ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერი #1(97), რომელშიც წაიკითხავთ:

რას ითვალისწინებდა XVIII საუკუნეში შექმნილი ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა პირველი პროექტი

ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, უფლისწული იოანე ბაგრატიონი გახლდათ გიორგი XII-ის მეორე ვაჟი, მომდევნო ძმა სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულ დავით ბაგრატიონისა. 1799 წლის 10 მაისს უფლისწულმა იოანემ თავის გვირგვინოსან მამას წარუდგინა ქართლ-კახეთის სამეფოში აუცილებლად გასატარებელი რეფორმების პროექტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - ~სჯულდება”. პროექტი მიზნად ისახავდა ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობის მოდერნიზაციასა და ევროპეიზაციას. მის ავტორს სათანადოდ ჰქონდა გაცნობიერებული საქართველოში იმხანად შექმნილი ვითარების სირთულე და ამ მდგომარეობიდან გამოსავალს რეფორმათა მთელი სისტემის განხორციელებაში ხედავდა.

“სჯულდებაში” მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართული სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების შექმნის პროექტს. უნდა ითქვას, რომ 1799 წლისთვის, საქართველოს უშუალო მეზობლებსაც, გარდა რუსეთისა, არ ჰქონდათ სახელმწიფო ჯილდოები - ორდენებისა და მედლების სახით. ამ ტიპის ჯილდოები მხოლოდ ხსენებულ წელს შემოიღეს ოსმალეთში, ხოლო სპარსეთში - 1808 წელს.

იოანე ბაგრატიონი ცდილობდა ზემოხსენებული სიახლის საქართველოში დანერგვას. მან არა მხოლოდ ჩამოთვალა დასაწესებელი წარჩინების ნიშნების სახელწოდებები, არამედ დეტალურად აღწერა თითოეული მათგანის გარეგნული სახე. იოანე ბაგრატიონი საჭიროდ მიიჩნევდა დაწესებულიყო შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები: 1) წმინდა ნინო კაპადოკიელის ორდენი; 2) წმინდა დავით აღმაშენებლის ორდენი; 3) წმინდა ქეთევან დედოფლის ორდენი; 4) წმინდა მეფეთა - არჩილისა და ლუარსაბის მედალი; 5) წმინდა გიორგის მედალი; 6) საპატიო ხმალი.

თვალში საცემია პროექტში აღწერილ მომავალ ქართულ ჯილდოთა რელიგიური დატვირთვა. ყველა წარჩინების ნიშანი წმინდანის სახელობის უნდა ყოფილიყო. თვით საპატიო ხმლის ვადაზეც უნდა ამოტვიფრულიყო წმინდა მეფის - დავით აღმაშენებლის სახელი.

დავით სარაჯიშვილის მასტერკლასი

დიდი ქართველ ერისკაცს დავით სარაჯიშვილს 2018 წლის ოქტომბერში დაბადებიდან 170 წელიწადი შეუსრულდა... პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლა რომ არ მოეწონა, დავითი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ფილოსოფიისა და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მეღვინეობა-მევენახეობა შეისწავლა და არყის, ლიქიორისა და განსაკუთრებით, კონიაკის წარმოებამ გაიტაცა. ადამიანებზე იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ფრანგმა კონიაკის მწარმოებლებმა კარგად შეასწავლეს საკონიაკო საქმე და ტექნიკური აღჭურვილობითაც დაეხმარნენ.

სამშობლოში 32 წლის ასაკში დაბრუნდა. ახალწამოწყებული საქმე თავდაპირველად არცთუ კარგად მიდიოდა, თუმცა სარაჯიშვილის კონიაკმა მალე აითვისა რუსეთის იმპერიის ბაზარი. დიდი წარმატება იმან განაპირობა, რომ დავითს ყველაფერში ხარისხი მიაჩნდა უპირველესად. მისი კონიაკის შესახებ ლეგენდარული ფრანგული დინასტიის წარმომადგენელი პოლ-ემილ რემი მარტინი წერდა - მეც რომ ისე მეკეთებინა კონიაკი, როგორც სარაჯიშვილს, მოგების 50%-ს დავკარგავდიო.

უნდა აღინიშნოს, რომ დავითისთვის „კანონი იყო“ ილიას ჭავჭავაძის სიტყვა, თუ ვინმეს რამე სათხოვარი ჰქონდა დავითთან, პირველად ილიასთან მიდიოდნენ და შუამდგომლობას სთხოვდნენ... 1901 წელს მუშათა მასობრივი გაფიცვების დროს, მხოლოდ მისი ქარხნები განაგრძობდნენ მუშაობას. დავითმა მიზეზი ჰკითხა და მუშებმაც მიუგეს - ისინი რასაც ითხოვენ, ჩვენ ის უკვე გვაქვს და გასაფიციც არაფერი გვჭირსო.

არნოლდ ზისერმანის საოცარი თავგადასავალი კავკასიაში

არნოლდ ზისერმანის „ოცდახუთი წელი კავკასიაში 1842-1867“ მოგვითხრობს XIX საუკუნის საქართველოსა და ამიერკავკასიაზე. გერმანული წარმოშობის რუსი ზისერმანი, ფართო თვალსაწიერისა და გახსნილი გონების მქონე იმ იშვიათ შემოქმედთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომლებიც, რუსეთის იმპერიისადმი ერთგულების მიუხედავად, ქართველობისადმი განსაკუთრებულ სიმპათიასა და მხარდაჭერას ავლენდნენ. ყოველგვარი უმაღლესი განათლების, პროფესიული ცოდნისა თუ ოჯახის მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ზისერმანი 17 წლის ასაკში „ეგზოტიკური“ საქართველოს აღმოსაჩენად გამოემგზავრა.

კახეთის მმართველთან, თავად მიხეილ ჩოლოყაშვილთან იღბლიანი შეხვედრის შემდეგ მისი მოადგილე გახდა. ზისერმანი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმო საველე სამუშაოებისთვის, ხშირად ემოგზაურა კახეთში.... მან მიიღო პოლიციის უფროსის პოსტი მთიან ელისუში, ზაქათალას აღმოსავლეთით, შემდეგ იმერეთის გუბერნიაში მიიღო პოსტი და კვლავ ბევრს მოგზაურობდა რეგიონიდან რეგიონში, აფხაზეთიდან გურიამდე.

განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მოღვაწეების მთელი გალერეა, რომელსაც ზისერმანი წარმოგვიდგენს. მათი ნაწილი თავადები და მაღალი სამხედრო წოდების ადამიანები არიან. მათ შორის ვხვდებით ანდრონიკაშვილების, ავალიშვილების, ბაგრატიონების, ჭავჭავაძეების, ჭილაშვილების, ჩოლოყაშვილების, დადიანების, ერისთავების, მაჩაბლების, ორბელიანებისა და შალიკაშვილების გვართა წარმომადგენლებს... მასშტაბურია მის მიერ აღწერილი კავკასიის სურათები, ნიშანდობლივია, რომ ლევ ტოლსტოიც „ჰაჯი მურატის“ ისტორიულ პირველწყაროდ სწორედ არნოლდ ზისერმანს ასახელებს.

აია-სოფია - ღვთის სიბრძნის ტაძარი

კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის „ოქროს საუკუნის“ სიმბოლო. ის ჯერ მართლმადიდებლური ტაძარი იყო, შემდგომში მეჩეთი, ახლა კი მუზეუმი აია-სოფიაა. ბიზანტიის იმპერიის ხანაში მას ასევე უწოდებდნენ კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას - ღვთის სიბრძნის ტაძარს (წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე). ათას წელიწადზე მეტხანს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარი, რომში წმინდა პეტრეს ტაძრის აგებამდე, ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდ ტაძრად რჩებოდა. მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად.

ამ ადგილას პირველი ტაძარი ხანძარმა შთანთქა 404 წლის სახალხო აჯანყების დროს. მეორე ტაძარი 532 წელს ასევე სახალხო აჯანყებისას დაიწვა. ამ ხანძრიდან 40 დღის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ტაძრის ახლომდებარე მიწები შეიძინა, იქ არსებული ნაგებობები დაანგრია და ბრძანა, მოსწორებულ ადგილას აეგოთ იმავე სახელზე ისეთი ეკლესია, რომელიც იქნებოდა ბიზანტიის იმპერიის დიდების შესატყვისი და დედაქალაქის მშვენება.

მშენებლობისას იყენებდნენ საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებს, აგრეთვე ოქრო-ვერცხლს, 72 სახის ძვირფას თუ ნახევრად ძვირფას ქვასა და სპილოს ძვალს... მშენებლობის დასრულებას ბიზანტიის იმპერიის 3 წლის შემოსავალი მთლიანად დასჭირდა. ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. გადმოცემის მიხედვით, იუსტინიანემ ტაძარში შესვლისას შესძახა: „სოლომონ, გაჯობე!“

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. ჰომეროსის „ოდისეის“ თიხის ფირფიტა 17 საუკუნისაა

მოკლე ამბები. ქილა კბილის ჯაგრისისთვის... 4000 წლის აღმოჩნდა

მოკლე ამბები. უდიდესი სამდინარო კატასტროფა ისტორიაში / მისისიპის ტრაგედიაში 1700-ზე მეტი ახალგათავისუფლებული ტყვე დაიღუპა

ახალი ამბები. ეროტიკული ფრესკა პომპეიში

ახალი ამბები. კერპების გალერეა უდიდეს აგურის ქალაქში

გალერეა. ისტორიული სახეები ზუგდიდის დადიანების სასახლიდან

ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან. ახალი ათონის „მძვინვარე დუმილი“ / ...და მოუშუშებელი სისასტიკის ისტორიები

ტრადიციები. ფრანგული ექსპედიცია ძველი ქართული თიხის ნაწარმისთვის / „ჭიქურის დამზადების ტექნოლოგიას ქალიშვილებსაც არ უმხელდნენ, გათხოვების შემდეგ ეს საიდუმლო სახლიდან რომ არ გაეტანათ“

პოლემიკა. როგორ ასწავლიან რუსეთის ისტორიას პოსტსაბჭოურ ხანაში

მოგონებები. საქართველოს ჰიმნის ერთი მივიწყებული ისტორია

მითები და ისტორია. მსხვერპლშეწირვის საიდუმლო / რატომ ითხოვდნენ ძველ ბერძენთა ღმერთები მსხვერპლად მაინცდამაინც ქალწულებს

ხსოვნა. იური ჩიქოვანის მოსაგონარი

შუააზიური ტრაგედია. „ჩეკისტებმა დიდი პოეტი გამოიყენეს, მოკლეს, შემდეგ გმირად შერაცხეს“ - შაჰიმარდანი 1929 (დასასრული)

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. ახალწლის მიგებება საქართველოს სამეფო კარზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს