ავტორი:

გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე

გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე

ნოდარიკო ხუციშვილის "მხოლოდ ქართულში" გამოჩენას საზოგადოება და თავად ჟიური თბილად და დიდი სიყვარულით შეხვდა. პირველივე დღიდან შეიყვარეს და უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. დღეს ლიდერთა და ფავორიტთა შორის დამსახურებულად იკავებს ადგილს, მისი ნამღერი მოსწონთ და მხარს უჭერენ. ფართო საზოგადოებისთვის გიო ხუციშვილის აქამდე უცნობ შვილს, ნოდარიკოს კონკურსში სერიოზული მარათონი ელის. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურსანტია, ასევე ძლიერ კონკურენტებთან უწევს ბრძოლა. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს თავად პასუხობს...

- ყველასთვის ცნობილ მომღერალს რომ თავი დავანებოთ, გიო მამაა და როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რთულია მამის დაკარგვა... მერე ენერგიული, სიცოცხლით სავსე იყო და ასეთი ადამიანის გვერდიდან მოცილება მტკივნეულია... რომ წამოვიზარდე, მასთან მეტად დავმეგობრდი. ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით, მერე მუსიკალურადაც ახლოს ვიყავით. რაღაცას რომ გავაკეთებდი, მინდოდა, მეთქვა და გამეხარებინა... ეს ყველაფერი დღეს მოგონებად დამრჩა, გარდა ამისა, თავისი სახელი დამიტოვა, რისთვისაც მადლობელი ვარ და ვიმეორებ, რთულია იმის შემდეგ ცხოვრება, როცა ასეთი ახლობელი ადამიანი მიდის. სადაც უნდა წავიდე, გიოზე ყველგან ბევრი სახალისო ისტორია მხვდება, რასაც ღიმილით ყვებიან და რთულია, შენც არ გაგეღიმოს. მართლა დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ამას, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, ვერ ივიწყებს.

- ეკრანზე გამოჩნდი თუ არა, ჟიურიდან დაწყებული, რიგითი მაყურებლით დასრულებული, ყველა გიოს გამსგავსებს. თავად რას იტყოდი ამაზე?

- სასიხარულოა, როცა ასეთ რაღაცას მეუბნებიან, მამა იყო, როგორ არ უნდა გამიხარდეს?! თუმცა საკუთარ თავზე ძნელია იმის მიხვედრა, როგორ გავხარ, ამას სხვა უფრო ამჩნევს. მინდა ვთქვა, რომ დედაჩემს ვინც იცნობს, მასაც მამსგავსებენ და ასევე ბიძასაც, დედის ძმას, რომელიც გარდაცვლილია. მის ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, საოცრად ვგავარ. ნაკვთები, მიმიკები, მანერები, ლაპარაკი, მოძრაობა არის ის, რა პერიოდშიც ჩემს მშობლებთან მსგავსებას ვიჭერ და ხანდახან მეცინება კიდეც.

- სიმღერის ნიჭი გენეტიკურად რომ გადმოგეცა, ფაქტია, პედაგოგი არასდროს გყოლია?

- არასდროს მყოლია მასწავლებელი, ყველაფერი გენეტიკის ბრალია. მუსიკა დედაჩემის მხრიდანაც მომყვება - ბაბუაჩემი - გურამ ბაკურაძე პირველი ჯაზკვარტეტის წევრი იყო, რომელსაც გურამ ბზვანელი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დროს ჯაზი საქართველოში მათ შემოიტანეს. გიოს მამაც, ნოდარ ხუციშვილი თვითნასწავლი მომღერალი იყო, ოღონდ, მას ვერ მოვესწარი.

* * *

ნოდარიკო ამბობს, რომ პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტია, მაგისტრატურაც მარკეტინგში იტალიაში გაიარა. ამ მიმართულებითაც უმუშავია, მაგრამ ოფისში საქმიანობა დიდად არ ხიბლავს... დღესდღეობით ტურიზმის სფეროთია დაინტერესებული და დაკავებული, რაც ძალიან მოსწონს.

"მთაში სიარული ძალიან მიყვარს, რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც აქეთ-იქით ზაფხულობით ჩანთააკიდებულები დავდიოდი. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, სკანდინავიიდან ჩამოსული ჯგუფი სვანეთში წამეყვანა. სხვადასხვა სოფელსა და ოჯახში მოგვიხდა ყოფნა, 12-დღიანი ფანტასტიკური ტური გამოგვივიდა. საოცარი ხალხი გავიცანი და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის დიდ ნაწილს ახლოს არ ვიცნობდი. დამაინტერესა ამ პროცესმა და ნელ-ნელა ამ მიმართულებით დავიწყე 2 კომპანიაში მუშაობა. ბიოღვინო, კულინარია ჩავრთე, მერე "ფესიბუქზე" გვერდიც გავაკეთე. მხოლოდ გიდობა არ მიწევს, ჯგუფი რომ ჩამოვა, თავის ყველა დეტალით (ტურის შედგენა, დაგეგმვა, არჩევა) ყველაფერს მე ვუწევ ორგანიზებას და ამ საქმის უფრო განვითრებას ვაპირებ, არ გავჩერდები. მართლა ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს, რომელიც ამ ჩემი საქმიანობით ხელახლა აღმოვაჩინე.

- როგორც შევიტყვეთ, დედას უდიდესი როლი ჰქონია შენი ინტერესების ჩამოყალიბებაში...

- კომიქსებში რომ სუპერგმირები არიან, ალბათ დედაჩემი ლელა ბაკურაძე ჩემთვის ასეთია რეალურ ცხოვრებაში. ახლა უფრო კარგად ვხდები რაღაცებს, პატარას გიჭირს გაანალიზო, ეს ადამიანი შენთვის რას აკეთებს. 34 წლის ვარ და ის ჩემზე პატარა იყო, როცა 2 შვილით, უმძიმეს 90-იანებში, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბევრ რამეს ახერხებდა, გინდაც ფინანსურად, სულიერად, მორალურად. თხილამურები, ინგლისური, ფოტოსაქმე, რაზე არ მატარებდა. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო დათო ცხადაძე, ადამიანი, დედას მეგობარი, ვინც ფოტოხელოვნება მასწავლა. უმაგრესი ფოტოგრაფია. მართალია, ის კურსი ბოლომდე ვერ დავასრულე, მაგრამ რა პერიოდიც დავდიოდი, ბევრი რამ მასწავლა და ეს საქმე დღეს სწორედ ტურიზმში ყელაზე მეტად მადგება. ხომ ვამბობ, დედამ ისეთი მიმართულებები მომცა ცხოვრებაში, რომ ყველაფრი გამომადგა. აღზრდისას სხვადასხვა კუთხით ფიქრობდა, რადგანაც რთული პერიოდი იყო, ყველა ქუჩაში იდგა, ამიტომ, ცდილობდა, ქუჩას ავეცილებინე, ისეთი ინტერესები მქონოდა ცხოვრებაში, რითაც შემდეგ უკმაყოფილო არ ვიქნებოდი... ხელოვნებათმცოდნეა და ამასთან ერთად, თვითონაც ბევრი რამ გამოსდის, კერავდა, სულ რაღაცას აკეთებდა, ფოტოებს თვითანაც იღებდა და ეს საქმე იმიტომაც შემიყვარდა. მერე თავისი აპარატიც მაჩუქა... მახსოვს, იმ 90-იან წლებში ჩემი მეგობრებისთვის საკარნავალო კოსტიუმებსაც კი კერავდა... მოკლედ, დიდი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.

- გიო მუსიკაში მიმართულებას არ გაძლევდა?

- არა, ასე არ ყოფილა და ჩემი აზრით, სწორადაც იქცეოდა. ერთი-ორ სიტყვას მეტყოდა და იმით ვხვდებოდი, რომ ძალიან მოსწონდა და უხაროდა, თუ რამეს გავაკეთებდი. ისე, სხვებისგან უფრო ვიგებდი, როგორც ჩანს, მათ ეუბნებოდა, - ნახე, ნოდარიკომ რა მაგარი რაღაც გააკეთა? საერთოდ, მუსიკა ძალიან უყვარდა, მელომანი იყო, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას სულ უსმენდა...

- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, ჟიურიმ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგიღო, აქა-იქ გამოჩდნენ ისეთები, ვინც თქვა, რომ "გიოს ბიჭია და ასე იმიტომ ეფერებიან, იმიტომაც მოხვდა ათეულშიო". რას ეტყოდი მათ?

- რაც უნდა გააკეთო, ამას ვერ აცდები, ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც სხვა კუთხით შემოგხედავს. ჩემით ვცდილობ და ასეთებს მაინც ამბობენ და გიოს სახელი რომ მართლა გამომეყენებინა, მაშინ იტყოდნენ, - ნახე, როგორ გაძვრაო?! ამიტომ, დიდად, არ ვდარდობ, ჩემს ცხოვრებაში მაგ ხალხს არანაირი როლი არ აქვს. საერთოდ, ასეთი ნეგატიურები რატომ უნდა იყვნენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. თქვან, კი ბატონო, ყველას თავის გზა აქვს, უბრალოდ, მათთან კვეთა არასდროს მექნება.

- საერთოდ, რამ გადაგაწყვეტინა "მხოლოდ ქართულში" მოსვლა? აქამდე არც ერთ კონკურსში არ გამოჩენილხარ.

- არ ვიცი, ასე მომინდა მასში მონაწილეობა, ჩემი არჩევანი იყო. საერთოდ, მშობლები არასდროს მაძალებდნენ რამეს. მოკლედ, როცა გადავწყვიტე, მაშინ მივედი. ეტყობა, მივხვდი, რომ ამჯერად ამისთვის მზად ვიყავი. ახლა ძალიან მაგარ პროცესში ვარ. საინტერესო გარემოში მოვხვდი, მუსიკოსები გავიცანი, კონკურსანტები, ძალიან მაგარი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მაგარი ეტაპია. პროექტი როგორც უნდა დამთარდეს, მართლა ძლიერი კონკურსანტები არიან და რაც მთავარია, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნაბიჯით. უკვე იმდენი გამოცდილება მივიღე. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას. მიხარია, თუ ვინმეს სიამოვნებას ვანიჭებ, თუ ვინმეს ჩემი სიმღერა მოსწონს და ჩემი დანახვა უხარია. მადლობა მხარდაჭერისთვის.

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან