ავტორი:

უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ

უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ

AMBEBI.GE მკითხველის მუდმივი ინტერესის გათვალისწინებით, აგრძელებს მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მონაცემების მოძიების.

თითქმის ყველა მეომრის ბედი მტკივნეული და თავისებურად მძიმეა, თუმცა, არის გამორჩეულად გულდასაწყვეტი ისტორიებიც, რომელიც თითქმის 75 წლის შემდეგაც ძალიან ემოციურია.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს კომენტარებს და ვცდილობთ მკითხველის მიერ მითითებული პირების შესახებაც მოვიძიოთ ინფორმაცია. ამიტომ მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს: კომენტარებში თქვენთვის საინტერესო პირის მონაცემები შეძლებისგვარად სრულყოფილად დაწერეთ, მაგალითად, გვარი-სახელი, მამის სახელი, დაბადების ადგილი, წელი და ბოლო ცნობის მიღების თარიღი...

ამჯერად, ქერჩის კომისიის წევრები, ნოვოროსიისკის საერთო სასაფლაოს ფოტოსთან ერთად გვაწვდიან ერთ-ერთი მეომრის ფოტოებს, რომელიც ომის დროს თანამებრძოლებთან არის გადაღებული... ფოტოებზე ასახულია - ალექსანდრე პლატონის ძე კორძახია, დაბადებული აბაშის რაიონის სოფელ ზანათში 1916 წელს. დაიღუპა 1942 წელს, რუსეთის ქალაქ, ნოვოროსიისკში. დაკრძალულია ადგილობრივ ძმათა სასაფლაოზე.

ალექსანდრე კორძახია თანამებრძოლს ჭრილობას უხვევს

ამავდროულად, გერმანიაში მცხოვრები ქართული წარმოშობის გოგონა მეგი სტემპენი, ქალაქ ცაითჰაინის სასაფლაოდან იმ ქართველი მეომრების მონაცემებსა და ფოტო-მასალას გვაწვდის, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

"ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია 25 000 საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნენ, მათგან 185 ქართველია. ყოველ წელს 23 აპრილს იმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ქვეყნის დროშას გამოჰფენენ, რომლის წარმომადგენელის აღნიშნულ ბანაკში იყო და დაიღუპა. ეს იყო ლაზარეთის ბანაკი, სადაც ტყვეები უკვე დაავადებული მიჰყავდათ, მათი უმეტესობა დიზენტერიით, შიმშილით, წყურვილით, მძიმე ვითარებაში დაიღუპნენ. არსებობს ზაქსენის მიწის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი, სადაც ამ ბანაკებზეა მოთხრობილი და მასში აღწერილი ამბები ძალიან მძიმე წასაკითხია...

მე ვესაუბრე ქალაქის ადმინისტრაციას, შევხვდი მუზეუმის ხელმძღვანელს და მითხრა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მუზეუმი გამოყოფს ავტობუსს და სტუმრების მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანენ... ეს ეხება გერმანიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი თანამემამულეების ხსოვნას პატივი მიაგონ... თუ ვინმეს ექნება ცაითჰაინში ჩამოსვლის სურვილი, შემეხმიანოს, ორგანიზატორულ საკითხების მოგვარებას თავად უზრუნველვყოფ" - გვეუბნება მეგი სტემპენი.

გთავაზობთ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ახალ მონაცემებს:

დავით ივანეს ძე შერაზადაშვილი - დაბადებული 1920 წელს ონის რაიონის სოფელ ონჭევში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 10 ოქტომბერს, ვიაზმაში, ბანაკი: შტალაგი IV (304) ბანაკის ნომერი: 30336; წოდება: რიგითი. დაიღუპა 1942 წლის 27 იანვარს.

დიმიტრი დათას ძე მოსულიშვილი - დაბადებული 1908 წელს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 ივლისს ქალაქ სევასტოპოლში; ბანაკი: შტალაგი VIII (318) ბანაკის ნომერი: 67428 წოდება: რიგითი; დაიღუპა 1944 წლის 3 ოქტომბერს.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ზამბახიძე - დაბადებული 1902 წელს, ქუთაისი, ტყიბულის ქუჩა #36. მეუღლის სახელი – მარია, დედა – მაკრინე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 მაისს ქალაქ ლოზოვაიაში; ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 203305; წოდება – რიგითი. გარდაიცვალა 1944 წლის 8 მარტს.

ბორის გიორგის ძე ფილიევი (პილიევი) - დაბადებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში. მის პირად მონაცემებში მითითებულია: "პროფესია - მოსწავლე", რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ფროტნის ხაზზე პირდაპირ სკოლის მერხიდან წავიდა... ტყვედ ჩავარდა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში 1941 წლის 2 სექტემბერს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 133432; წოდება - რიგითი. დაიღუპა 1944 წლის 10 მარტს.

ტრიფონი კაბუჩის (?!) ძე მორგოშია - დაბადებული 1921 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 იანვარს ქალაქ ხარკოვში. შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 157472; წოდება - რიგითი; დაიღუპა 1942 წლის 17 ოქტომბერს.

სერგეი იაკობის ძე შეიკინი - დაბადებული 1900 წელს დაბა მანგლისში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 ივლისს ქალაქ სევასტოპოლში. ბანაკი: შტალაგი IV (304) ბანაკის ნომერი: 203503; წოდება - რიგითი. დაიღუპა 1943 წლის 3 ივნისს.

ბესარიონ სიმონის ძე გამგებელი - დაბადებული საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა. მეუღლე - გალინა. ტყვედ ჩავარდნის ადგილი უკრაინის ქალაქი ვოროშილოვრგადი (ახლანდელი ლუგანსკი). ბანაკი, - შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: - 201331. წოდება – რიგითი. დაიღუპა 1943 წლის 24 აპრილს.