ავტორი:

მიშიმას ბლოგი - სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ და განსაკუთრებული კერძის რეცეპტი

მიშიმას ბლოგი - სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ და განსაკუთრებული კერძის რეცეპტი

არც თუ ისე შორეულ წარსულში, საშუალოსტატისტიკური თბილისელის სასურსათო კალათის შევსება საკმაოდ ნევროზულ და დამღლელ პროცედურას წარმოადგენდა.

უკვე დილიდან, ეს საშუალოსტატისტიკური თბილისელი მიაშურებდა დიდუბეს ან ისანს, სადაც ადგილობრივი მეტროსადგურების გარშემო პოსტაპოკალიფსური ფილმების დეკორაციებივით მეტასტაზირებდა ათეულობით ბაზარი და ბაზრობა... რომელიმე „ატომიკ სითის“, ან „ექსონ ვალდეზის“ მოდაზე შეკრულ კუსტარულ დახლებზე და ჯიხურებში თავმოყრილი იყო ყველანაირი სახეობის, ხარისხის და წარმოშობის საქონელი...

ქართული მებაღეობა-მეცხოველეობა უპრობლემოდ მეზობლობდა თურქულ ტრიკოტაჟთან თუ ირანულ რკინეულობასთან. ჩინური ელექტროსაქონელი ენაცვლებოდა „წითელი ოქტომბრის“ საკონდიტრო ნაწარმს. რეპლიკური სათვალეების სტენდი მდორედ გადაედინებოდა ბურღულეულის დახლში, ხოლო იმპორტული ძეხვეულის ან ყველის მაცივარი შეიძლებოდა მდგარიყო სადღაც, კუსტარული ფეხსაცმლის და ასეთივე აუდიოკასეტების ჯიხურებს შორის... და როგორც წესი, ამდაგვარი აპოკალიფტიკა აქა-იქ შეზავებული იყო უსახელო ცეხების „შოურუმებით“, სადაც იყიდებოდა საეჭვო სიიაფის, ხარისხის და ვიზუალის მქონე ხორცპროდუქცია.

არ დაგიმალავთ, მე რამდენჯერმე მხვდა წილად დამეგემოვნებინა ეს ცელულოზით, ნივრითა და თხევადი კვამლით გაჯერებული საოცრებები. დაგემოვნებას კი, უმეტესად, თან სდევდა გარკვეული გასტროენტეროლოგიური უხერხულობები, სინანულის გრძნობა და სკეპტიციზმი ეროვნული ხორცმრეწველობის შესაძლებლობების მიმართ... თუმცა, 2000-იანების დასაწყისში, ჩემმა სკეპტიციზმმა პირველი შემასუსტებელი ბიძგი მიიღო, როცა ბახტრიონის ქუჩაზე ამოქმედდა პატარა მაღაზია, სახელწოდებით „ნიკორა“. ეს მაღაზია არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერიერით. მის დახლზე სულ რამდენიმე დასახელების ძეხვეული იდო, მაგრამ ამ რამდენიმე დასახელებას გააჩნდა ის, რაც ასე აკლდა იმდროინდელ თბილისურ გასტრონომიას - გემო და ვიზუალი...

ვერ გეტყვით, რომ პირველივე ვიზიტიდან გავხდი ამ მაღაზიის ყოველდღიური სტუმარი, რომ ერთ წელიწადში მომართვეს სასაჩუქრე ჭიქა წარწერით: „ნიკორას საპატიო მომხმარებელს“... არა... უბრალოდ, იმ პირველ ვიზიტს დროთა განმავლობაში მოჰყვა მეორე, მეორეს კი მესამე... შიგადაშიგ ნაყიდ „რძიანს“ მოჰყვა „სპეცის“, თუ ბეკონის რეგულარული მარაგები. ჩემი მაცივრის ოდესღაც მარტივ სენდვიჩებზე და ერბოკვერცხზე გათვლილი ორდასახელებიანი ასორტიმენტი ჩანაცვლდა კომპლექსური კერძებისათვის საჭირო ხორცპროდუქტების (და არა მარტო) სრულწონიანი კომბინაციებით. და დღეს, თითქმის 20 წლის თავზე, მე, ისევე როგორც ათასობით სხვა საშუალოსტატისტიკურ თბილისელს, ვერ წარმომიდგენია ჩემი სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ ყოველდღიური ვიზიტის გარეშე.

ღრმა ქვაბში ვაცხელებთ ზეითუნის ზეთს, ვადნობთ ბეკონს, ვამატებთ დაჭრილ ბოსტნეულს და ვშუშავთ 3-5 წუთის განმავლობაში. ვამატებთ სანელებლებსა და ფარშს, ვთუშავთ 5-10 წუთი. შემდეგ ვამატებთ ლობიოს, პომიდორს, საქონლის ბულიონს და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 40-50 წუთი. მარილი, ცხადია გემოვნებით. შემდეგ `ვასვენებთ~ 15 წუთი. ვიღებთ ღრმა თეფშზე და ვრთავთ დაჭრილი ქინძით, ვამატებთ ლაიმს და არაჟანს. გარნირად ბრინჯი, ან შემწვარი ტარტილია (შეიძლება სიმინდის ჩიფსიც)

ხახვი / დიდი თავი 2 ც

ნიორი 3 კბილი

წითელი ბულგარული წიწაკა 3 ც

ზეითუნის ზეთი 3 სუფრ. კოვზი

ტაკოსის მიქსი 2 სუფრ. კოვზი

წითელი კონსერვირებული ლობიო 2 ქილა

კანგაცლილი კონსერვირებული პომიდორი 2 ქილა

საქონლის უცხიმო ფარში / მსხვილად გატარებული 0.8 კგ

ბეკონი 0.2 კგ

ქინძი 1 კონა

ბალზამიკო 3 სუფრ. კოვზი

ტკბილი აზიური ჩილი-სოუსი 3 სუფრ. კოვზი

საქონლის ბულიონი 0.5 ლ.

ტაკოსის მიქსის დასამზადებლად

დაგჭირდებათ

დაფქვილი ჩილი 2 სუფრ. კოვზი

ნივრის ფხვნილი 1.5 ჩ. კოვზი

ხახვის ფხვნილი 1 სუფრ. კოვზი

ხმელი ორეგანო 1 სუფრ. კოვზი

პაპრიკა 2 ჩ. კოვზი

კუმინის ფხვნილი 1.5 სუფრ. კოვზი

მარილი 2 ჩ. კოვზი

პილპილი 2 ჩ. კოვზი

კაკაო 1 სუფრ. კოვზი

დარიჩინი 2 ჩ. კოვზი

წყარო: citymagazine.ge

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის