ავტორი:

The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ

The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ

მარსზე, შესაძლოა, ქართული ვაზი გაშენდეს. ამის შესახებ Washington Post წერს. ინიციატივა პროექტის „მეცხრე მილენიუმი“ ნაწილია, რომელსაც საქართველოს კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს მსოფლიოს გააცნოს, რომ სწორედ ეს ქვეყანაა ღვინის სამშობლო.

„თუ ოდესმე მარსზე საცხოვრებლად გადავალთ, ამაში წვლილი საქართველომაც უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს ღვინო აჩუქეს, ახლა კი შეგვიძლია, იგივე მარსისთვისაც გავაკეთოთ,“ - ამბობს საქართველოს კოსმოსური კვლევის საგენტოს დამფუძნებელი და განათლების მინისტრის მრჩეველი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

ვაზის ჯიშის ძიება, რომელიც მარსზე გახარებას შეძლებს, 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მისი კომპანია SpaceX შეძლებს, 2024 წელს ადამიანები მარსზე გაგზავნოს.

სწორედ ეს განცხადება გახდა სტიმული საქართველოსთვის, მოეძებნათ ვაზის ჯიშები კოსმოსისთვის, თუმცა საკითხზე საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც მუშაობენ, მათ შორის - პერუ, სადაც შეძლეს, ხელოვნურად შექმნილ მარსის გარემოში კარტოფილი მოეყვანათ. ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს (NASA) უკვე აქვს მარცვლეული კულტურები, რომლებიც სამომავლოდ მარსის საერთაშორისო სადგურზე დაითესება. მუშაობენ პომიდორებისა და წიწაკების სპეციალური ჯიშების შექმნაზეც. როგორც NASA-ს კვების პროდუქტების წარმოების პროექტის მენეჯერი რალფ ფრიჩი ამბობს, კოსმოსისთვის კვების პროდუქტების წარმოება უმეტესად კალორიებზეა გათვლილი და მენიუში დღემდე არც ყურძენი და არც ღვინო შედის.

"ჩვენ, უმეტესად, ეკიპაჟის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე. ალბათ, სამომავლოდ ამ მიზნით ალკოჰოლსაც გამოვიყენებთ",“ - ამბობს ფრიჩი.

საქართველოში, ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტები ვაზს მარსის მსგავს ნიადაგში დარგავენ. პროექტზე მომუშავე გუნდი წლის დასაწყისში აპირებს თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში შექმნას ვერტიკალური ფერმა, სადაც იატაკიდან ჭერამდე განთავსებულ სათბურში ვაზის გარდა მარწყვსაც მოიყვანენ - ვიტამინებით გაჯერებულ კენკრას, რომლის გადატანაც სხვა პლანეტაზე რთული არ იქნება.

ვერტიკალური ფერმა, რომელიც ნაკლებ სივრცეს და მინიმალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, საშუალებას მისცემს მეცნიერებს დააკვირდნენ, რომელი ვაზი შეძლებს მარსის ნიადაგში არსებობას.

ასევე, როგორც Washington Post წერს, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) გეგმავს, ვიდრე ლაბორატორიაში მარსის მსგავსი გარემოს სიმულაციას მოაწყობენ, რამდენიმე სახის ნიადაგი გამოსცადონ. ლაბორატორიაში კი მცენარისთვის შექმნიან ზუსტად ისეთ პირობებს, როგორიც მარსზეა - დაბალი ტემპერატურებით, ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობით და ატმოსფეროს მაღალი წნევით. პროექტის მიხედვით, 2022 წლისათვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რომელი ქართული ჯიშის ვაზი გაშენდება და როგორი ღვინის დალევა შეიძლება მარსზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ზოგიერთები უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ, მაგრამ ქართველი მეცნიერების მტკიცებით, მარსზე თეთრი ღვინის ვაზის ჯიშები უფრო გაიხარებს.

"თეთრი ღვინის ვაზი უფრო მედეგი და გამძლეა ვირუსების მიმართ. ჩემი აზრით, თეთრი ჯიშის ვაზი რადიაციის მაღალ დონესაც ადვილად აიტანს, რადიაცია ყურძნის მარცვლის კანში ვერ შეაღწევს", - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს მეღვინეობის ლაბორატორიის დირექტორი.

ერთ-ერთი ჯიში, რომელიც მარსზე გასაგზავნად განიხილება, რქაწითელია. მისი ნაყოფისგან მაღალი მჟავიანობის ღვინო მზადდება. Washington Post აღნიშნავს, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის დროს საბჭოთა მეცნიერები რადიაციის საწინააღმდეგოდ მოსახლეობას ქართული ღვინისა და არყის დალევას ურჩევდნენ. აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მათი საბჭოელი კოლეგები სწორ რჩევას იძლეოდნენ: ქართული თეთრი და წითელი ღვინოები შეიცავენ ნივთიერება რესვერატროლს, ნატურალურ ანტიოქსიდანტს, რომელსაც შეუძლია ადამიანის უჯრედები რადიაციული დაზიანებისაგან დაიცვას.

2017 წლის გამოკვლევების თანახმად, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ 8 ათასი წლის ქვევრებში ღვინის კვალი აღმოაჩინეს.

"ეს ადასტურებს, რომ ჩვენ მარსზე ღვინის წარმოების უფლება დავიმსახურეთ", - ამბობს დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

საერთოდ კი, რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოს ნაწილი კოსმოსში მუდამ იქნება: 1977 წელს NASA-მ კოსმოსში გაუშვა ორი თანამგზავრი - კოსმოსური ხომალდები"ვოიაჯერ-1" და ვოიაჯერ-2", რომელთა ბორტზე "ოქროს ფირფიტებია" - დედამიწის ცოცხალი სამყაროს ხმები, სხვადასხვა ხალხთა ენებზე ჩაწერილი მისალმებები და მუსიკალური ნაწარმოებები.

ფირფიტებზე 27 მუსიკალურ ნაწარმოებიდან, ვოლფგანგ მოცარტსა და ჩაკ ბერისთან ერთად, ქართული საგუნდო სიმღერა "ჩაკრულოც" არის ჩაწერილი. თავის დროზე მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ითხოვდა, რომ NASA-ს რუსული სიმღერა ჩაწერილიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართული ამჯობინეს.

"ამიტომაც, ქართველებმა კოსმოსში პირველობაზე ფიქრი დავიწყეთ", - ამბობს ტელერეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, "ჩაკრულოს" გუნდის ერთ-ერთი მომღერლის შვილი. - "მეცნიერებს შთაგონება სჭირდებათ, შთაგონების წყარო კი ღვინოა. როგორც კი მარსზე ღვინო გაჩნდება, ყველა მოგვბაძავს".

"რემდესივირის" გამოცდაში ქართველი პაციენტებიც ჩაერთვებიან - "ჯერ არ არსებობს მყარი კვლევები, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში"

"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

როდის განაახლებს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას - კალაძის პასუხი