ავტორი:

"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე

"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე

"რუსთავი 2"-ის პროექტს "მხოლოდ ქართული" მაყურებელი მოუთმენლად ელოდება, რადგანაც როგორც ჟიურის წევრი, მარინა ბერიძე ამბობს, მისი მეორე სეზონის ასე სწრაფად დაწყება სწორედ მაყურებლის დაკვეთაა - ეს მათი მოთხოვნა იყო. კიდევ 2 კვირა და კონკურსანტების შერჩევა დასრულდება, ის ათეულიც გამოვლინება, რომელიც 8 "ლაივში" საკუთარ შესაძლებლობებს მაყურების წინაშე წარმოაჩენს.

AMBEBI.GE-სთან საუბარს მარინა ბერიძე ამჯერად გასული სეზონის შეფასებით იწყებს:

- წინა სეზონი კარგად დამთავრდა, რამაც გვიჩვენა, რომ მიზანს მივაღწიეთ - ქართული სიმღერის პოპულარიზაცია მოხდა. პირდაპირ ვიტყვი - ის მოდური გახდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება 10 კონკურსანტი ბრილიანტივით ვერ გამობრწყინდა, მაგრამ მთავარია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებოდნენ. ფინალშიც შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. მეორე ის არის, რაც ყველა კონკურსზე მნიშვნელოვანია - ჟიურის და ხალხის აზრი ერთმანეთს დაემთხვა.

მესამე ის გახლავთ, რომ ძველი სიმღერების ძალიან საინტერესო ვერსიები დაიბადა, რომელსაც ვიღაც იღებს და ვიღაც - ვერა, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ერთი ადამიანისთვის, მარინასთვის, მნიშვნელოვანი იყო, კონკურსანტებს ისინი თანამედროვე ჟღერადობით მოესმინათ, რაც წლების წინაა დაწერილი. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ელექტრონულ მუსიკას, სოულს და სრულიად სხვა რეპერტუარს უსმენენ, დიახ, უნდა მოესმინათ, მაგრამ თუ ძალიან კარგი მუსიკოსი არ მიაწოდებდა მას, ვერ მიიღებდნენ. ამიტომ, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ამ ყველაფერს გენიალური მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ქმნიდა და იმ დიდ კომპოზიტორებს დიდი მოფრთხილებით ეხებოდა... ასე რომ, ყველაფერმა გაამართლა...

- მეორე სეზონი მალევე დაიწყეთ. რატომ?

- თუმცა მე მაინც მინდოდა, ცოტა გვიან დაგვეწყო, მაგრამ ისეთი დიდი მოთხოვნა იყო მაყურებლისგან, გვირეკავდნენ, გვწერდნენ, გვეხვეწებოდნენ... ამან მოდუნების უფლება არ მოგვცა. სასე რომ, ეს ნამდვილად მაყურებლის დაკვეთაა და ზაფხულშივე დავიწყეთ კასტინგი. საქართველო მოვიარეთ. ბევრად მოწესრიგებული კონკურსანტები მოვიდნენ. ე.ი. ისინი ყურადღებით უყურებდნენ პროექტს და გაიგეს, მათგან რა გვინდოდა. განსხვავებული რეპერტუარით მოვიდნენ, ვიდრე წინა ჯერზე სხვები.

- პირველ სეზონზე კონკურსანტებს ამხელა გამოცდილება არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ და რა მოთხოვნები ჰქონდა, ალბათ მიზეზიც ეს არის...

- კი, ასე იყო... ჩვენც არ ვიცოდით, რა გზით წავიდოდით. პროექტი ძალიან რთული დასაწყები იყო. მასზე ბევრი წელი ვფიქრობდი, რადგანაც ქართული სიმღერა მხოლოდ სუფრაზე რჩებოდა და ისიც დამახინჯებულად, რაც არ მომწონდა... ის აუცილებლად ახალგაზრდებს უნდა აეტაცებინათ, მაგრამ როგორ, ეს მოსაფიქრებელი და სამსჯელო იყო. როცა უკვე მასზე მუშაობა გადაწყდა, ძალიან ჭრელი საზოგადოება შევიკრიბეთ, იყო სხვადასხვანაირი აზრი, ბევრი სირთულე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერს თავი შესანიშნავად გავართვით.

გუნდში სრულიად ახალი ხალხი ავიყვანეთ, რასაც თავისი პლუსი აქვს, ახალი სისხლი გვჭირდებოდა. მაგალითად, პედაგოგად მომღერალი ნუკრი კაპანაძე მოვიდა, მაგრამ არ ვიცოდი და არც ნუკრიმ იცოდა, როგორი პედაგოგი იქნებოდა, მას ეს გამოცდილება თუ ჰქონდა, მხოლოდ პატარა ბავშვებთან. კონკურსანტებთან მუშაობა სხვა რამაა. ნუკრიმ საქმეში სული და გული ჩადო, როგორც მომღერალმა არაფერი დაიტოვა თავისთვის. საკუთარ სიმღერებსაც ისე გულიანად ასწავლიდა, როგორც სხვისას. ეს ძალიან დასაფასებელია და გუნდის წევრების ასეთი დამოკიდებულებით მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

- წელსაც იმავე გზით წახვედით?

- იმავე გზით წავედით. იცით, რომ "ვაზელინი" არ მიყვარს, მაგრამ ნიკა გვარამიას არაადამიანურად დიდი წილი აქვს ამ საქმეში, რეპეტიციებს არ აცდენდა, იმიტომ რომ თავის საქმე, ქვეყანა უყვარს, რაც მთავარია, ქართული სიმღერა უყვარს. ძალიან კარგი მუსიკოსია! ამას ხმამაღლა ვამბობ. შესანიშნავი მუსიკალური განათლება აქვს. მე მას ვენდობი. მოკლედ, შევიკრიბეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, ვერსიები განვიხილეთ. ახლა უკვე ცოტა უნდა გადავნელდეთ.

- რას გულისხმობთ?

- გაიჟღერებს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორები, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე და ნიკოლოზ რაჭველი ერთად შემოგვთავაზებენ. მათ გადამუშავებულ ძალიან საინტერესო ვერსიებს მოვისმენთ. ორივე ჩემთვის მისაღები და საინტერესო მუსიკოსია და უკიდეგანოდ ნიჭიერი. გპირდებით, რომ ძალიან კარგი კონკურსანტების შერჩევა მიმდინარეობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე წევრი: სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი და მე უკვე კარგად შევთამაშდით. სამივე ისე ვაზროვნებთ, როგორც პროექტს სჭირდება. თავიდან, აწყობა არ იყო ადვილი, უცბად სამ განსხვავებულ ადამიანს ერთად უნდა გვემუშავა, მანამდე ეს გამოცდილება არ გვქონია. დრო ყველაფერს ალაგებს და ჩვენც კარგად ავაწყვეთ. ორი გადაცემა გავიდა და ბედნიერი ვარ, - საბოლოოდ ყველა მივხვდით, რომ ქართულ სიმღერას არანაირი შოუ, გაპრანჭვა არ სჭირდება. მთელი პროდაქშენი შევთანხმდით, კიდევ უფრო პროფესიული გზით წავსულიყავით, რადგანაც მაყურებელმა სწორედ ეს მიიღო.

ბოლოს და ბოლოს წინა სეზონზე ხომ ასე გავიმარჯვეთ, ძალიან სერიოზული რეიტინგი დავდეთ. პირველივე გადაცემიდან წამოგვყვა მაყურებელი, - ესაა მთავარი.

- გასულ ორშაბათს შესარჩევ ტურს რომ ვუყურე, რამდენიმე ფოლკლორისტ მომღერალს უარი უთხარით. რატომ ვერ გარისკეთ ამ ადამიანების შემდეგ ტურში გადაყვანა?

- თუ ადამიანი ხალხურს მღერის, მას ესტრადის ხმაზე პრაქტიკულად, ვერ სვამ, ძნელად გადადის. ემოციურად შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ყელი ამის საშულებას არ აძლევს. ფორმირება სხვანაირია. ამიტომ ისინი ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გავუშვით. ახლა მთავარია, მაყურებელმა დაგვიჯეროს, წამოგვყეს, გვიყუროს, ჩვენ ძალიან ლამაზ პროექტს და ლამაზ დღეებს ვპირდებით.

- ფავორიტები თუ გყავთ?

- რასაკვირველია მყავს. არის სამი კონკურსანტი, თუმცა მუშაობაში ვინ რა იქნება, არავინ იცის. რაც შეეხება სოფო ბათილაშვილს, ხმამაღლა ვამბობ, ერთი ჩვეულებრივი, კარგი მონაცემის გოგო იყო, რომელიც უნდა მოხვედრილიყო 10 კონკურსანტში, მოხვდა, მაგრამ ასე თუ გამობრწყინდებოდა, არ გვეგონა... ასე რომ, სიურპრიზები წინ არის.

- სოფომ აჩვენა საკუთარი ინდივიდუალიზმი და ეს იყო მთავარი...

- ის, რაც არ ჰქონდა არც ერთს! მან ზვიად ბოლქვაძისგან აიღო ყველაფერი. ერთმანეთის ენა გაიგეს. ასე რომ, კონკურსანტებით წელსაც კმაყოფილები ვართ...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს