დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში იზრდება, თუმცა გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის.
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.

“მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა - ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.
“გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კი აღნიშნა, რომ არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, რადგან გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს.
მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლოდან იზრდება.

„არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.