ავტორი:

"ბომბი იქ დაეცა, სადაც წუთების წინ ბავშვებს ეძინათ..." - რას ყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები დაბომბვებსა და საომარ ვითარებაზე

"ბომბი იქ დაეცა, სადაც წუთების წინ ბავშვებს ეძინათ..." - რას ყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები დაბომბვებსა და საომარ ვითარებაზე

11 ნოემბერს ისრაელმა და ღაზას სექტორმა ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს - შეტაკებისას დაიღუპა 6 პალესტინელი სამხედრო და "ჰამასის" ადგილობრივი მეთაური. გარდა ამისა, შეტაკებას ემსხვერპლა ისრაელის ჯარისკაცი და ისრაელის ტერიტორიაზე, ქალაქ აშკელონში მცხოვრები პალესტინელი.

კონფლიქტის ესკალაცია 11 ნოემბერს დაიწყო, რასაც არსებული ცნობებით წინ უძღოდა ისრაელის სპეციალური სამხედრო დანაყოფის ღაზის სექტორში შესვლა ფარული ოპერაციის ჩასატარებლად. ისინი “ჰამასის” ადგილობრივმა ლიდერმა შესამოწმებლად გააჩერა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა, რა დროსაც “ჰამასის” მეთაური და ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა. ისრაელის სპეცდანაყოფის დანარჩენი წევრები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.

ისრაელის მხარის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია, თუმცა მათი მიზანი ვინმეს მოკვლა არ ყოფილა.

Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ღაზადან ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, ისრაელის ჯარი კი აცხადებს, რომ წარმატებული ავიაიერიში 150 სამიზნეზე მიიტანეს... ამ ეტაპზე, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაოფიციალური შეთანხმება ამოქმედდა.

როგორ ცხოვრობენ მუდმივი საომარი მდგომარეობის პირობებში ადგილობრივები, არის თუ არა პანიკა და რა ხდება ავიადაბომბვების დროს - ამის შესახებ AMBEBI.GE ისრაელში მცხოვრებ ქართველებს გაესაუბრა.

მათე, 26 წლის:

მეორე წელია ისრაელის უდიდეს საპორტო ქალაქ აშდოდში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ეს ადგილი თავისი მნიშვნელობით ძალიან საინტერესოა “ჰამასისთვის,” მაგრამ ძალიან საიმედოდ არის დაცული... ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პალესტინელები გააქტიურდნენ, ძალიან შემეშინდა, მშენებლობაზე ვმუშაობ და ვიფიქრე, ყველაფერი ხომ არ მივატოვო-მეთქი.

უფროსმა მითხრა - ასე ვართ ჩვენ დაარსების დღიდან, არაფერი გემუქრებაო. თავიდან ძალიან ემოციური იყო შავი წერტილებივით გამოფრენილი ბომბების ყურება, რომლებიც შემდეგ იისფრად ნათდებიან და ქრებიან... თუმცა, აქაურები ძალიან მშვიდად არიან. შიშს ვერავის ვატყობ.

ღაზაში ისრაელის ძალების მიერ დაბომბილი ჰამასის შენობა

ელა შაფრანი:

ქალაქ ბერ-შევაში, რომელსაც ნეგევის დედაქალაქს უწოდებენ, 23 წელია ვცხოვრობ. მეუღლე მყავს აქაური და მის გვარზე ვარ... სულ ისმის ბომბების ხმა. განსაკუთრებული მდგომარეობაა პალესტინის საზღვართან, მაგრამ ამას ადგილობრივები შეჩვეული არიან და ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას, რადგან ისრაელს უსაფრთხოების სისტემები ისე აქვს დაყენებული, რომ საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.

ქალაქი ბერ-შევა

თუ ბოლო რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, აქ ხალხი ძალიან დაცულად გრძნობდა თავს, პანიკა არც ახლა არ არის. ამ დღეებში საქართველოდან ათეულობით ზარი და სმს-ი შემოვიდა. მწერდნენ - რა ხდება თქვენთან, მშვიდობაა? გბომბავენ, მოკიდე ბავშვებს ხელი და წამოდიო... არადა, ალბათ აქ, ამ საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში უფრო დაცულია ადამიანი, ვიდრე სხვაგან.

საქმე ის არის, რომ ხალხი ინფორმირებულია. სკოლის ბავშვებმა იციან, ვინ არის “ჰამასი,” რა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის და მცირედი საფრთხის შემთხვევაშიც, როგორ უნდა მოიქცნენ... ახლა რეზერვისტთა მობილიზაციაზე რომ დაიწყეს ლაპარაკი, ჩემს მეუღლეს ვკითხე - დეზერტირები იქნებიან-მეთქი? შეურაცხყოფად მიიღო... აქაურები ორმაგი დატვირთვით იმუშავებენ, თუ საჭირო გახდა, ფრონტის ხაზსაც შეეშველებიან!

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ერთ-ერთი ჩვენს ქალაქში ავტობუსს დაეცა. სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე, ადგილობრივებმა მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. მძღოლმა დაზიანებული ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია შეძლო, რადგან მასაც გავლილი აქვს შესაბამისი კურსები. თითქოს კარგად გადაღებულ ფილმს ვუყურებდი, სადაც ორგანიზებული ჯგუფი ადამიანების გადარჩენაზე ზრუნავდა.

დაბომბილი სახლი, ისრაელის ქალაქი აშკელონი

ამ ყველაფერს შეესწრო ტურისტების წყვილი და დაბომბვის ხმაზე ქალი ცუდად გახდა. მას იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა უპატრონეს, დაამშვიდეს, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ და ყველაფერს მშვიდად, ემოციების გარეშე აკეთებდნენ...

- შორიდან ყველაფერი ბევრად საშიში ჩანს...

- დიახ, თითქოს აქ ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებს, ასეთი კადრები მეც ვნახე... ის ერთი ლოკალური დამომბვის კადრები იყო წარმოდგენილი. ამის შემდეგ უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. დაახლოებით ერთი თვის წინ, ღამე განგაშის ხმამ გაგვაღვიძა. მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დაბომბვები იქნებოდა და მოვრიდებოდით, ანუ ქუჩაში ან აივანზე არ გამოვსულიყავით. მეორე დილით გავიგეთ, რომ ბერ-შევში საცხოვრებელ სახლს დასცემია.

საბენდიეროდ, იქ მცხოვრებ ქალს განგაშის ხმაზე გაუღვიძია და ბავშვების სამშვიდობოს გაყვანა მოუსწრია. აქ არის სპეციალური სივრცეები, სადაც დაბომბვისას თავს აფარებენ. შემდეგ ეს ქალი ჰყვებოდა - რაკეტა ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვებს ეძინათო... ეს რომ გავიგეთ, მე და ჩემი ქმარი დავიზაფრეთ - რატომ გავრისკეთ და თავშესაფარში არ წავედითო...

- ახლა რა ხდება იქ?

- გუშინ მთელი დღე ვხედავდით როგორ “ხსნიდნენ” მფრინავ ბომბებს, ანუ ჰაერშივე ანეიტრალებენ... დღეს შედარებით სიწყნარეა. თუმცა, ამის შემდეგ, მაინც ყველა გაგვაფრთხილეს, რომ ლოგინთან გველაგოს ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ჩავიცვამთ. აუცილებლად ღია უნდა იყოს თავშესაფარი, რომელიც ჩვენი 8-სართულიანი სახლის სარდაფშია...

ამ ყველაფრის მიუხედავად, დღისით ხალხი ქუჩაში ჩვეულებრივად მოძრაობს, ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობს. ერთადერთი, რაც იგრძნობა - თავდაცვისთვის მზად არიან. შორიდან ყრუდ ისმის სროლების ხმა, მაგრამ მას ჩვენამდე მოღწევის თეორიული შანსიც არ აქვს, რადგან ქალაქის ცა უსაფრთხოდ არის "დახურული".

რაც შეეხება ცვლილებას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სკოლაში სწავლის განრიგი შეცვალეს, მეტი ყველაფერი ძველებურად არის. ბავშვებს მეტი მეთვალყურეობა სჭირდებათ. ეს არ ეხებათ უფროსკლასელებს, ისინი სამოქალაქო თავდაცვას ძალიან მაღალ დონეზე ეუფლებიან და შესაბამისადაც არიან მომზადებული.

- პანიკა არ არის?

- არა, თითქმის არ არის, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მუდმივი საომარი ვითარების გამო, მორალური სტრესის კომპენსაცია მოსთხოვა სახელმწიფოს და მიიღო კიდეც. დანარჩენები მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას და მუშაობას... აქაურებმა იციან, რომ მათი სახლის ან უძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში სახელმწიფო ახალს აუშენებს ან აუნაზღაურებს, ამიტომაც თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. თავიდან მეც ვნერვიულობდი, ახლა ისე შევეჩვიე, რომ ჩემი მეუღლეც რომ არ იყოს სახლში, ჩემს სამ შვილს ვკიდებ ხელს და მშვიდად ჩავდივართ თავშესაფარში.