ავტორი:

რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი - ეს ის წყვილია, რომელზეც ძალიან ბევრ ისტორიას ყვებიან თბილისში. ისინი გამორჩეულები იყვნენ არამხოლოდ ფიზიკური სილამაზით, არამედ მათი საქმიანობით, იმ წვლილით, რომელიც ორივემ შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში.

რეზო თაბუკაშვილი - მეცნიერ-მკვლევარი, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი ქართველის შესახებ შეაგროვა მნიშვნელოვანი ცნობები. მან მოიძია და აღნუსხა სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართული რელიკვიები და გადაიღო არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს წარსულის შესახებ.

მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზის სიმბოლო, რომელმაც ერთგვარად გააგრძელა პირველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის გზა და ეკრანზე ქართველი ქალის სრულყოფას შეუწყო ხელი. მარტო მის მიერ ნათანაშები ქეთო რად ღირს ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში "ქეთო და კოტე", რომლის შესახებაც ამერიკული გამოცემა წერდა: "ქეთო და კოტე არის საამური, ცოცხალი მუსიკალური ფილმი საქართველოზე, მის მომხიბლავ ხალხზე.. ჰოლივუდს იშვიათად თუ შეუქმნია ამ მშვენიერების მსგავსი რამ"...

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე ერთმანეთს ახალგაზრდა პოეტების საღამოზე შეხვდნენ, სადაც როგორც ჰყვებიან მედეას რეზოს "მონადირის" მზერა შეუმჩნევია და ყურადღების მიღმა დაუტოვებია. მამაკაცმა ქალის ყურადღება მხოლოდ მაშინ დაიმსახურა, როცა სახლისკენ მიმავალ მედეას ლექსები წაუკითხა. როგორც ცნობილია რეზო თაბუკაშვილი პატარაობიდან წერდა ლექსებს და ზეპირად იცოდა კლასიკური პოეზიის ბევრი მარგალიტი. 1947 წელს მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და გაანაწილეს ინგლისში, თუმცა წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა, რადგან არ უნდოდა მედეასგან შორს ყოფილიყო.

სწორედ მედეა ჯაფარიძის გაცნობის შემდეგ დაიწყო რეზო თაბუკაშვილმა შექსპირის სონეტების თარგმნა ქართულ ენაზე. ეს პროცესი 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან პირველი 80 სონეტი, რომელიც ერთ-ერთ რადიოში მიიტანა ჩასაწერად, დაუკარგეს. საბოლოოდ თარგმანის პრეზენტაციაზე რეზოს მედეასთვის უთქვამს - "თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა რადგან ეს სონეტები შენ გეძღვნება, შენი ინსპირირებითაა დაწერილიო". რეზო თაბუკაშვილის მიერ ნათარგმნი ეს სონეტები, შექსპირის სონეტების ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.

საინტერესო ისტორიებს ვხვდებით, მათი რძლის, დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის მეუღლის - მედეა თაბუკაშვილის წიგნში "რეზო თაბუკაშვილი". წიგნში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იხსენებენ ამბებს რეზოსა და მედეას შესახებ.

აი, რას იხსენებდა წყვილს თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე:

"როგორი ლამაზიც იყო რეზო თაბუკაშვილი, ისეთივე ლამაზი ცხოვრების თანამგზავრი ჰყავდა. დოსტოევსკის უთქვამს: "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.." რეზოს და მედიკოსნაირ ადამიანზეა ეს ნათქვამი. ერთ სახლში მოგვცეს ბინა. ჯერ რადიატორები არ მოეწონათ კედლებზე და ჩამოხსნეს. მთელი ზამთარი ყველას გათბობა ჰქონდა და მხოლოდ ისინი იყინებოდნენ სიცივეში.

საერთოდ, სადარბაზოს კარი ბევრს ამბობს თავის პატრონზე. აი, როგორი კარი ჰქონდათ მათ: ჯერ გასაღებს ტილოს ქვეშ ინახავდნენ, მერე გასაღები დაკარგეს, აიღეს და კარზე პატარა სარკმელი ამოჭრეს, რომელშიც ხელს ჰყოფდნენ და გარედან შიგნით კეტავდნენ. პოლიტიკურ თუ შემოქმედებით კამათს ლოგინში მართავდნენ. კარს ღიას ტოვებდნენ, რომ ვინმეს მოსვლის შემთხვევაში გასაღებად არ შეწუხებულიყვნენ. ერთხელ შევედი და მედიკომ რომ დამინახა არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ მითხრა: ნათელა ძვირფასო, გაიხადე და დაწექი. იმის მაგივრად რომ ეთქვა მე ჩავიცვამ და ავდგებიო. ჩათვალა რომ დაღლილი ვიქნებოდი და დასვენება მჭირდებოდა" - იხსენებდა თეატრმცოდნე.

კინომსახიობი ელენე ასლამაზიშვილი წყვილის სტუმართმოყვარეობაზე ასეთ ამბავს იხსენებს:

"მედეა და რეზო ყოველთვის სხვას ეხმარებოდნენ. ლიძავაში, სახლის ეზოში ყოველთვის სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ერთხელ რუსი ცოლ-ქმარი შევიდა, მიუსხდნენ მაგიდას, მიირთვეს მწვადები და წასვლისას ჰკითხეს - რამდენი გადავიხადოთო... რა გადახდაზე იყო ლაპარაკი, რეზოს გაუკვირდა. გაოგნებულებმა მადლობა გადაუხადეს, იქ არ მოვხვდითო და წავიდნენ..." - იხსენებდა ასლამაზიშვილი.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილი ე.წ "ლეჩკომბინატის" საავადმყოფოში მკურნალობდა. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედეაც იმავე საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოღონდ რეზოსგან მოშორებით, სხვა პალატაში. გვერდითა პალატიდან მედეამ რეზოს წერილი მისწერა: "რეზიკო, მომწერე რამე, თორე ვიტირებ და გავიქცევი სახლში"; რეზომ კი უპასუხა: "ჩემო პაკიპუკ (ასე მიმართავდა მოფერებით), რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ?! გკოცნი ჩემო ერთადერთო, ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო..."

ეს იყო რეზო თაბუკაშვილის ბოლო წერილი მედეა ჯაფარიძისადმი. რეზო თაბუკაშვილი 1990 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ამის შემდეგ იპოვეს მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი, სახელწოდებით "შვილიშვილებს", სადაც საოცრად გულშიჩამწვდომ სტრიქონებს ვკითხულობთ:

"მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს

და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს!

ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,

დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად!

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წამებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას!

მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,

მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,

მეც გიწინამძღვრებთ, ცხოვრების გზას როცა გაყვებით,

მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით!

მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,

სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ,

მაგრამ გახსოვდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ -

თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ!

დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,

ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,

ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,

სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ!"

... მედეა ჯაფარიძე რეზოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა, 1994 წლის 31 მარტს. ორივე მათგანი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოამზადა ზაურ მირიანაშვილმა, ფოტოები: ციფრული ფოტომატიანე, დამანა მდივნიშვილის კოლექცია