ავტორი:

30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება

30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება

თბილისში Fuckup Nights-ის ღონისძიებები გრძელდება. 30 ნოემბერს, „ფაბრიკაში“ უკვე მეშვიდე საღამო გაიმართება.

ტრადიციულად, ღონისძიებაზე, რომელიც „თბილისის სტარტაპ-ბიუროსა“ და Impact Hub Tbilisi-ს მიერ არის ორგანიზებული, წარმატებული ბიზნესმენები აუდიტორიას თავიანთი წარუმატებლობების შესახებ უამბობენ.

Fuckukup Nights თბილისში ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიება გახდა, რომელსაც რეგულარული მონაწილეები უკვე ჰყავს. ის არამარტო თბილისში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქალაქში სტარტაპერებისა და უბრალოდ, ბიზნესის ისტორიებით დაინტერესებული პირების საყვარელი მოძრაობაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით, ასობით ადამიანი თვეში იკრიბება, რათა სხვებს თავიანთი ისტორიები უამბოს და საკუთარ შეცდომებზე სხვებს ასწავლოს.

მოძრაობის დამფუძნებლებისთვის მთავარია, მიაღწიონ მიზანს, რომელიც აუდიტორიის მაქსიმალურად ინფორმირებას, სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას, ახალი კონტაქტების შეძენასა და უბრალოდ, საღამოს სასიამოვნო გარემოში გატარებას გულისხმობს.

ეს მიზანი „თბილისის სტარტაპ-ბიურომაც“ დაისახა და მისი თანადამფუძნებლები, გური ქოაიავა და ჰაიკ ასრიანცი უკვე რამდენიმე თვეა, Fuckup Nights-ის მეშვეობით მის შესრულებას აქტიურად ცდილობს. თბილისში სტარტაპები პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ პირები, ვინც საკუთარ თავს ბიზნეს-საქმიანობაში ხედავენ, ღონისძიების აქტიური სტუმრები არიან.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და უკვე თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. კერძოდ, ის 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, Fuckup Nights განკუთვნილია მეწარმეების, ბიზნესმენების, სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორების, მენეჯერების, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

როგორც ისინი აღნიშნავენ, პროფესიული მარცხი შესაძლოა, არამხოლოდ იმ სპიკერებმა განიცადონ, ვინც წარმატებული ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებულები, არამედ მათაც, ვინც Fuckup Nights-ს უწევს ორგანიზებას.

ორგანიზატორების თქმით, ხანდახან ყველაფერი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ღონისძიებამდე დაგეგმეს. ისინი რამდენიმე ასეთ შემთხვევებს იხსენებენ. მაგალითად, ერთ-ერთი საღამო, რომელზეც სტუმრები უკვე მისულები იყვნენ და დაანონსებულ გამომსვლელს ელოდებოდნენ, გაუგებრობის გამო თითქმის ჩაიშალა:

„ჩვენს მე-6 ღონისძიებაზე, ერთ-ერთმა სპიკერმა საკუთარი გამოსვლა Fuckup Nights-ის საღამომდე რამდენიმე დღით ადრე გააუქმა და იმავე კომპანიიდან, სადაც თავად მუშაობდა, შემცვლელი შემოგვთავაზა. ჩვენც დავთანხმდით და სწორედ იმ დღეს, როდესაც სპიკერის შემცვლელი ბერლინიდან მატარებლით მოემგზავრებოდა, გზაში შეფერხდა და დააგვიანდა. პრეზენტაცია 19:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ მას 10 წუთით ადრე მაინც ველოდით და ვცდილობდით, მისი გამოსვლის დაწყების დრო გაგვეწელა. ყველაფერი ვცადეთ, პირველ გამომსვლელს უამრავი შეკითხვა დავუსვით, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.

20:00 საათზე, როდესაც სპიკერი ქალაქში ჩამოვიდა, ახალ სირთულეს წააყდა. დამირეკა და მითხრა, რომ მისი ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, ღონისძიება სად იმართებოდა. გავოგნდი, რადგან ეს გუტერსლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი იყო, თუმცა როგორც მძღოლმა განმარტა, ის მგზავრთან ერთად არა ქალაქ გუტერსლოში, არამედ ქალაქ პადებორნში იმყოფებოდა. იქიდან ჩამოსვლას კი დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდებოდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მგზავრმა მატარებლის ბილეთი არასწორად შეიძინა და გაუგებრობის მიზეზიც ეს გახდა. სხვა გზა აღარ დაგვრჩა და აუდიტორიას სიმართლე ვუთხარით. ასე რომ, მარცხი შეიძლება, Fuckup Nights-ის ორგანიზატორებმაც განვიცადოთ, თუმცა, ჩვენი დევიზია „თუ ყველაფერი ცუდად მიდის, გზა მაინც გააგრძელეთ“!, - იხსენებს ღონისძიების ორგანიზატორი.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში მსგავსი მარცხი უსიამოვნო და სტრესულია, მომავალში სახალისოდ ვყვებით, როგორც გამოცდილებას, რომელიც გარკვეული დეტალების გაუთვალისწინებლობით მივიღეთ, ამ დეტალებს კი მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ. Fuckup Nights-ის მამოძრავებელი ძალაც ეს არის.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ორგანიზებული Fuckup Nights-ის 30 ნოემბრის ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

მისი პარტნიორები არიან Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.

რაც შეეხება ღონისძიების მედია პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

ონლაინ ბილეთების შეძენა კი შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ:

Eventer.ge

Tkt.ge

Biletebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი