ავტორი:

რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. 10 აგვისტოდან დღემდე, ლარი თითქმის 30 თეთრით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა დღეისათვის 2.77 ლარად არის შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ ლარის კრიზისზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა კურსი დასტაბილურდეს. საინტერესოა, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება ამისთვის?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, რაც სტიქიურ სახეს მიიღებს.

„ეროვნულ ბანკს აქვს მკვეთრად გაცხადებული მიზანი, რომ მისი სამიზნე არის ინფლაცია და არა ლარის კურსი. ამიტომ, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში კი იგი არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე.

განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა. ინფლაციის პრობლემა შესაძლებელია უცებ და მოულოდნელად მართლაც დადგეს იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით შესაძლოა, კონკრეტულ პერიოდში ლარი გამყარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ბევრს არაფერს ცვლის. თუ ლარი უფასურდება, ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესყიდვა დოლარში ხდება, მაინც ძვირდება.

დოლარში შესყიდვები ხორციელდება ისეთი ტიპის საქონელზე, როგორიც არის ნავთობპროდუქტები, გაზი და ა.შ. რაც უკვე წარმოადგენს საკმაოდ დიდ რისკს, რომ ამ ტიპის საქონელზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სხვა ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ფასის ზრდას.

ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით.

ამასთან, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს მოქალაქეების მოლოდინიც, რომლის გასაქარწყებლად ეროვნული ბანკი კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის შემდგომი: ადამიანის მოლოდინი მომავალთან დაკავშირებით არის გაუგებარი და ბუნდოვანი. არ ვიცით, რომ ეკონომიკა ან ჩვენი ცხოვრება მომავალში გაუმჯობესდება. ეს გვაიძულებს თითოეულ ჩვენგანს, რომ კონკრეტული მოქმედებები განვახორციელოთ, რაც ლარს უფრო და უფრო აუფასურებს ანუ ჩვენ ვცდილობთ, ლარი მოვიშოროთ, როდესაც არ გჭირდებათ ის შესყიდვის გარდა სხვა რამეში.

მოსახლეობა როგორც კი განახორციელებს კონკრეტულ ტრანზაქციას, სასწრაფოდ გადაყავს უცხოურ ვალუტაში ან სხვა აქტივში, რადგან არ აქვთ ნდობა ლარის მიმართ, რომ ის კიდევ უფრო მეტად არ გაუფასურდება. ეს არის მოლოდინების ფაქტორი, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ამ პროცესში, მოლოდინების ფაქტორების მართვა შეუძლია ეროვნულ ბანკს. მას კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით, შეუძლია აგრძნობინოს საზოგადოებას, რომ ლარი არ გაუფასურდება მოლოდინების ფაქტორებიდან გამომდინარე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოლოდინების მართვა“, - აღნიშნა ცომაიამ.

პროფესორი ლადო პაპავა პოლიტიკოსებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ. ამასთან აცხადებს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თავად ეროვნული ბანკის პოლიტიკა.

„პოლიტიკური ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში არის შეცდომა. ეს დაუშვებელია. ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ.

მეორე მხრივ გეტყვით, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თვითონ ეროვნული ბანკის საქმიანობა. დღეს მოძველებულია მონეტარული პოლიტიკის აგება ინფლაციის თარგეთირებაზე ანუ მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ მაჩვენებლად წარმოდგენაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი ავტომობილს მართავს, მხოლოდ სიჩქარეს არ უყურებს, არამედ აკონტროლებს საწვავის ავზში არსებულ ვითარებასაც ანუ მძღოლი რამდენიმე პარამეტრს უყურებს. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ავტომობილის მართვა უფრო მარტივი პროცესია და მიუხედავად ამისა, სულ 2 პარამეტრს მაინც უნდა ვუყუროთ. ახლა წარმოიდგინეთ ეროვნული ბანკი უყურებს მხოლოდ ინფლაციას. ეს აბსოლუტურად არ არის სწორი “, - განაცხადა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

პროფესორი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება. მისივე თქმით, ამას ადასტურებს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება.

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გააკეთოს განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ის იგვიანებს და არ არის ადექვატური. არასწორი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ლარის კურსს. რაც შეეხება არჩევნებს, რა თქმა უნდა, არჩევნები ის პერიოდია, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, ხოლო ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ამის მაგალითია ჩვენი მეზობლები. ამ კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ, არ მინდა სიტუაციით ისარგებლოს ორმა მსხვილმა ბანკმა, რომლებიც ხანდახან აქეთ კარნახობენ ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ პროცესში ეროვნული ბანკი მყისიერად ჩაერთვება, როგორც კი ამის საჭიროება დაფიქსირდება და ინფლაციის მხრივ რისკები გაჩნდება.

„ლარის გაუფასურების პროცესში ყოველი პუნქტით ცვლილების დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტებები ვერ გაკეთდება. ჩვენ ვიცით გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. ცხადია, აქ საუბარია, რომ გაიზარდოს წარმოების ხვედრითი წილი სწორედ იმ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. არსებობს მიმდინარე პროცესი, რომელზეც სიახლეს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი.

მთავარია, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. საზოგადოება ინფორმირებულია ყველა იმ ძირითადი პარამეტრის შესახებ, რომლითაც ლარის კურსი ფორმირდება.

შემიძლია დავადასტურო, რომ აქ გარკვეული მოლოდინი ნამდვილად მონაწილეობს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს მოლოდინი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, აქ ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს და მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ “ეროვნული ბანკი რეზერვებს კრუხივით აზის და ფულის დახარჯვა არ უნდა“.

“მთავრობა და ეროვნული ბანკი გონივრულ რჩევებს არ იღებდა, როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ნუ მიეცემოდნენ ილუზიას და ვურჩევდით რა უნდა გაეკეთებინათ. მათ კლასიკური რჩევები არ მიიღეს. ახლა ლარის გასამყარებლად ძალიან მარტივი და არაორდინალური რჩევა უნდა მივცე - ყოველდღიურად “ბლუმბერგზე“ უცხოური ვალუტა ბანკების მიერ ძალიან მცირე რაოდენობით ივაჭრება.

ნუ გგონიათ, რომ რაღაც საშინელი მოცულობებია - ეს არის დღეში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი. ამიტომ ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს 20 დღეში 100-მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ პრეზიდენტობის კანდიდატს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორმაგ სარგებელს მიიღებს - ერთის მხრივ, პოლიტიკურს და მეორეს მხრივ, გადაახურდავებს ფულს და საკუთარ მშენებლობებს მოახმარს ლარებში.

ეჭვი მაქვს, ის ამას არ გააკეთებს, რადგან გაუფასურებული ლარი ძალიან აწყობს - თუკი მას 100 მილიონი დოლარით შეეძლო ზაფხულში 240-მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები გაესტუმრებინა, მათ შორის ხელფასები, ახლა 100-მილიონი ლარით 275-მილიონი ლარის ხელფასს გაისტუმრებს ანუ 35 მილიონ ლარს მოიგებს. ამიტომ ცოტა დათმოს საკუთარი მოგება და შეიძლება ოდნავ პოლიტიკურად იხეიროს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები