს. 2017 წლის დეკემბერში, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ კამპანია დასრულებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ მათ "ისლამურ სახელმწიფოზე" გაიმარჯვეს.

გაეროს ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას ტექნიკურ დახმარებას სთხოვს, რათა ნაპოვნი საფლავების შესასწავლად, ადეკვატური პროცედურები დაიგეგმოს და განხორციელდეს.

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?